ფეხბურთი

13:55 | 20.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

მეტოქის წარდგენა: ევროპას გაშინაურებული "შერიფი"
ტირასპოლის "შერიფი"

საქართველოს ჩემპიონ ქუთაისის “ტორპედოს” ჩემპიონთა ლიგაზე მეტოქედ ტირასპოლის “შერიფი” რომ ერგო, უკვე გეცოდინებათ. ამ წერილით კი, ვეცდებით, იმერელთა მომავალი მეტოქე უფრო ახლოს გაგაცნოთ.

ისტორია

“შერიფის” ისტორია სულ რაღაც 21 წელს იტევს, მაგრამ წარმატებებით აღსავსეს. ტირასპოლური კლუბი 1997 წელს დაარსდა და მოლდოვაში საუკეთესო გუნდის სახელი მალევე დაიგდო. ხსენებულ დროში შერიფი 16-ჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი. 2001 წლიდან “შერიფი” ჩემპიონი ოდენ 2011 და 2015 წლებში ვერ გახდა.

გარდა ამისა, 9-ჯერ მოიგო მოლდოვის თასი და 7-ჯერ მოლდოვის სუპერთასი. საგულისხმოა, რომ ქვეყნის მასშტაბით ჩემპიონობა, თასიც და სუპერთასიც სარეკორდოდ აქვს მოგებული.

ევროპული ისტორია

ტირასპოლის “შერიფი” 2001-2009 წლების სეზონში მიჯრით მონაწილეობდა ჩემპიონთა ლიგაზე, მაგრამ მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი ერთხელაც ვერ გადალახა. სამაგიეროდ, გუნდმა წარმატებას უკვე მიაღწია ევროპა ლიგაზე, სადაც ოთხჯერ ითამაშა ჯგუფურ ეტაპზე!

პირველად ეს 2009-2010 წლების სეზონში მოხდა. თავდაპირველად “შერიფი” ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობდა, სადაც პირველ ეტაპზე ფინური “ტურკუ” დაამარცხა (1:0, 1:0), რასაც პრაღის “სლავიის” ძლევა მოჰყვა სტუმრად გატანილი გოლის წყალობით (0:0, 1:1). მოლდოველებს ჩეპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპამდე ნაბიჯი აშორებდათ, მაგრამ პლეი-ოფში “ოლიმპიაკოსთან” შანსი არ ჰქონია (0:2, 0:1). სამაგიეროდ, “შერიფმა” ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა. ტირასპოლელთა მეტოქეები ჯგუფში “ფენერბახჩე”, “ტვენტე” და “სტიაუა” გახლდათ. “სტიაუას” ორჯერ, შინ და სტუმრად დაუზავდა (1:1, 0:0), ხოლო “ფენერბახჩესთან” ასევე ორჯერ დამარცხდა (0:1, 0:1). ისტორიული, სადებიუტი გამარჯვება ევროსარბიელის ჯგუფურ ეტაპზე კი ენსხედეს “ტვენტესთან” იზეიმა საკუთარ მოედანზე – 2:0. საბოლოოდ, 6 თამაშში მოლდოვის საუკეთესო გუნდმა 5 ქულა მოიპოვა და ჯგუფში მესამე ადგილზე გავიდა.

ევროპა ლიგის ჯგუფში მოლდოვის ჩემპიონი 2010-2011 წლების სეზონშიც მოხვდა. ყველაფერი ისევ ჩემპიონთა ლიგით დაიწყო, სადაც ჯერ ტირანას “დინამო” დაამარცხა (3:1, 0:1), ხოლო მერე ზაგრების “დინამო” (1:1, 1:1) პენალტების სერიაში 6:5. პლეი-ოფი ისევ დაუძლეველი აღმოჩნდა, რადგან “ბაზელის” წინააღმდეგ ვერაფერს გახდა (0:3, 0:1). სამაგიეროდ, ისევ შეაღო ევროპა ლიგის ჯგუფის კარი...

კიევის “დინამო”, “ბატე” და “ალკმაარი” – სწორედ ამ გუნდებთან მოუწია დაპირისპირება მაშინ “შერიფს” და 5 ქულა მოიპოვა. კიევის “დინამო” შინ 2:0 დაამაცხა, ხოლო სტუმრად დაუზავდა – 0:0. კიდევ ერთი ქულა მოლდოველებმა “ალკმაართან” ირგუნეს (1:1). აი, “ბატესთან” კი ორჯერვე დამარცხდნენ.

