ჭიდაობა

13:00 | 5.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

14 მედალი ერთ დღეში

თბილისის ოლიმპიური სასახლე ვახტანგ ბალავაძისა და გივი კარტოზიას სახელობის საერთაშორისო ტურნირს – გრან პრის მასპინძლობს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში. პირველი მედლები 4 ივლისს გათამაშდა და საქართველოს ანგარიშზე 5 ოქრო, 2 ვერცხლი და 7 ბრინჯაოა.

თავისუფალ ჭიდაობაში ხუთ წონით კატეგორიაში შეივსო საპრიზო სამეულები და აქედან სამში პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე საქართველოს ნაკრების წევრები ავიდნენ – ბექა ლომთაძე (61 კგ), ზურაბ იაკობიშვილი (70 კგ) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ). განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო იაკობიშვილის ტრიუმფი. გადამწყვეტ ბრძოლაში მან რუსეთის ნაკრების წევრს, ოლიმპიურ ჩემპიონ სოსლან რამონოვს 3:2 მოუგო.

ბექა ლომთაძემ ფინალში 10:0 დაამარცხა უზბეკი აბოს რახმანოვი, გენო პეტრიაშვილმა უკრაინელ ოლექსანდრ ხოციანოვსკის სძლია - 5:2.

გიორგი იანტბელიძის გაწვრთნილი გუნდიდან გუშინ მედლები გიორგი რევაზიშვილმა (61 კგ) და ირაკლი მწითურმაც (92 კგ) მოიპოვეს - ორივემ მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.

ქართველ ბერძენ-რომაელთაგან გრან პრი წაუგებლად ჩაამთავრეს გიორგი ხუჭუამ (72 კგ) და ლაშა გობაძემ (82 კგ).

ხუჭუამ ფინალში საფრანგეთის ნაკრების წევრ ერიკ ნიკოგოსიანს აჯობა (10:2), ხოლო გობაძემ სომეხ ედუარდ სარგსიანს (7:5).

ლაშა მარიამიძე (63 კგ) და რევაზ ნადარეიშვილი (97 კგ) ფინალამდე მივიდნენ და ჩემპიონობამდე თითო ნაბიჯი დააკლდათ. ლევან ქავჟარაძემ (63 კგ), ზურაბ დათუნაშვილმა, გელა ბოლქვაძემ (ორივე 82 კგ), გიორგი მელიამ და ალექსანდრე ლოდიამ (ორივე 97 კგ) კი ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

დღეს თბილისურ ხალიჩაზე ორივე საჭიდაო სტილში მედლების დარჩენილი ხუთ-ხუთი კომპლექტი გათამაშდება. საქართველოს ნაკრებს კი სამი ოქროს შანსი აქვს. აქედან ერთი უკვე განაღდებულია, რადგან თავისუფალ ჭიდაობაში 97 კილოგრამის ფინალში ერთმანეთს ელიზბარ ოდიკაძე და გივი მაჭარაშვილი დაუპირისპირდებიან. ასევე თავისუფალში, საბა ჩიხრაძე (86 კგ) საჩემპიონო ბრძოლაში თურქ ფათიჰ ერდინს შეხვდება. ბერძენ-რომაელთა კონკურენცია კი მძიმე წონის (130 კგ) ფინალით დაგვირგვინდება, სადაც ზვიად პატარიძე ოლიმპიურ პრიზიორს, რუს სერგეი სემენოვს დაეჭიდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116055