ჭადრაკი

17:07 | 10.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლონდონიდან ბათუმამდე
საჭადრაკო ოლიმპიადების ისტორია (ნაწილიXV)

XXI ოლიმპიადა

ნიცა, 1974 წლის 6 - 30 ივნისი

1974 წელს ფიდე დაარსებიდან საიუბილეო 50-ე წელს აღნიშნავდა. ფაქტი, რომ 21-ე საჭადრაკო ოლიმპიადას საფრანგეთი მასპინძლობდა, აღნიშნავდა ამ ქვეყნის უდიდეს წვლილს ჭადრაკის განვითარებაში. სწორედ 1924 წელს პარიზში დაარსდა ფიდე და ჩატარდა პირველი გუნდური ტურნირი.

ერთი კია, რომ 21-ე ოლიმპიადას საფრანგეთში ფართო რეკლამა არ ჰქონია: აფიშებიც არ დაბეჭდილა, ტურნირის მიმდინარეობასაც ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ მასმედიის საშუალებები...

ოლიმპიადა ნიცას საგამოფენო დარბაზში ჩატარდა, სადაც წარმოდგენილი იყო ცნობილი ფირმა „ლარდის“ დამზადებული სხვადასხვა საჭადრაკო კომპლექტები. იმის გამო, რომ 1924 წლის შემდეგ, საფრანგეთს არ უმასპინძლია ასეთი დიდი დონის ტურნირებისათვის, ორგანიზატორთა გამოუცდელობამ, ოლიმპიადის დაწყებისთანავე იჩინა თავი: მონაწილეთა დაბინავების მხრივ, პრობლემები შეიქმნა, თუმცა ყველაფერი მალევე დალაგდა.

ოლიმპიადაზე თამაშის სურვილი 79-მა ქვეყანამ გამოთქვა, თუმცა საფრანგეთში სხვადასხვა პრობლემების გამო ვერ ჩავიდნენ ინდოელი, პერუელი, პარაგვაელი და ბოლივიელი მოჭადრაკეები, ნიკარაგუა მხოლოდ ორი მოთამაშით ესტუმრა ნიცას და მეოთხე შესარჩევ ჯგუფში ჩილესთან განადგურების შემდეგ ასპარეზობა შეწყვიტა. ალჟირის გუნდმა დააგვიანა ჩასვლა საფრანგეთში და ცხადია, ნახევარფინალურ ეტაპზე არ დაუშვეს. ალჟირელებმა მხოლოდ ბოლო ადგილებისთვის იბრძოლეს.

ასე რომ, ოლიმპიადა 73-მა ქვეყანამ დაიწყო. ფავორიტად, რაღა თქმა უნდა საბჭოთა ნაკრები (ანატოლი კარპოვი, ვიქტორ კორჩნოი, ბორის სპასკი, ტიგრან პეტროსიანი, მიხეილ ტალი, გენადი კუზმინი) იყო, რომელმაც მთელი ტურნირი მაღალ დონეზე ჩაატარა და კვლავ ჩემპიონის ტოტული მოიპოვა - ფინალურ ჯგუფში საბჭოელებმა 46 ქულა დააგროვეს. 37,5 ქულით მეორე ადგილზე იუდოსლავიის ნაკრები (სვეტოზარ გლიგორიჩი, ლიუბომირ ლიუბოევიჩი, ბორისლავ ივკოვი, ალბინ პლანინცი, დრაგოლიუბ ველიმიროვიჩი, ბრუნო პარმა) გავიდა, ხოლო ბრინჯაოს მედალოსნების - აშშ-ს მოჭადრაკეების (ლიუბომირ კავალეკი, რობერტ ბირნი, უოლტერ ბრაუნი, სამუელ რეშევსკი, უილიამ ლომბარდი, ჯეიმს ტარჯანი) მონაგარი 36,5 ქულა იყო. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ აშშ-ს გუნდი რობერტ ფიშერის გარეშე იყო ჩასული ოლიმპიადაზე.

იმავე 1974 წლის 15 სექტემბრიდან 7 ოქტომბრამდე, კოლუმბიის ქალაქ მედელინში ქალთა მეექვსე საჭადრაკო ოლიმპიადა გაიმართა. მასში 26 ქვეყნის 77 მოჭადრაკე ასპარეზობდა. კოლუმბია ორი გუნდით იყო წარმოდგენილი, აქედან ერთი გუნდი უკონკურსოდ ასპარეზობდა.