“შერიფისთვის” წარმატებული გამოდგა 2013-2014 წლების სეზონიც. ჩემპიონთა ლიგაზე, ჯერ “სუტიესკა” დაამარცხა (1:1, 5:0), რასაც ზაგრების “დინამოსთან” უშანსო მარცხი მოჰყვა (0:1, 0:3). თუმცა, შავ-ყვითლებმა ევროპა ლიგის პლეი-ოფში გადაინაცვლეს და იქ სერბულ “ვოივოდინას” აჯობეს (1:1, 2:1). გუნდი მესამედ გავიდა ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე. ჯგუფში მოლდოვის ჩემპიონმა “ტრომსო” 1:0 დაამარცხა, ამასთან სტუმრად დაუზავდა (1:1). ორი ქულა მოიპოვა რუსულ “ანჟისთან” დუელშიც (0:0, 1:1) და მხოლოდ ლონდონის “ტოტენჰემის” ვერ გაუწია კონკურენცია (0:2, 1:2). საბოლოოდ, 6 ქულით ჯგუფური ეტაპი მესამე ადგილზე დაასრულა.

ტირასპოლის “შერიფი” ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მეოთხედ გასულ სეზონში მოხვდა. მისი ევროპული გზა კი ისევ ჩემპიონთა ლიგიდან დაიწყო, სადაც “კუკესი” დაამარცხა (1:0, 1:2), ხოლო მერე “ყარაბაღთან” დაძაბულ ბრძოლაში იწვნია მარცხი (0:0, 1:2). “ტორპედოს” მომავალმა მეტოქემ ევროპა ლიგის პლეი-ოფში გადაინაცვლა და ვარშავის “ლეგია” სტუმრად გატანილი გოლის წყალობით დაამარცხა (1:1, 0:0).

ჯგუფურ ეტაპზე კი, ჩინებულად იასპარეზა და ძალიან ახლოს იყო ისტორიაში პირველად პლეი-ოფში თამაშთან. “ზლინთან” (0:0), “კოპენჰაგენთან” (0:0) და მოსკოვის “ლოკომოტივთან” (1:1) საწყისი სამი მატჩი ფრედ დაასრულა. მერე მიჯრით ორი გამარჯვება მოიპოვა – “ლოკომოტივთან” (2:1) და “ზლინთან” (1:0). ბოლო ტურის წინ ტირასპოლელები დაუმარცხებლები იყვნენ, ხოლო ჯგუფში ასეთი სიტუაცია გახლდათ: “შერიფი” 9 ქულა, “კოპენჰაგენი” – 6. დასკვნითი მატჩი მოლდოვის ჩემპიონს სწორედ დანიაში ელოდა. მოლდოველთა სამწუხაროდ, სკანდინავიელებმა მოიგეს (2:0) და 1/16 ფინალში გასვლა ვერ შეძლეს. “შერიფი” “კოპენჰაგენს” ურთიერთშეხვედრების ცუდი ბალანსის გამო ჩამორჩა.

“შერიფის” ლეგენდა

“შერიფის” ისტორიაში გამორჩეული ადგილი უკავია ქართველს – ვაჟა თარხნიშვილს. ჩვენებური მოლდოვურ გუნდს 1999 წელს შეუერთდა და მას შემდეგ 13 წელი უერთგულა. ვაჟა წლების განმავლობაში გუნდის კაპიტანი იყო და “შერიფის” მაისურით 360 შეხვედრაში 19 გოლიც გაიტანა.

11-ჯერ გახდა მოლდოვის ჩემპიონი, 7-ჯერ თასის, ხოლო 4-ჯერ სუპერთასის მფლობელი. ამასთან, 2009-2010, 2010-2011 წლების სეზონში ორჯერ ითამაშა ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე და მაშინ “შერიფის” კაპიტანი სწორედ ქართველი ფეხბურთელი გახლდათ.

ამჟამად, ვაჟა თარხნიშვილი კლუბში გენერალური დირექტორის პოზიციაზე მუშაობს.

აწმყო

მოლდოვის ჩემპიონატი ამჟამად მიმდინარეობს და ლიდერი რა გასაკვირია, რომ “შერიფია”. გორან საბლიჩის გუნდმა 11 მატჩიდან 8 მოიგო, 2 ფრე ითამაშა და ერთხელ წააგო. 26 ქულით კი ამ დროისთვის ლიდერია. ევროსეზონს სწორედ “ტორპედოსთან” მატჩით დაიწყებს.

