სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ჭადრაკი

17:25 | 8.06.2018 | ნანახია 418 - ჯერ

საჭადრაკო ოლიმპიადა 2018: ნონას თასი კახეთში გამოიფინა

„ნონას თასმა“ საქართველოში მოგზაურობა დაიწყო. საჭადრაკო ოლიმპიადის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდო პირველად კახეთში, თელავში გამოიფინა.

ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო თეატრში 7 ივნისს რამდენიმე საინტერესო ღონისძიება მოეწყო, რომლის მიზანი ბათუმში დაგეგმილი 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის პოპულარიზაციაა. ბათუმი უდიდეს საჭადრაკო ტურნირს (189 ქვეყნის ნაკრები გუნდების მონაწილეობით) 23 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით უმასპინძლებს.

მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონს, 43-ე ოლიმპიადის კეთილი ნების ელჩს ნონა გაფრინდაშვილს და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტს გიორგი გიორგაძეს თელავში მსოფლიოს 2015 წლის გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებულმა ბელა ხოტენაშვილმა და დიდოსტატმა, საჭადრაკო კომენტატორმა ქეთი წაწალაშვილმა უმასპინძლეს. მათთან ერთად სტუმრებს დახვდნენ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი და თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ ტლაშაძე. ღონისძიებას თელავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, მსახიობი ვანო იანტბელიძე გაუძღვა.

საჭადრაკო პარტია გიგანტური ფიგურებით, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ქართული ჭადრაკის მინიექსპოზიცია და 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის თილისმის პრეზენტაცია - ეს ყველაფერი „ნონას თასის“ კახეთში მოგზაურობას მიეძღვნა.

ნონა გაფრინდაშვილი და გიორგი გიორგაძე თეატრში შეკრებილ საზოგადოებას ოლიმპიადის მნიშვნელობასა და საორგანიზაციო საკითხებზე ესაუბრნენ, თასის პრეზენტაციის შემდეგ კი ქალბატონმა ნონამ ბელა ხოტენაშვილთან და ქეთი წაწალაშვილთან ერთად 30 დაფაზე ერთდროული თამაშის სეანსი გამართა. საინტერესოა, რომ ერთ-ერთმა მონაწილემ, პატარა ილია მორბედაძემ მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონის დამარცხება შეძლო. მის გარდა ქალბატონმა ნონამ დების, ანა და მარია ლიმარების თამაში გამოარჩია, შემდეგ კი ყველა მსურველთან სამახსოვრო ფოტო გადაიღო.

ერთდროული თამაშის სეანსის შემდეგ საჭადრაკო ვიქტორინა მოეწყო. გამარჯვებულები ოლიმპიადის სიმბოლიკით დამშვენებული სუვენირებით დაჯილდოვდნენ.

პროექტ „მილიონი საჭადრაკო სვლის“ ფარგლებში გუშინვე შედგა ონლაინ-მატჩი თელავსა და გურჯაანს შორის. პირველი სვლა ნონა გაფრინდაშვილმა შეასრულა.

ოლიმპიადის დაწყებამდე „ნონას თასი“ საქართველოს ყველა კუთხეს მოივლის.
ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თასი ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციამ - FIDE - 1997 წელს დააწესა. 1998 წლის ოლიმპიადიდან დაწყებული ის იმ ქვეყანას გადაეცემა, რომლის მამაკაცთა და ქალთა ნაკრები გუნდები ოლიმპიადაზე ჯამში ყველაზე მეტ ქულას დააგროვებენ.

2018 წლის საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტი

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
00:26 | 11.06.2018
O. Mertskhali (2767)

დაღვრემილი რადა ხარ, ნონიკო?

სარეკლამო ადგილი - 20
250 x 188
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.070681