ჭადრაკი

21:55 | 8.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლონდონიდან ბათუმამდე
საჭადრაკო ოლიმპიადების ისტორია (ნაწილი VIII)

მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის 23 სექტემბრიდან 6 ოქტომბრამდე ბათუმი გრანდიოზულ ღონისძიებას - მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადას მასპინძლობს, რომელიც რიგით 43-ეა. სპორტის მოყვარულებისთვის ინტერესმოკლებული არ იქნება ოლიმპიადების ისტორია.

IX ოლიმპიადა

დუბროვნიკი, 1950 წლის 20 აგვისტო - 10 სექტემბერი

მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, ფიდემ საქმიანობა განაახლა. არჩეულ იქნა ახალი პრეზიდენტი - ფოლკე როგარდი, კიდევ ხუთი წელი დასჭირდათ, რომ განეახლებინათ საჭადრაკო ოლიმპიადები. ოლიმპიადის ჩატარების საკითხი ფიდეს 1948 წლის სხდომაზე განიხილეს. იუგოსლავიის დელეგატმა წამოაყენა თავისი ქვეყნის კანდიდატურა მასპინძლის როლში, მაგრამ დანარჩენ დელეგატებს სასაცილოდაც არ ეყოთ - ომის დროს იუგოსლავია ლამის მთლიანად იყო განადგურებული. ევროპის არც სხვა ქვეყნები აღმოჩდნენ მზად ტურნირის სამასპინძლოდ. საბოლოოდ, ფიდემ გადაწყვიდა შეესწავლა იუგოსლავიის საკითხი და 1949 წლის სხდომაზე მაინც მიიღო დადგენილება, რომ 1950 წელს საჭადრაკო ოლიმპიადას იუგოსლავია უმასპინძლებდა.

თვით ამ ქვეყანის ქალაქებს შორის გაჩაღდა ბრძოლა მასპინძლობის უფლების მოსაპოვებლად. საბოლოოდ, ადრიატიკის ზღვის სანაპიროზე მდებარე კურორტმა დუბროვნიკმა გაიმარჯვა. ეს ქალაქი ისტორიული ადგილებითა და მუზეუმებით იყო სახელგანთქმული და ტურისტებსაც იზიდავდა.

მატჩები ხელოვნების მუზეუმში ჩატარდა, სადაც ცნობილი მხატვრების ნამუშევრებიც იყო გამოფენილი.

საჭადრაკო ოლიმპიადაზე დუბროვნიკში 16-მა გუნდმა მოიყარა თავი - იმდენივე, რამდენიც I ოლიმპიადაზე ლონდონში. სწორედ ამ ოლიმპიადისთვის დადგინდა კარგი რეგლამენტი - დღეში ერთი ტური, 40 სვლა 2,5 საათის განმავლობაში და 16 სვლა ყოველ მომდევნო საათში. ყოველ მესამე დღეს კი გადადებული პარტიების დასრულება ხდებოდა.

11 წელი საკმაოდ დიდი დროა და ამ ხნის განმავლობაში, ცხადია, ბევრი ცვლილება მოხდა მონაწილე გუნდების შემადგენლობებში. მხოლოდ ორი ვეტერანი მოჭადრაკე გამოაგზავნა არგენტინამ - ლიდერის როლში ნაიდორფი მოგვევლინა, რომელიც ომამდე პოლონეთის სახელით გამოდიოდა; მეორე პოლონელი დიდოსტატი - ტარტაკოვერი უკვე საფრანგეთის სახელით წარსდგა მეცხრე ოლიმპიადაზე. ეს უკანასკნელი ყველაზე სტაჟიანი მონაწილე იყო, - 1930 წლიდან არცერთი ოლიმპიადა არ გამოუტოვებია.

გარდა ამისა, საფრანგეთის შემადგენლობაში გამოჩნდა შოდე დე სილანი, - პირველი და ერთადერთი მონაწილე მოჭადრაკე ქალი.

მთლიანად გადახალისდა შვედეთის გუნდი, არგენტინაში ჩარჩენილმა შტალბერგმა ვერ მოახერხა ჩასვლა ევროპაში.

