ჭადრაკი

18:50 | 14.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლონდონიდან ბათუმამდე
საჭადრაკო ოლიმპიადების ისტორია (ნაწილი IX)

მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის 23 სექტემბრიდან 6 ოქტომბრამდე ბათუმი გრანდიოზულ ღონისძიებას - მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადას მასპინძლობს, რომელიც რიგით 43-ეა. სპორტის მოყვარულებისთვის ინტერესმოკლებული არ იქნება ოლიმპიადების ისტორია.

X ოლიმპიადა

ჰელსინკი, 1952 წლის 10-31 აგვისტო

1952 წლიდან მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადების ისტორიაში „საბჭოთა“ ერა იწყება. საბჭოთა ჭადრაკის ფედერაცია ფიდეში 1947 წელს შევიდა, თუმცა მანამდე ამ ქვეყნის წარმომადგენელ მოჭადრაკეთა სიძლიერე ყველასათვის ნათელი იყო. მაშინდელ პრესაში ბევრს წერდნენ, რომ საბჭოთა ნაკრების გარეშე მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადები ბევრს კარგავდნენ, მით უმეტეს, რომ 1948 წელს მამაკაცებში მსოფლიოს ჩემპიონი მიხეილ ბოტვინიკი გახდა, ორი წლის შემდეგ კი ქალთა შორის უძლიერესი - ლიუდმილა რუდენკო.

გარდა ამისა, საბჭოეთის მოჭადრაკეებმა თავიანთი უპირატესობა არაერთხელ დაამტკიცეს აშშ-ს, ინგლისისა და ჩეხოსლოვაკიის ნაკრებებთან 1945-1947 წლებში ჩატარებულ ამხანაგურ მატჩებში.

ამიტომაც იყო, რომ უდიდესი ინტერესით ელოდნენ ჰელსინკში საბჭოთა მოჭადრაკეების ჩასვლას და ეს დღეც დადგა.

საბჭოთა დელეგაცია მეათე ოლიმპიადას პაულ კერესის, ვასილი სმისლოვის, დავიდ ბრონშტეინის, ეფიმ გელერის, ისააკ ბოლესლავსკისა და ალექსანდრ კოტოვის შემადგენლობით ეწვია. როგორც ხედავთ, მიხეილ ბოტვინიკიც არ იყო შემადგენლობაში, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია საბჭოთა ნაკრებისათვის ჩემპიონობის მოპოვებაში.

მონაწილე გუნდები სამ ჯგუფში გადანაწილდნენ: ორში- 8-8 გუნდი იყო, ერთ ჯგუფში - 9

ჯგუფებიდან სამ-სამი საუკეთესო გადიოდა ფინალურ ეტაპზე:

პირველი ჯგუფში არგენტინის, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისა და ჩეხოსლოვაკის გუნდებმა ერთმანეთში ფრედ ითამაშეს, დანარჩენებთან მოიგეს და ასე იოლად გავიდნენ ფინალურ ეტაპზე.

თითქმის იგივე მოხდა მეორე ჯგუფშიც, საიდანაც ფინალური ეტაპის საგზური შვედეთის, უნგრეთისა და იუგოსლავიის ნაკრებებმა მოიპოვეს.

მესამე ჯგუფში საბჭოთა მოჭადრაკეებმა მშრალად მოუგეს (4-0) ბერძნებს და პოლონელებს, 0,5-0,5 ქულა დაჰკარგეს ჰოლანდიელებთან და შვეიცარიელებთან, თითო ქულა დათმეს ამერიკელებთან და ისრაელის გუნდთან. ერთადერთი გამარჯვება საბჭოთა გუნდმა მინიმალური უპირატესობით (2.5:1,5) მოიპოვეს მასპინძელ ფინელებთან ერთად. საბჭოთა ნაკრების გარდა ფინალურ ეტაპზე აშშ-სა და ფინეთის გუნდები გავიდნენ.

