ჭადრაკი

16:29 | 23.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლონდონიდან ბათუმამდე
საჭადრაკო ოლიმპიადების ისტორია (ნაწილიXII)

მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის 23 სექტემბრიდან 6 ოქტომბრამდე ბათუმი გრანდიოზულ ღონისძიებას - მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადას მასპინძლობს, რომელიც რიგით 43-ეა. სპორტის მოყვარულებისთვის ინტერესმოკლებული არ იქნება ოლიმპიადების ისტორია.

XV ოლიმპიადა

ოქროს ქვიშები, 1962 წლის 16 სექტემბერი - 10 ოქტომბერი

ბოლო ოლიმპიადაზე ბულგარელი მოჭადრაკეების წარმატებების ფონზე, ფიდემ გადაწყვიტა, სწორედ ამ ქვეყანას მინიჭებოდა მე-15 ოლიმპიადის მასპინძლობის უფლება. ბულგარეთის ჭადრაკის ფედერაციის მიერ გამოცხადებულ ქვეყნის შიდა კონკურსში ორი პრედენტენტი იყო: სოფია და შავიზღვისპირა კურორტი ოქროს ქვიშები. საბოლოოდ, გადაწყდა, რომ ეს უკანასკნელი უმასპინძლებდა ტურნირს.

ოლიმპიადაზე ჩასვლის სურვილი 39-მა ქვეყანამ გამოთქვა. გუნდები 4 ნახევარფინალურ ჯგუფში გაანაწილეს. ბოლო მომენტში ინდონეზიამ და ეკვადორმა უარი თქვეს მონაწილეობაზე. სამაგიეროდ, პირველად მიავლინეს დელეგაციები თურქეთმა და კვიპროსმა. ოლიპპიადისთვის ფიდემ პირველად შემოიღო წესი, - ყაიმი 30 სვლამდე არ უნდა დაფიქსირებულიყო. ბევრი ფიქრობდა, რომ ეს კონფლიქტებს გამოიწვევდა, მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა და არც ყაიმით დასრულებული პარტიების რაოდენობა შემცირებულა.

პირველ ნახევარფინალურ ჯგუფში აშკარა ფავორიტი იყო საბჭოთა ნაკრები (მიხეილ ბოტვინიკი, ტიგრან პეტროსიანი, ბორის სპასკი, პაულ კერესი, ეფიმ გელერი და მიხეილ ტალი), რომელმაც ყველა მეტოქე დაჯაბნა, მათ შორის გერმანიის ფედერაციული და დემოკრატიული რესპუბლიკების გუნდები. მოკლედ, ეს იყო საბჭოთა მოჭადრაკეთა ერთგვარი „მოთელვა“ ფინალური ეტაპის წინ. გერმანელებმა (გფრ და გდრ) ერთმანეთთან ფრედ ითამაშეს და ისინიც გავიდნენ შემდეგ ეტაპზე.

მეორე ჯგუფიდან აშშ-ს, ბულგარეთისა და რუმინეთის ნაკრებებმა მოიპოვეს საგზურები.

მესამე ჯგუფიდან უპრობლემოდ გავიდა იუგოსლავიის ნაკრები, დანარჩენი ორი საგზურისთვის კი მძაფრი კონკურენცია მიმდინარეობდა ჰოლანდიის, პოლონეთისა და ჩეხოსლოვაკიის გუნდებს შორის. ჰოლანდიელებმა ტურნირი მძიმედ დაიწყეს, შემდეგ დასახმარებლად მაქს ეივე ჩაფრინდა პოლონელებთან გადამწყვეტი მატჩის წინ. ჰოლანდიელებმა მეტოქე 4:0 გაანადგურეს. საბოლოოდ, სამივე კონკურენტს ქულათა თანაბარი რაოდენობა დაუგროვდათ - 25-25. უკეთესი კოეფიციენტის წყალობით, ფინალში ჰოლანდიელები და ჩეხოსლოვაკიელები გავიდნენ.

მეოთხე ჯგუფიდან ფინალისტებს არგენტინის, უნგრეთისა და ავსტრიის ნაკრებები შეუერთდნენ.
ფინალურ ეტაპზე საბჭოთა ნაკრებს არ გამოუვიდა სოლიდური სტარტი. მოკრძალებულად იგებდნენ თამაშებს. ამიტომ იყო, რომ 4 ტურის შემდეგ სამხელისუფლიანობა სუფევდა - საბჭოელებს, გფრ-სა და იუგოსლავიელებს 10-10 ქულა ჰქონდათ. მათ ნახევარი ქულით ჩამორჩებოდა აშშ-ს გუნდი. მე-5 ტურიდან კი საბჭოთა მოჭადრაკეები ჩვეული დამაჯერებლობით ათამაშდნენ და ტურნირის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე მიუღწეველნი აღმოჩნდნენ მეტოქეთათვის.

დიდი ინტერესი გამოიწვია საბჭოთა და აშშ-ს ნაკრებთა შეხვედრამ, განსაკუთრებით, ბოტვინიკისა და რობერტ ფიშერის დაპირისპირებამ. დარბაზში ტევა არ იყო. პარტია ყაიმით დასრულდა, საერთო ანგარიში კი 2,5:1,5 დაფიქსირდა საბჭოელთა სასარგებლოდ.

