ფეხბურთი

10:29 | 18.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

ისტორიის ნაკვალევზე - დაცემული ჩემპიონები

მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა გერმანიის ნაკრებმა მუნდიალი მარცხით დაიწყო. “ბუნდესნაკრები” მექსიკასთან ვერაფერს გახდა და პირველი ტურის მერე უქულოდაა.

მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიას მოქმედ ჩემპიონთა წარუმატებელი სტარტი აქამდეც მრავლად ახსოვს. სწორედ ასეთ მატჩებზე ვისაუბრებთ ქვემოთ:

თუ შეიძლება ასე ითქვას, ამ საქმეში ყველაზე მოწიფული არგენტინის ნაკრებია. “ალბისელესტე” ორგზის ჩემპიონია და ორჯერვე მოქმედი ჩემპიონის რანგში საწყისი თამაში წააგო.

პირველად ეს 1982 წლის მუნდიალზე მოხდა. 13 ივნისს, ბარსელონაში სამხრეთ ამერიკელთა მეტოქე ბელგიის ნაკრები იყო და უდაო ფავორიტადაც მიიჩნეოდა. თუმცა, არგენტინამ “წითელი ეშმაკებისგან” მწარე ალიყური მიიღო – ერვინ ვანდერბერგის 62-ე წუთზე გატანილი გოლით ჩემპიონმა წარუმატებელი სტარტი აიღო. საბოლოოდ, არგენტინამ იმ ჩემპიონატზე მეორე ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა, სადაც იტალიასთან (1:2) და ბრაზილიასთან (1:3) დამარცხდა და ტურნირს დაემშვიდობა.

არგენტინა მოქმედი ჩემპიონი შეხვდა 1990 წელს, იტალიაში ჩატარებულ მუნდიალსაც და პირველი მატჩი ისევ წააგო. 8 ივნისს, მილანში, “ალბისელესტეს” მეტოქე კამერუნი იყო. რა თქმა უნდა, დიეგო მარადონა და კომპანია ერთმნიშვნელოვნად ფავორიტად განიხილებოდა, მაგრამ... ფრანსუა ომამ-ბიიკმა 67-ე წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა. საგულისხმოა, რომ მარცხის მიუხედავად, არგენტინამ წარმატებით იასპარეზა და საბოლოოდ, ფინალშიც გავიდა, სადაც გერმანიასთან დამარცხდა (0:1). შესაბამისად, ვერცხლის მედალს დასჯერდა.

აი, სულ პირველად კი, მოქმედი ჩემპიონი შორეულ 1950 წელს დამარცხდა. იტალიის ნაკრები ბრაზილიაში სწორედ ამ სტატუსით ჩავიდა (თუმცა, ჩემპიონობა 12 წლის წინათ გაეფორმებინა) და პირველსავე შეხვედრაში შვედეთთან 2:3 დამარცხდა. მართალია, “სკუადრა აძურამ” მეორე ტურში პარაგვაი დაამარცხა (2:0), მაგრამ ჯგუფური ეტაპი ვეღარ დაძლია.

იგივე გადახდა თავს საფრანგეთის ნაკრებსაც – “მამლები” 2002 წელს სეულში, 31 მაისს, სრულიად უცნობ და დებიუტანტ სენეგალს დაუპირისპირდნენ და დამარცხდნენ. პირველი ტაიმის შუაწელს პაპა ბუბა დიოპის გოლით აფრიკელებმა უდიდესი სენსაცია გამოაცხვეს. ფრანგებმა სირცხვილის ჩამოწმენდა ვერც შემდგომში შეძლეს, ჯგუფურ ეტაპზე სამ თამაშში ერთი ქულა დააგროვეს და ბუნებრივია, რომ უსახურად დატოვეს მუნდიალი.

მოქმედი ჩემპიონი 4 წლის წინაც დამარცხდა. თანაც, ალბათ, ეს იყო ყველაზე მტკივნეული წაგება ჩემპიონთა შორის. 2014 წლის, 13 ივნისს, სალვადორში, ესპანეთმა ჰოლანდიას პირველმა გაუტანა, მაგრამ მერე თავს ნამდვილი კოშმარი გადახდა. ჰოლანდიამ ოთხი წლით ადრე, ფინალში მარცხისთვის რევანში აიღო და “ფურია როხა” 5:1 გააცამტვერა. ესპანეთმა მეორე ტურშიც წააგო ჩილესთან და ბოლოს ავსტრალია კი დაამარცხა, მაგრამ ჯგუფში ჩარჩა.

და კიდევ, არ წაუგიათ პირველი თამაში, მაგრამ ვერც მოიგეს მოქმედმა ჩემპიონებმა. 1974 წელს, ბრაზილიამ იუგოსლავიასთან გაიყო ქულები (0:0), 1978 წელს, დასავლეთ გერმანია ასეთი სტატუსით პოლონეთს დაუზავდა (0:0) პირველ ტურში, 1986 წელს, იტალიამ ბულგარეთი ვერ დაამარცხა (1:1) და იმავე იტალია 2010 წელს ჩემპიონის რანგში პარაგვაის ვერ ამარცხებს (1:1).

და ბოლოს, ერთი საინტერესო დეტალიც: 2006 წელს, მსოფლიოს ჩემპიონი იტალია გახდა და 4 წლის თავზე ჯგუფში ჩარჩა. იგივე გადახდა თავს ესპანეთის ნაკრებსაც, რომელმაც 2010-ში ტრიუმფით იასპარეზა, ხოლო 2014 წელს ჯგუფური ეტაპი ვერ დაძლია...

0.154749