კალათბურთი

21:36 | 29.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

ილიას ზუროსი: "კალათბურთში არსებობს ცუდი და კარგი მომენტები, ჩვენთვის დღეს ცუდი მომენტი იყო"

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა სერბეთთან (50:87) მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა და მედიის წარმომადგენლების კითხვებს უპასუხა.

ზუროსმა მადლობა გადაუხადა, გუნდსა და გულშემატკივარს. ამასთან, დასძინა, რომ გუნდს დიდი მოსამზადებელი დრო არ ჰქონია და სერბეთი ძალიან ძლიერი გუნდია, მაგრამ საქართველოს ნაკრების თამაშში აგრესია არ იგრძნობოდა.

"პირველ რიგში მადლობა გულშემატკივრებს, მადლობა გუნდს და მადლობა ქვეყანას, რომელიც გვერდში დაგვიდგა. ეს კალათბურთია, სადაც არსებობს ცუდი და კარგი მომენტები, ორი გუნდიდან ყოველთვის ერთი იგებს. სამწუხაროდ, დღეს, ჩვენთვის ცუდი მომენტი იყო.

რაც შეეხება დღევანდელ მატჩს, ჩვენი მოთამაშეებს მოსამზადებლად დიდი დრო არ ჰქონდათ. ამ მატჩში ითამაშა თორნიკე შენგელიამ, რომელსაც ძალიან დატვირთული სეზონი ჰქონდა და გადაღლილია, ძნელია ასეთი რთული განრიგის შემდგომ სანაკრებო თამაშებზე გადაერთო. სანაძემ და ციცნაძემ საერთოდ პირველად ითამაშეს მას შემდეგ, რაც ტრავმა მიიღეს და ფორმაში არ იყვნენ.

მამუკელაშვილმა პირველად ითამაშა და მას ძალიან კარგი მომავალი აქვს, შეუძლია კარგი კარიერა ჰქონდეს. იგივე შემიძლია ვთქვა რატი ანდრონიკაშვილზე, რომელიც ძალიან ახალგაზრდაა და მასაც შეუძლია დიდი კალათბურთის თამაში.

ზაზამ და ვიქტორმა დაასრულეს სანაკრებო კარიერა, მანუჩარს ტრავმა აქვს. აქედან გამომდინარე, ახალგაზრდა კალათბურთელების ნდობა აუცილებელია, რადგან მათ უნდა შეცვალონ ვეტერანები.

სერბეთი ძალიან ძლიერი გუნდია, რომელსაც მაღალი დონის მოთამაშეები ჰყავს. თუმცა, ასეთი ანაგრიშით არ უნდა წაგვეგო, აგრესია ვერ გამოვალინეთ თამაშში. შეცდომებს გავაანალიზებთ და შემდეგი მატჩისთვის მოვემზადებით”, - განაცხადა ზუროსმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის დასკვნით შეხვედრას 2 ივლისს, თბილისში, ავსტრიის ნაკრებთან ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.067246