იუგოსლავიელები მეორე ადგილზე გავიდნენ. საინტერესოა, რომ ამ ქვეყნის წარმომადგენელმა გლიგორიჩმა აშშ-სთან მატჩში, თავის დაფაზე ფიშერს მოუგო. ამერიკელები საპრიზო ადგილების მიღმა დარჩნენ: მათ არგენტინელებმაც გადაუსწრეს.

ქალთა მეორე საჭადრაკო ოლიმპიადა

1963 წელს, 22 სექტემბრიდან 10 ოქტომბრამდე იუგოსლავიის ქალაქმა სპლიტმა ქალთა შორის მეორე საჭადრაკო ოლიმპიადას უმასპინძლა. სულ 15 გუნდი მონაწილეობდა. საბჭოთა ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილი ედგა სათავეში. მასთან ერთად გუნდის ღირსებას ტატიანა ზატულოვსკაია და კირა ზვორიკინა იცავდნენ.

ნონამ ბრწყინვალედ იასპარეზა: 12 პარტიიდან 11 მოიგო და მხოლოდ ერთი დაასრულა ყაიმით. მან დიდი წვლილი შეიტანა საბჭოთა ნაკრების საბოლოო გამარჯვებაში: გუნდმა 15 მატჩიდან 13 მოიგო (მათ შორის 11 მშრალად 2:0), ხოლო იუგოსლავიისა და გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის გუნდებთან ფრედ ითამაშა. საბოლოოდ ნონამ და მისმა გუნდმა 25 ქულა მოაგროვა. გამარჯვებულებს ნახევარი ქულით ჩამორჩა იუგოსლავიის გუნდი, ხოლო მესამე ადგილზე გასულმა გდრ-ს ნაკრებმა 21 ქულა მოაგროვა.

XVI ოლიმპიადა

თელ-ავივი, 1964 წლის 2 - 25 ნოემბერი

თელ-ავივში, ოლიმპიადაზე უკვე 50 გუნდი ჩავიდა, რომლებიც 7 ნახევარფინალურ ჯგუფში გაანაწილეს. 6 ჯგუფში 7-7 გუნდი იყო, ხოლო ერთში - 8.

ჩემპიონ საბჭოთა ნაკრების შემადგენლობა ასე გამოიყურებოდა: ტიგრან პეტროსიანი, მიხეილ ბოტვინიკი, ვასილი სმისლოვი, პაულ კერესი, ლეონიდ შტეინი და ბორის სპასკი. ცხადია, ეს გუნდი კვლავ ფავორიტი იყო, აკი ისევ „გაისეირნა“ პირველ ქვეჯგუფში: 6 თამაშიდან 5 მათგანი მშრალად - 4:0 მოიგო, მხოლოდ ნახევარი ქულა დაუთმო ესპანეთის გუნდს, რომელიც ამავე ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა.

ფინალურ ეტაპზე, მათ მეორე ჯგუფიდან შეურთდნენ იუგოსლავიელები და ჰოლანდიელები, მესამედან - უნგრელები და მასპინძელი ისრაელის გუნდი.

მეოთხე ნახევარფინალურ ჯგუფში დამაჯერებლად იასპარეზა აშშ-ს გუნდმა: ყველა მატჩი მოიგო და 21 ქულა დააგროვა. ჯგუფში მეორე გამსვლელი ადგილი პოლონელებმა დაიკავეს.

მეხუთე ჯგუფში ქულათა თანაბარი რაოდენობით (18-18) პირველ-მეორე ადგილები დაიკავეს და ფინალური ეტაპის საგზურები მოიპოვეს რუმინელებმა და ჩეხოსლოვაკიელებმა.

მეექვსე ჯგუფიდან ფინალისტებს არგენტინელები და კანადელები შეუერთდნენ, ხოლო მეშვიდედან - ბულგარელები და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის წარმომადგენლები.

ფინალურ ეტაპზე საბჭოთა ნაკრებმა მხოლოდ ერთი მარცხი განიცადა: გფრ-ს გუნდთან (1:3), იუგოსლავიისა და პოლონეთის ნაკრებებთან ფრედ ითამაშეს (2:2), დანარჩენი შეხვედრები კი მოიგეს. საბოლოოდ საბჭოთა ნაკრებმა 36 ქულით პირველი ადგილი დაიკავა და 4,5 ქულით გაუსწრო იუგოსლავიის გუნდს. გერმანელი მოჭადრაკეები მესამეზე გავიდნენ 30,5 ქულით.

აშშ-ს ნაკრები მხოლოდ მე-6 ადგილს დასჯერდა. საინტერესოა , რომ საბჭოთა ნაკრებმა აშშ-ს გუნდი მშრალი ანგარიშით დაამარცხა 4:0. ამ ოლიმპიადაზე აშშ-ს ნაკრების შემადგენლობაში რობერტ ფიშერს არ უთამაშია.

გაგრძელება იქნება

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.144153