ფინალური ეტაპის მესამედის შემდეგ ასეთი მდგომარეობა იყო: იუგოსლავიელებს 8.5 ქულა ჰქონდათ და ქულანახევრით უსწრებდნენ საბჭოელებს, აშშ-ს ნაკრები 6,5 ქულით მესამე საფეხურზე იმყოფებოდა. იუგოსლავიის გუნდმა უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლო, ჯერ იყო და მეხუთე ტურში არგენტინელებთან წააგო, შემდეგ კი ფრედ ითამაშა საბჭოთა ნაკრებთან. ეს უკანასკნელი მეშვიდე ტურიდან უფრო დამაჯერებლად ათამაშდა: ჯერ ფინეთის ნაკრებს სძლია 3,5:0,5, შემდეგ კი გერმანელებთან და შვედებთან ჯამში 8 შესაძლებლიდან 6,5 ქულა აიღო და მიუწვდომელი გახდა კონკურენტებისათვის.

მეორე ადგილზე არგენტინის ნაკრები(მიგელ ნაიდორფი, ხულიო ბოლბოჩანი, ერიხ ელისკაზესი, გერმან პილნიკი და ეკტორ როსეტო) გავიდა, ხოლო მესამე ადგილზე - იუგოსლავიის გუნდი (სვეტოზარ გლიგორიჩი, ბრასლავ რაბარი, პეტარ ტრიფუნოვიჩი, ვასია პირცი, ანდრია ფუდევერი, ბორისლავ მილიჩი).

XI ოლიმპიადა

ამსტერდამი, 1954 წლის 4-25 სექტემბერი.

თავიდან ცნობილი იყო, რომ მეთერთმეტე ოლიმპიადისათვის არგენტინას უნდა ემასპინძლა, მაგრამ ბოლო მომენტში ამ ქვეყნის ჭადრაკის ფედერაციამ ფიდეს აცნობა, რომ ფინანსური პრობლემების გამო ვერ ჩაატარებდა ტურნირს. ბოლოს, ტურნირის მასპინძლობა ჰოლანდიის ჭადრაკის ფედერაციამ აიღო საკუთარ თავზე.

ამსტერდამში 26 გუნდი შეიკრიბა. ფინანსების არქონის გამო ვერ ჩავიდა აშშ-ს გუნდი. 15 წლიანი შესვენების შემდეგ გამოჩნდა ბულგარეთის ნაკრები, ხოლო ტურნირის დებიუტანტი კოლუმბიის გუნდი იყო.

გუნდები 4 ჯგუფში განაწილდნენ საორგანიზაციო კომიტეტისა და მსაჯთა კოლეგიის ფარული კენჭისყრის შედეგების მიხედვით. მოხდა განთესვა.

თავიდანვე ნათელი იყო, რომ ტურნირს ისევ საბჭოთა ნაკრები მოიგებდა მიხეილ ბოტვინიკის მეთაურობით. მის გარდა გუნდის შემადგენლობაში იყვნენ ვასილი სმისლოვი, დავიდ ბრონშტეინი, პაულ კერესი,ეფიმ გელერი და ალექსანდრ კოტოვი.

მთავარი ბრძოლა საბჭოელებს ფინალური ეტაპის მეშვიდე ტურში გადახდათ არგენტინის ნაკრებთან. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია მიხეილ ბოტვინიკისა და მიგელ ნაიდორფის შეხვედრამ. მათი პირველი შეხვედრა 1948 წელს შედგა და ნაიდორფის გამარჯვებით დასრულდა, ამჯერად, ბოტვინიკმა რევანში აიღო. მატჩი საბჭოელებმა 3,5:0,5 მოიგეს. მერვე ტურში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მატჩი ელოდათ საბჭოთა მოჭადრაკეებს, ამჯერად იუგოსლავიის გუნდთან. მძიმე ბრძოლაში გამარჯვებამ (2,5:1,5) ბოტვინიკსა და მის თანაგუნდელებს გზა გაუხსნა ოქროს მედლებისაკენ.

საბჭოთა ნაკრებმა 16 მატჩიდან 14 მოიგო და 2 ფრედ დაასრულა.

მეორე ადგილზე წინა ოლიმპიადის მსგავსად არგენტინის ნაკრები გავიდა, ხოლო მესამეზე - იუგოსლავიის გუნდი.

XII ოლიმპიადა

მოსკოვი, 1956 წლის 31 აგვისტო-24 სექტემბერი

ბოლო ორი ოლიმპიადის გამარჯვებულს უკვე საკუთარ კედლებში მოუწია ასპარეზობა. მოსკოვში 34 ქვეყნის გუნდი ჩავიდა. დებიუტანტთა სიაში იყვნენ ინდოეთი, ირანი, მონღოლეთი, პუერტო-რიკო და ფილიპინები.

