ფეხბურთი

11:00 | 28.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა წყევლა

გერმანიის ნაკრები, მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი ჯგუფში ჩარჩა. ეს სიახლეა “ბუნდესნაკრებისთვის”, რომელმაც პირველად ვერ გააღწია მუნდიალის პლეი-ოფში, თუმცა ახალი არაფერი მომხდარა მოქმედ ჩემპიონისთვის.

მეტიც, შეიძლება ითქვას, უკვე გარდაუვალიც გახდა, მოიგო მუნდიალი და 4 წლის თავზე ფიასკო განიცადო. რატომ? – ბოლო 5 ჩემპიონიდან 4 ჯგუფში ჩარჩა!

ყველაფერი საფრანგეთის ნაკრებით დაიწყო. “მამლებმა” 1998 წელს იჩემპიონეს სამშობლოში, ხოლო 2002 წელს ტურნირს უმთავრესი ფავორიტის სტატუსით ეწვივნენ. მაგრამ, “სამფეროვნებს” აზიაში კრახი ელოდათ. 3 თამაშში საფრანგეთმა 1 ქულა მოიპოვა, გოლიც ვერ გაიტანა და ბუნებრივია, რომ ჯგუფში ბოლო ადგილზე გავიდა.

საფრანგეთი – სენეგალი 0:1

საფრანგეთი – ურუგვაი 0:0

დანია – საფრანგეთი 2:0

იგივე ისტორია გადახდა თავს იტალიის ნაკრებს. “სკუადრა აძურამ” 2006 წელს გერმანიაში ტრიუმფით ითამაშა, ხოლო ოთხი წლის თავზე ფიასკო განიცადა. 2010 წლის მუნდიალზე იტალიამ მოახერხა და ჯგუფში ბოლო პოზიციაზე გავიდა. გადამწყვეტი გამოდგა მესამე ტურის შეხვედრა სლოვაკეთის ნაკრებთან, რომელიც 2:3 წააგო. ამ მატჩში “სკუადრა აძურას” ქულა რომ აეღო, სამი ფრით ჯგუფიდან გადიოდა, (თანაბარ ქულებს დააგროვებდა ახალ ზელანდიასთან ერთად, მაგრამ ბურთების უკეთესი ბალანსის წყალობით, მეტი გატანილი გოლით მერვედფინალში იტალია გავიდოდა) მაგრამ დამარცხდა და ტურნირს დაემშვიდობა.

იტალია – პარაგვაი 1:1

იტალია – ახალი ზელანდია 1:1

სლოვაკეთი – იტალია 3:2

მერე ესპანეთის ჯერი დადგა. “ფურია როხა” ფეხბურთში 2008-2012 წლებში დომინირებდა და ბუნებრივია, რომ 2014 წლის მუნდიალზე გამორჩეულ ფავორიტად მიიჩნეოდა. თუმცა, ვისენტე დელ ბოსკეს გუნდს წინ სრული კოშმარი ელოდა. პირინელებმა სასტარტო ორი მატჩი უშანსოდ წააგეს დ მართალია ბოლო ტურში მოიგეს, მაგრამ ეს მხოლოდ მესამე ადგილისთვის იყო საკმარისი.

ესპანეთი – ჰოლანდია 1:5

ესპანეთი – ჩილე 0:2

ავსტრალია – ესპანეთი 0:3

ახლა კი, გერმანიის ნაკრები. “ბუნდესნაკრებსაც” ბოლო პოზიცია ხვდა ქვეჯგუფში. იოაჰიმ ლიოვის გუნდმა ერთადერთი გამარჯვება ბოლო წამებზე მოიპოვა, ხოლო დანარჩენი ორი შეხვედრა წააგო და გერმანული ფეხბურთის ისტორიაში მუნდიალზე ყველაზე ცუდი შედეგი დააფიქსირა.

გერმანია – მექსიკა 0:1

გერმანია – შვედეთი 2:1

სამხრეთ კორეა – გერმანია 2:0

აქვე იმასაც გეტყვით, რომ ბოლო 5 მსოფლიო ჩემპიონატიდან ერთადერთი გამონაკლისი, როდესაც მოქმედი ჩემპიონი ჯგუფში არ ჩარჩენილა, 2006 წელს იყო. მაშინ ამ სტატუსს ბრაზილიის ნაკრები ატარებდა, რომელიც 12 წლის წინ, მეოთხედფინალამდე მივიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118357