ფეხბურთი

12:53 | 2.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბრაზილია - ფავორიტების იმიჯის დასაცავად

მსოფლიოს ჩემპიონატზე მერვედფინალური ეტაპი გრძელდება. დღეს, კიდევ ორი მეოთხედფინალისტი გაირკვევა. თავდაპირველად, ერთმანეთს ბრაზილიისა და მექსიკის ნაკრებები დაუპირისპირდებიან.

ბრაზილია ერთ-ერთი გამოკვეთილი ფავორიტია. თუმცა, “სელესაოს” ყურადღებით ყოფნა მართებს, რადგან მიმდინარე პირველობაზე უკვე გამოჩნდა, რომ ფავორიტის სტატუსი არაფერს ნიშნავს. ტიტეს გუნდი ჯგუფურ ეტაპზე დამაჯერებელი იყო და მერვედფინალში 7 ქულით უპრობლემოდ გავიდა. თუმცა, დღეს ბრაზილიის ნაკრები ერთ-ერთ ლიდერს, მარსელოს მოისაკლისებს, რომელმაც სერბეთთან მატჩში ტრავმა მიიღო.

თავის მხრივ, მექსიკამაც ჩინებულად დაიწყო ტურნირი და პირველივე ტურში გერმანია ჩინებულ სტილში დაამარცხა. მიუხედავად ამისა და მიუხედავად იმისა, რომ “აცტეკებმა” მეორე ტურში სამხრეთ კორეასაც აჯობეს, მექსიკამ მეწვის ხიდზე გაიარა – ბოლო ტურში შვედეთთან უშანსოდ დამარცხდა (0:3) და პლეი-ოფში გასვლის საფრთხე დაემუქრა. ბედად, სამხრეთ კორეამ გერმანია დაამარცხა და მექსიკელებიც ამის წყალობით გავიდნენ პლეი-ოფში.

ისტორია

ბრაზილიისა და მექსიკის ნაკრებები აქამდე 4-ჯერ შეხვედრილან ერთმანეთს. სამხრეთ ამერიკელები დიდ უპირტესობას ფლობენ: 23 მოგება, 7 ფრე, 10 წაგება. ბოლო დაპირისპირება 2015 წელს შედგა და ამხანაგურ მატჩში ბრაზილიამ 2:0 მოიგო. იქამდე, 2014 წლის მუნდიალზე, ჯგუფში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და გოლი არ გასულა. მექსიკამ ბრაზილიელთა ძლევა ოფიციალურ შეხვედრაში ბოლოს 2007 წელს მოახერხა, როდესაც კოპა ამერიკაზე 2:0 დაამარცხა. ამავე ტურნირზე, 2005 წელსაც მექსიკელებმა იმძლავრეს (1:0), ხოლო 2013 წელს, ასევე კონფედერაციათა თასზე “სელესაომ” იმარჯვა (2:0).

გაყვითლებული ფეხბურთელები

კაზემირო, კოუტინიო და ნეიმარი თუ დღეს ყვითელ ბარათს მიიღებენ, მეოთხედფინალს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებენ. შესაბამისად, მათ ფრთხილად თამაში მართებთ. მექსიკელთა რიგებში იგივე საფრთხის წინაშე მორენო, ერერა, გალიარდო და ლაიუნი იმყოფებიან.

იცით თუ არა რომ...

ბრაზილია ზედიზედ მე-13-ედ გავიდა პლეი-ოფში და ეს რეკორდია.

მსოფლიოს ჩემპიონატზე მექსიკას სამხრეთ ამერიკის წარმომადგენელი ერთადერთხელ ჰყავს დამარცხებული – 2002 წელს, ეკვადორი (2:1).

უშუალოდ მსოფლიოს ჩემპიონატზე ეს გუნდები ერთმანეთს 4-ჯერ შეხვედრილან და ბრაზილიას მექსიკისგან გოლი არ გაუშვია – 3 მოგება, 1 ფრე, 11 გატანილი და არცერთი გაშვებული გოლი.

სავარაუდო შემადგენლობა:

სამარა, 18:00 საათი

ბრაზილია (4-2-3-1): ალისონი; ფაგნერი, ტიაგო სილვა, მირანდა, ფილიპე ლუისი; კაზემირო, პაულინიო; ვილიანი, კოუტინიო, ნეიმარი; გაბრიელ ჟესუსი

მექსიკა (4-3-3): ოჩოა; ლაიუნი, აიალა, სალსედო, გალიარდო; ერერა, ჯონათან დოს სანტოსი, გუარდადო; ველა, ჩიჩარიტო, ლოსანო

მსაჯი: ჯანლუკა როკი (იტალია)

ტიტე (ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელი): “ნეიმარმა სერბეთთან ძალიან კარგად ითამაშა და ეს უკვე ვთქვი. ის ყველაფერს აკეთებს, რომ შეერწყას ჩვენს ტაქტიკას, ბურთთან ერთად დიდი დრო გაატაროს და დრიბლინგი განახორციელოს. მარსელო? მას ფილიპე ლუისი ჩაანაცვლებს. მარსელო კარგადაა, მაგრამ 90 წუთის სათამაშოდ მზად არაა”.

ხუან კარლოს ოსორიო (მექსიკის ნაკრების მწვრთნელი): “იმედი მაქვს, რომ ბრაზილიას წინააღდეგობას გავუწევთ. ეს გუნდი ერთ-ერთი საუკეთესოა მოცემულ მომენტში. ჩვენ გვყავს კარგი ფეხბურთელები და ვიმედოვნებ, ზეწოლას გაუძლებენ”.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.138191