კალათბურთი

11:08 | 29.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

"გოლდენ სტეიტი" სუპერფინალშია! (+VIDEO)

“გოლდენ სტეიტ უორიორზე” ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ფინალშია. ისევე როგორც აღმოსავლეთ კონფერენციაში, დასავლეთშიც მასპინძელმა მოედნის უპირატესობა ვერ გამოიყენა. “ჰიუსტონ როკერტმა” საკუთარ კედლებში ვერ მოახერხა მრისხანე მეტოქის დამარცხება და ფინალში გასვლის არნახული შანსი ხელიდან გამოცელა.

არადა, მაიკ დ’ანტონის გუნდი პირველ ტაიმში გამარჯვებისკენ მიდიდოდა. ორივე პერიოდი მოუგო ოკლენდელებს და დიდ შესვენებაზე 11-ქულიანი უპირატესობით გავიდა. თუმცა, მესამე მეოთხედში მოქმედმა ჩემპიონმა დიდებულად ითამაშა, ათწუთიანი მონაკვეთი 18 ქულით მოიგო და შეიძლება ითქვს, სერიის ბედიც სწორედ მაშინ გადაწყდა.

“ჰიუსტონის” მარცხი კი დიდწილად სამქულიანების საშინლად შესრულებამ გამოიწვია. თავად განსაჯეთ, ტეხასელებმა 44-დან ოდენ 7 (15.9%) ჩააგდეს, რაც NBA-ს გუნდისთვის ძალიან დაბალი შედეგია. მეტიც, დ’ანტონის” ბიჭებს საოცარი სერია გამოუვიდათ, როდესაც მიჯრით 27 სამქულიანი ვერ ჩააგდეს და ლიგის ანტირეკორდიც დაამყარეს აღნიშნული მაჩვენებლით... აი, ცალკეულ კალათბურთელებსაც თუ ავიღებთ, აქაც კატასტროფული ციფრებია: ტრევორ არიზამ მაგალითად 9-დან 9 სამქულიანი ააცილა, უკეთესად არც ჯეიმს ჰარდენი გარჯილა აღნიშნულ კომპონენტში 13-დან 2, ხოლო ერიკ გორდონმა 12-დან ორჯერ ჩააგდო. მოკლედ, ასეთ არაზუსტ თამაშს, რომ “გოლდენ სტეიტი” არავის პატიობს, ცხადზე ცხადია და კიდევ ერთხელ დადასტურდა.

სტივ კერის გუნდს სუპერფინალისკენ კევინ დურანტი გაუძღვა, რომელმაც 44 წუთში 34 ქულა, 5 პასი, 1 ჩაჭრა და 3 დაფარება გაახერხა. კიდევ უფრო ჩინებულად გაისარჯა სტეფ კარი, რომლის აქტივში 27 ქულა, 10 პასი და 9 მოხსნა იყო. შესაბამისად, სამმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა. დრეიმონ გრინი 44 წუთში დაბლ-დაბლით გამოირჩა (10 ქულა, 13 მოხსნა), კლეი ტომპსონმა კი საკუთარ გუნდს 19 ქულა მოუტანა. რაც შეეხება ზაზა ფაჩულია, სამწუხაროდ ქართველ ცენტრს აღნიშნულ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია.

“ჰიუსტონის” რიგებში საუკეთესო ჯეიმს ჰარდენი გამოდგა. “ბაბუაწვერამ” 32 ქულა, 6 მოხსნა და 6 პასი გაახერხა, კლინტ კალეპას აქტივში 20 ქულა და 9 მოხსნა იყო, პიჯეი ტაკერმა კი 14 ქულითა და 12 მოხსნით დაასრულა მატჩი. კარგი იყო ერიკ გორდონიც 23 წულა, 6 პასი, 3 მოხსნა. თუმცა, მთლიანობაში “როკეტსი” დამარცხებული გამოვიდა და სუპერფინალს მიღმა დარჩა.

იმ სუპერფინალს მიღმა, რომელიც შარშანდელი იქნება: “გოლდენ სტეიტი” – “კლივლენდი”.

“ჰიუსტონ როკეტსი” – “გოლდენ სტეიტ უორიორზი” 92:101 (24:19, 30:24, 15:33, 23:25) VIDEO

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.130029