ფეხბურთი

21:30 | 21.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

საფრანგეთი მერვედფინალში გავიდა, პერუს პრესტიჟის მატჩი ელის

საფრანგეთის ეროვნულმა ნაკრებმა 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალის საგზური მოიპოვა. "მამლებმა" C ჯგუფში მეორე შეხვედრა პერუსთან ჩაატარეს და კილიან მბაპეს მიერ გატანილი გოლის წყალობით 1:0 დაამარცხეს. შედეგად, დიდიე დეშამის გუნდმა ორი მატჩის შემდეგ ექვსი ქულა მოაგროვა და გახდა მესამე ნაკრები რუსეთის და ურუგვაის შემდეგ, რომელმაც საუკეთესო 16 გუნდს შორის ადგილი მიიღო.

შეხვედრაში უფრო სანახაობრივი პირველი ტაიმი იყო, როდესაც ანტუან გრიზმანმა რამდენჯერმე სცადა მეტოქის კარის დალაშქვრა. ასევე, თავის გამოჩენა უნდოდა პოლ პოგბას შორიდან დარტყმით, თუმცა არაფერი გამოუვიდა. რაფაელ ვარანისაც ჰქონდა შანსი, როდესაც კუთხურიდან მოწოდებულ ბურთს თავით შეწვდა და კარს ააცილა. მბაპეს გოლის გატანამდე პაოლო გერეროს ჰქონდა შესაძლებლობა ანგარიშის გახსნის, როდესაც საჯარიმოში ერთი მოძრაობით სამუელ უმტიტი მოატყუა და ძლიერად დაარტყა, თუმცა უგო ლორისმა პოზიცია კარგად შეარჩია და ფეხით მოიგერია.

აღნიშნული მომენტების შემდეგ, საფრანგეთმა ზეწოლა გააძლიერა, ჯერ პოგბამ 31-ე წუთზე უპასა მბაპეს, ამ უკანასკნელმა კი ქუსლით ვერ გაიტანა, თუმცა სამ წუთში ოლივიე ჟირუს აქტიურობის შედეგად გოლი გავიდა - "ჩელსის" თავდამსხმელმა კარში დარტყმა სცადა და მას პერუელი გადაეღობა, ბურთმა კი მიმართულება შეიცვალა და კარისკენ წავიდა, სადაც პსჟ-ს შემტევი დახვა და იოლად გააგორა

მეორე ნახევარი პერუელთა უპირატესობით დაიწყო და უმეტესწილად ბურთი სამხრეთამერიკელებს ჰქონდათ. საფრანგეთი თავს კარგად იცავდა და კონტრშეტევებსაც ახორციელებდა. პედრო აკინომ "მამლების" კარის დალაშქვრა შორიდან ორჯერ სცადა, თუმცა არაფერი გამოუვიდა. ერთხელ კარილიო შევიდა საჯარიმოში და შეცვლაზე შემოსულ ჯეფერსონ ფარფანს არაზუსტი გადაცემა გაუკეთა. საბოლოოდ პერუმ ვერ შეძლო ქულის მოპოვება და მუნდიალზე კიდევ მხოლოდ ერთ შეხვედრას ჩაატარებს.

ორ-ორი მატჩის შემდეგ C ჯგუფში ექვსი ქულა საფრანგეთს აქვს, ხოლო მეორე ადგილზე დანიაა (4 ქ). პერუ კი 36 წლის შემდეგ დაუბრუნდა მუნდიალს და წარუმატებლად ითამაშა, ორივე შეხვედრაში გუნდმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა, მომენტებს ქმნიდა, თუმცა გოლი ვერ გაიტანა. ბოლო შეხვედრას რიკარდო გარეკას გუნდი ავსტრალიის ნაკრებთან გამართავს და შეეცდება მუნდიალი უქულოდ არ დატოვოს.

აღნიშნულ მატჩი რამდენიმე საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა. კილიან მბაპე გახდა საფრანგეთის ნაკრების ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი (19 წელი და 6 თვე), რომელმაც ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატზე გოლის გატანა მოახერხა. უგო ლორისმა კი "მამლების" რიგებში მე-100 მატჩი ჩაატარა და ამ მაჩვენებლით მეშვიდეა. ასევე, 1978 წელს არგენტინასთან წაგების შემდეგ, საფრანგეთის ნაკრებმა მერვე შეხვედრა ჩაატარა სამხრეთამერიკულ გუნდთან და დღემდე წაუგებლად თამაშობს (4 მოგება, 4 ფრე).

საფრანგეთი - პერუ 1:0 (1:0)

ეკატერინბურგი, "ეკატერინბურგ არენა"

საფრანგეთი (4-3-3): ლორისი; პავარი, ვარანი, უმტიტი, ერნადესი; პოგბა (ნზონზი 89), კანტე, მატუიდი; გრიზმანი (ფეკირი 80), ჟირუ, მბაპე (დემბელე 75)

მწვრთნელი: დიდიე დეშამი

პერუ (4-3-3): გალესე; როდრიგესი (სანტამარია 46), რამოსი, ადვინკულა, ტრაუკო; კუევა (რუიდიასი 82), იოტუნი (ფარფანი 46), აკინო; კარილო, გერერო, ფლორესი

მწვრთნელი: რიკარდო გარეკა

გოლი: 1:0 მბაპე (34)

გაფრთხილება: მატუიდი (16), გერერო (23), აკინო (81), პოგბა (86)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმა 12(4) - 10(2): ბურთის ფლობა 44%-56%: კუთხურები 5-3: თამაშგარე 0-1;

მსაჯი: მოჰამედ აბდულა მოჰამედი (არაბეთის გაერთიანებული საამიეროები)

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: კილიან მბაპე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114785