მწვრთნელი

“შერიფის” მთავარი მწვრთნელი გორან საბლიჩი გახლავთ. 39 წლის ხორვატი სპეციალისტი, რომელმაც კლუბი ახლახან, ორი კვირის წინ ჩაიბარა. საბლიჩი დიდი სამწვრთნელო გამოცილდებით ვერ დაიკვეხნის, რადგან აქამდე მხოლოდ “სპლიტში” (2015-2016) და “შიროკი ბრიეგში” (2017-2018) უმუშავია.

მანამდე კი საკმაოდ კარგი საფეხბურთო კარიერაც ჰქონდა. პოზიციით მცველმა მთელი კარიერა ორ გუნდში გაატარა: 1998-2002 წლებში სპლიტის “ჰაიდუკის” წევრი იყო, ხოლო 2002-2010 წლებში კიევის “დინამოს” ღირსებას იცავდა. 2002-2006 წლებში ხორვატიის ეროვნული ნაკრების ღირსება 5-ჯერ დაიცვა.

კონტიგენტი

“შერიფის” შემადგენლობა საკმაოდ დაბალანსებულია. მართალია, გუნდი ევროპაში ცნობადი ფეხბურთელებით არაა დაკომპლექტებული, მაგრამ საინტერესო კონტიგენტი ნამდვილადაა თავმოყრილი. გუნდის საუკეთესო ბომბარიდირი სიერა ლეონელი თავდამსხმელი ალჰაჯი კამარაა, რომელსაც მოლდოვის მიმდინარე ჩემპიონატში 6 გოლი აქვს გატანილი. იტალიური “ტორინოდან” იჯარით თამაშობს ვიტალი დამასჩანი და მის ანგარიშზე 4 გოლია. აქვე არიან ლეგიონერები ბრაზილიიდან (ჟაირო და კრისტიანო და სილვა). გამორჩეულია ბელგიელი ფორვარდი ზიგუ ბადიბანგა და ხორვატი მცველი ანტე კულუშიჩი.

აქვე, “შერიფის” სრული შემადგენლობა:

მეკარეები: ზვონიმირ მიკულიჩი, ნიკოლაე ჩებოტარი, სერგეი პაშენკო

მცველები: პეტრუ რაცუ, არტიომ როზგონუცი, ბენჟამინ ბალიმა, კრისტიანო და სილვა ლეიტე, მატეო სუშიჩი, ვიაჩესლავ პოსმაჩი, დომინიკ კოვაჩიჩი

ნახევარმცველები: ჟერემი დე ნოოიერი, გეორგ ოანცეა, იური კენდიში, არაზ ოზბილიზი

თავდამსხმელები: ჟერსონ როდრიგესი, ჟაირო და სილვა, აბდულ გაფარა კასუმ სინა სირიმა, ზიგუ ბადიბანგა, ალჰაჯი კამარა, ვიტალი დამასჩანი

სტადიონი

“შერიფის” საშინაო სტადიონი ტირასპოლში მდებარეობს, რომელიც 13 ათას მაყურებელზეა გათვლილი. არენა მთლიანად გუნდის ფერებშია შემოსილი (შავ-ყვითელი) და 2002 წლის ივლისში გაიხსნა.

სტადიონი უეფას სტანდარტებს აკმაყოფილებს და შესაბამისად, ევროსარბიელის მატჩებს ჩვეულებრივად მასპინძლობს. “შერიფ არენა” აღჭურვილია ინდივიდუალური დასაკეცი სავარძლებით, რომელიც გადახურულია და შესაბამისად, მაყურებელი ცუდი ამინდის დროს დისკომფორტს ნაკლებად განიცდის.

და ბოლოს, შეგახსენებთ, რომ “ტორპედო” პირველ მატჩს ქუთაისში, ხოლო საპასუხოს მოლდოვაში ჩაატარებს. ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალფიკაციო ეტაპის მატჩები 10/11 და 17/18 ივლისს შედგება. აღნიშნულ წყვილში გამარჯვებული შემდეგ ეტაპზე “ნიუ საინთსა” და “შკენდიას” შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. დამარცხებული კი, ევროპა ლიგაზე გადაინაცვლებს, სადაც ფინურ “ჰიკსა” და “ვიკინგურს” შორის დამარცხებულს შეხვდება.

Loading...
სტატისტიკა
0.237489