25 გუნდი თანაბრად გაანაწილეს 5 ჯგუფში, საიდანაც ორ-ორი საუკეთესო ფინალში გადიოდა. საბჭოთა ნაკრებმა იოლად დაძლია ნახევარფინალური ეტაპი, ფინალში კი ერთი მარცხი იწვნია ჰოლანდიის ნაკრებთან (1,5:2,5) და 13,5 ქულა დააგროვა. ამდენივე ქულა აიღეს რუმინელებმა. მათ საბჭოელებთან ფრედ 1:1 ითამაშეს, ფინალურ ეტაპზე მატჩი არ წაუგიათ, მაგრამ უკეთესი კოეფიციენტი საბჭოთა ნაკრებს (ნონა გაფრინდაშვილი, ნანა ალექსანდრია, ირინა ლევიტინა) აღმოაჩნდა და პირველი ადგილი მას მიეკუთვნა. 13-13 ქულა მოაგროვეს ბულგარელებმა და უნგრელებმა, აქაც კოეფიციენტმა გაარკვია ბრინჯაოს მედალოსნის ბედი - მესამე ადგილი ბულგარეთის ნაკრებს მიეკუთვნა. დაფების მიხედვით, ნონამ 10 ქულა მოაგროვა 12 შესაძლებლიდან, ნანამ 8-დან 6,5 ქულა.

XXII ოლიმპიადა

ჰაიფა, 1976 წლის 26 ოქტომბერი - 10 ნოემბერი

1967 და 1973 წლებში ისრაელსა და არაბულ ქვეყნებს შორის საომარი მდგომარეობის გამო, რამდენიმე არაბული და სოციალისტური ბანაკის წევრ ქვეყნების უმრავლესობას დიპლომატიური ურთიერთობა არ გააჩნდათ ისრაელთან. ამ ქვეყნებმა წამოაყენეს წინადადება, არ ჩატარებულიყო ოლიმპიადა ისრაელში. ფიდეს მაშინდელმა პრეზიდენტმა მაქს ეივემ შეკითხვით მიმართა ქვეყნების საჭადრაკო ფედერაციებს,- ჩატარებულიყო საჭადრაკო ოლიმპიადა ჰაიფაში, თუ საერთოდ არ გამართულიყო ეს ტურნირი 1976 წელს.

52-მა ქვეყანამ პასუხი გაუგზავნა ფიდეს: 34 მათგანი ემხრობოდა ოლიმპიადის ჩატარებას, ხოლო 16 მათგანი წინააღმდეგი იყო. ამ გამოკითხვის შედეგებით იხელმძღვანელა ფიდემ და გადაწყვიტა ოლიმპიადის ჩატარება ისრაელში, რასაც სოციალისტური ბანაკის და კიდევ რამდენიმე ქვეყნის ბოიკოტი მოჰყვა. საბოლოოდ ჰაიფაში 48 გუნდი ჩავიდა. ფაქტობრივად, 22-ე ოლიმპიადა არ გამოვიდა "სრულყოფილი". საბოლოო შედეგებს რაც შეეხება, ოლიმპიადის გამარჯვებული აშშ-ს გუნდი გახდა, ჰოლადიელები მეორე ადგილზე გავიდნენ, ხოლო მესამეზე - ინგლისელები.

პარალელურად და სოციალისტური ბანაკის ქვეყნების გარეშე ჩატარდა ქალთე მეშვიდე ოლიმპიადა, რომელშიც 23 ქვეყნის 90 მოჭადრაკე ასპარეზობდა. მათ შორის მხოლოდ 1 დიდოსტატი და 6 საერთაშორისო ოსტატი იყო.

ქალთა ტურნირი მასპინძლებმა მოიგეს 17 ქულით. 11,5-11,5 ქულით, მეორე-მესამე ადგილებზე შესაბამისად, ინგლისელები და ესპანელები გავიდნენ. 22-ე ოლიმპიადა შავ ლაქად ჩაეწერა მსოფლიო ჭადრაკის ისტორიაში.

გაგრძელება იქნება

0.128279