და მაინც, დიდი მოჭადრაკეები აკლდნენ მეცხრე ოლიმპიადას, მიუხედავად ამისა, პირველი ტურიდან მძაფრი ბრძოლები გაჩაღდა. პირველ ტურებში ფრე დაფიქსირდა აშშ-ჰოლანდიის, იუგოსლავია-ჩილეს, გფრ-პერუს შეხვედრებში. მეხუთე ტურიდან მასპინძლებმა აიწყვიტეს. მხოლოდ ნახევარ-ნახევარი ქულა დაჰკარგეს სამ შეხვედრაში და 7 ტურის შემდეგ პირველ საფეხურზე განმტკიცდნენ 23,5 ქულით. უახლოეს მდევარს - არგენტინის ნაკრებს 20 ქულა ჰქონდათ, აშშ-ს - 18. შემდეგ მასპინძლებმა ორი ქულა დაუთმეს ავსტრიელებს და კონკურენტებიც წამოეწივნენ.

მეცხრე ტურში იუგოსლავიისა და აშშ-ს ცენტრალური შეხვედრა შედგა. დარბაზი ვერ იტევდა მაყურებელს. ორივე გუნდს ჰაერივით ესაჭიროებოდა გამარჯვება, საბოლოოდ, ფრე - 2:2 დაფიქსირდა. ამას მოჰყვა მე-12 ტურში იუგოსლავია-არგენტინის მატჩი. სამხრეთ ამერიკელებმა 2,5:1,5 იმარჯვეს. ამის შემდეგ მასპინძლებს მატჩი არ წაუგიათ.

მე-12 ტურში ამერიკელებმა ვერ შეძლეს ფრანგების დამარცხება, შემდეგ კიდევ წაფორხილდნენ და საპრიზო ადგილების მიღმა აღმოჩნდნენ.

ბოლო ტურისთვის ასეთი მდგომარეობა იყო: თეორიულად ჩემპიონობის შანსი არგენტინელებს ჰქონდათ, თუ ოთხივე პარტიას მოიგებდნენ ფრანგებთან, ხოლო მასპინძლები ორ ქულაზე მეტს ვერ აიღებდნენ ფინელებთან მატჩში.

იუგოსლავიის ნაკრებმა (სვეტოზარ გლიგორიჩი, ვასია პირცი, პეტარ ტრიფუნოვიჩი, ბრასლავ რაბარი, მილან ვიდმარი, სტოიან პუცი) დიდი ანგარიშით იმარჯვეს და ოქროს მედლები მოიპოვეს, ხოლო არგენტინელებმა (მიგელ ნაიდორფი, ხულიო ბოლბოჩანი, კარლოს გიმარი, ეკტორ როსეტო, გერმან პილნიკი) მხოლოდ 2,5 ქულა აიღეს და მეორე ადგილზე დარჩნენ. მესამე ადგილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის გუნდმა დაიიკავა (ვოლფჰანგ უნციკერი, ლოთარ შმიდტი, გერჰარდ პფაიფერი, ლუდვიგ რელშტაბი, ჰანს-ხილმარ შტაუდტე).

გამარჯვებული გუნდის პირველ დაფაზე მოასპარეზე ახალგაზრდა გლიგორიჩმა 15 პარტიაში 11 ქულა მოაგროვა. ამის შემდეგ კიდევ 11 ოლიპიადაზე ითამაშა თავისი გუნდის შემადგენლობაში და აქედან 10-ჯერ წარმოადგენდა პირველ დაფას.

არსანიშნავია, რომ დუბროვნიკი ცენტრში სადემონსტრაციო დაფები იდგა, სადაც ტელეფონით კარნახობდნენ სვლებს ხელოვნების მუზეუმში მიმდინარე ტურნირის ცენტრალური შეხვედრებიდან. ყოველდღიურად გამოდიოდა სპეციალური ბიულეტენი, სადაც ყველა პარტიის ნახვა შეიძლებოდა. პირველად გამოუშვეს ოლიმპიადისადმი მიძღვნილი საფოსტო მარკები (მანამდე, 1947 წელს ბულგარეთმა გამოუშვა მარკა ბალკანეთის თამაშებისთვის, 1948 წელს - საბჭოთა კავშირმა მსოფლიო ჩემპიონატის მატჩ-ტურნირისთვის და 1950 წელს - უნგრეთმა პრეტენდენტთა მატჩისათვის.

გარდა ამისა, დუბროვნიკში მოეწყო გამოფენა, რომელიც დამთვალიერებლებს მოუთხრობდა იუგოსლავიაში ჭადრაკის განვითარების შესახებ. ერთი დაფაზე ის იუგოსლავიელი მოჭადრაკეების სურათები იყო, რომლებიც გერმანელი დამპყრობლების წინააღმდეგ იარაღით ხელში იბრძოდნენ.

გაგრძელება იქნება

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120093