კვლავ უფულობის გამო, ოლიმპიადაზე ვერ გაემგზავრა აშშ-ს ნაკრები.

ტურნირს სხვადასხვა ქვეყნის 100-ზე მეტი ჟურნალისტი აშუქებდა.

გუნდები ოთხ ჯგუფში გაანაწილეს, საიდანაც სამ-სამი გამარჯვებული გადიოდა ფინალში. ცხადია, დასკვნით ეტაპზე ფავორიტები გავიდნენ. თავის ჯფუფში საბჭოთა ნაკრებმა (მიხეილ ბოტვინიკი, ვასილი სმისლოვი, პაულ კერესი, დავიდ ბრონშტეინი, მარკ ტაიმანოვი, ეფიმ გელერი) მხოლოდ ერთი პარტია წააგო. მასპინძლებთან ფინალურ ეტაპზე ბულგარელები და შვეიცარიელები გავიდნენ.

მეორე ჯგუფში თავიდანვე გაირკვა, რომ შემდეგ ეტაპზე იუგოსლავიელები და ისრაელის წარმომადგენლები გავიდოდნენ. მესამე საგზურისათვის ჰოლანდიელები და დანიელები იბრძოდნენ. საბოლოოდ დანიელებმა აჯობეს კონკურენტს.

მესამე ჯგუფიდან გავიდნენ არგენტინელები, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის წარმომადგენლები და ინგლისელები.

მეოთხე ჯგუფში დიდი მოულოდნელობა გახლდათ კოლუმბიის ნაკრების გამარჯვება გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის გუნდთან (3-1), ამ უკანასკნელმა ვერც უნგრეთის გუნდთან მოიგო და ფინალური ეტაპის მიღმა დარჩა. საგზურები საბოლოოდ რუმინელებს, უნგრელებსა და ჩეხოსლოვაკიელებს ხვდათ წილად.

ფინალურ ეტაპზე რამდენიმე მოულოდნელობა მოხდა, ჯერ იყო და შვეიცარიელებმა ჩეხოსლოვაკიელებს მოუგეს, მეორე ტურში რუმინელებმა აწვნიეს მარცხი არგენტინელ მოჭადრაკეებს.

მეოთხე ტურში ცენტრალური შეხვედრა გაიმართა საბჭოთა ნაკრებსა და უნგრეთის გუნდს შორის. თუკი აქამდე მასპინძლებს ერთი მატჩიც არ ჰქონდათ წაგებული და პირველ საფეხურზე იყვნენ, ტრადიცია ამჯერად დაირღვა - სმისლოვმა წააგო თავის დაფაზე გედეონ ბარცასთან, დანარჩენი პარტიები ყაიმით დასრულდა. საბოლოოდ, უნგრელებმა 2,5:1,5 იმარჯვებს და ლიდერებს დაეწივნენ, თუმცა შემდეგ, წაიფორხილეს და კვლავ ჩამორჩნენ.

მეშვიდე ტურიდან საბჭოთა ნაკრები უკვე ჩემპიონისებურად ათამაშდა: დიდი ანგარიშით დაამარცხა ჩეხოსლოვაკიის გუნდი, ხოლო მასპინძელთა უშუალო კონკურენტმა - იუგოსლავიის გუნდმა ფრედ დაასრულა მატჩი რუმინეთის ნაკრებთან.

საბჭოთა ნაკრებისა და იუგოსლავიის დაპირისპირება მეათე ტურში შედგა.მიხეილ ბოტვინიკმა გლიგორიჩის დამარცხებით მნიშვნელოვანი ქულა მოუტანა თავის გუნდს.

ბოლოსწინა ტურისთვის მასპინძლები უკვე 4 ქულით უსწრებდნენ კონკურენტებს - უნგრეთისა და იუგოსლავიის გუნდებს - პირველი ადგილის ბედი გადაწყვეტილი იყო. საბჭოთა გუნდმა ბოლო ტურშიც იმარჯვა და ჩემპიონი ზედიზედ მესამედ გახდა.

მეორე ადგილზე იუგოსლავიელები გავიდნენ, ხოლო მესამეზე - უნგრელები.

გაგრძელება იქნება

0.193568