კალათბურთი

0:10 | 11.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელია: "ჩვენ ეს დავიმსახურეთ!"

ესპანური “სასკი ბასკონიას” ქართველმა კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ ესპანეთის ჩემპიონატის ფინალში გასვლის შემდეგ კომენტარი გააკეთა. “თოკომოტივის” განცხადებით, მიღწეულით ძალიან ბედნიერები არიან, მაგრამ ამაზე გაჩერებას არ აპირებენ.

შენგელიას კარგად ესმის, რომ წინ ფინალია და თანაც, მეტად ძლიერ მეტოქესთან – მადრიდის “რეალთან”.

“ემოციებით სავსე ვართ, მაგრამ ამავე დროს ჩვენ კარგად ვიცით, რომ საქმე ბოლომდე არ მიგვიყვანია და წინ ფინალი გველოდება. ძალიან ბედნიერები და კმაყოფილები ვართ, განსაკუთრებით, ვიტორიის, ჩვენი ქომაგებისა და ადამიანების გამო. მათ დაიმსახურეს ეს ყველაფერი რვა წლის შემდეგ. ბედნიერი ვარ ჩემი თანაგუნდელებისა და საერთოდ ამ გუნდის გამო.

რამდენიმე საათი გამარჯვებით უნდა დავტკბეთ და შემდეგ ფინალისთვის ფიქრი დავიწყოთ. ვიცნობთ მადრიდის “რეალს”, რომელიც ევროპის საუკეთესო გუნდია და თანაც, კარგ ფორმაშია. ყველაფერი უნდა გავიღოთ და ვიმედოვნებ, რომ გავიმარჯვებთ.

“ბარსელონასთან” ჩვენ გვქონდა შეცდომები, მაგრამ ბოლომდე ვიბრძოდით და მადლობა ღმერთს, გამარჯვება მოვიპოვეთ”, - განაცხადა ლიგა ენდესას ოფიციალურ ვებგვერდთან საუბარში თორნიკემ.

შეგახსენებთ, “ბასკონიამ” ნახევარფინალში “ბარსელონა” 3:1 დაამარცხა. გადამწყვეტი მატჩის საუკეთესო მოთამაშე შენგელია გახდა, რომელმაც საკუთარ გუნდს 22 ქულა, 7 მოხსნა, 1 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება შესძინა (მარგი ქმედების კოეფიციენტი – 33).

“ბასკონიასა” და “რეალის” ფინალური სერია 13 ივნისს მადრიდში დაიწყება. აქვე, სრული განრიგიც:

13 ივნისი. “რეალი” – “ბასკონია”

15 ივნისი. “რეალი” – “ბასკონია”

17 ივნისი. “ბასკონია” – “რეალი”

19 ივნისი. “ბასკონია” – “რეალი”

22 ივნისი. “რეალი” – “ბასკონია”

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111647