ფეხბურთი

1:55 | 27.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

"რეალმა" გაასამა! (+VIDEO)

ისევ მადრიდის “რეალი”, ზედიზედ მესამედ! “სამეფო კლუბის” ტახტიდან ჩამოგდებას ვერავინ ახერხებს. კიევის ოლიმპიურ სტადიონზე ზინედინ ზიდანის გუნდმა “ლივერპული” დაამარცხა და ისტორიაში მეცამეტედ დაიგდო ევროპის უძლიერესის სახელი.

შეხვედრა ინგლისელთა აქტიურობით დაიწყო. მართალია, იურგენ კლოპის გუნდს რეალური სახიფათო მომენტი თითქმის არ ჰქონია, მაგრამ თამაში ძირითადად მაინც “რეალის” საჯარიმოსთან მიმდინარეობდა და მთლიანობაში ესპანელებმა რამდენჯერმე ინერვიულეს კიდეც. ყველაფერი ტაიმის შუაწელს შეიცვალა. სერხიო რამოსსა და მოჰამედ სალაჰს შორის კონტაქტის დროს ეგვიპტელმა მხარი დაიზიანა. ეცადა, რომ კარიერის უმნიშვნელოვანესი თამაში გაეგრძელებინა, მაგრამ ტრავმამ ამის საშუალება არ მისცა “ლივერის” უდაო ლიდერმა მოედანი თვალცრემლიანმა დატოვა. აქედან მოყოლებული შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანდა, რომ ინგლისელთა შეტევებს სიმწვავე მოაკლდა. “რეალმა” კი ნელ-ნელა თამაში გაათანაბრა. მაგრამ, მთლიანობაში პირველი ნახევარი მეტად მოსაწყენი გამოდგა. ისე გოლიც გავიდა, კარიმ ბენზემამ გაიტანა, მაგრამ თამშგარე მდგომარეობა აშკარა იყო.

გაცილებით თვალსასეირო გამოდგა მეორე ნახევარი. “რეალმა” მალევე გახსნა ანგარიში. თუმც, გოლი არ გავიდოდა, რომ არა ლორის კარიუსი – გერმანელმა იმდენად ბავშვური შეცდომა დაუშვა, რომ გადმოცემაც რთულია. თანაგუნდელს ხელით პასს აწვიდიდა და ბენზემამ ჩაუჭრა, რომელიც იქვე იდგა... და მაინც, “სამეფო კლუბმა” ძალიან მაგარი საჩუქარი ვერ შეირგო. 4 წუთში ჯეიმს მილნერის კუთხურს დეიან ლოვრენის კარგი თავური და კარის წინ ჩასაფრებული სადიო მანეს გოლი მოჰყვა. სხვათა შორის, მანე გახდა მეოთხე აფრიკელი (რაბაჰ მაჯერი, სამუელ ეტო’ო, დიდიე დროგბა) და პირველი სენეგალელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიტანა.

სამაგიეროდ, გარეტ ბეილი გახდა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ფინალში დუბლი შეასრულა, როდესაც თამაშში ცვლილებიდან ჩაერთო. ზიდანმა უელსელი მოედანზე ისკოს ნაცვლად შეუშვა და 122 წამში ბეილმა ზღაპრული გოლი გაიტანა. საოცარი “მარკატელა”, რომლის ფურცელზე გადმოცემას ნამდვილად არ აქვს აზრი, ეს უბრალოდ უნდა ნახოთ, თანაც, ძალიან ბევრჯერ. დუბლი კი თამაშის მიწურულს გაიფორმა. როდესაც 35 მეტრიდან დაარტყა ძლიერად, მაგრამ არცთუ სახიფათოდ. თუმცა ჰო, კარიუსი იცავდა “ლივერპულის” კარს და ბურთი ხელიდან გაუვარდა და სეზონიც დასრულდა. აღსანიშნავია, რომ გერმანელმა მეკარემ უფრო მეტი შეცდომა დაუშვა (2), ვიდრე მანამდე ჩატარებულ 32 შეხვედრაში ერთად...

იურგენ კლოპმა კი ზედიზედ მეექვსე ფინალი წააგო (ორჯერ გერმანიის თასის ფინალში, ერთხელ ინგლისის ლიგის თასზე, ერთხელ ევროპა ლიგაზე, ორჯერაც ჩემპიონთა ლიგაზე). კლოპს სამწვრთნელო კარიერაში ერთადერთი, გერმანიის თასის ფინალი აქვს მოგებული 2012 წელს.

თავის მხრივ, ზინედინ ზიდანი პირველი მწვრთნელია, რომელმაც ზედიზედ სამჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა. კეილორ ნავასი პირველი მეკარე, რომელმაც მიჯრით სამ ფინალში ითამაშა და სამჯერვე ოქროს მედალს დაესაკუთრა. კრიშტიანუ რონალდუმ კლარენს ზეედორფსა და ანდრეს ინიესტას გადაასწრო და ჩემპიონთა ლიგა ხუთერ აქვს მოგებული. თავის მხრივ, თუ ჩემპიონთა თასსაც გავითვალისწინებთ, მაშინ პაოლო მალდინის გაუტოლდა, რომელსაც ასევე ხუთჯერ აქვს ჩემპიონთა თასი აღმართული... პორტუგალიელი ბომბარდირიც გახდა 15 გოლით. რახან გოლეადორები ვახსენეთ, ვთქვათ, რომ “ლივერპულის” შემტევმა ტრიომ (მანე-სალაჰი-ფირმინო) ჯამში 30 გოლი გაიტანეს (თითო 10-10) და ეს ლიგის ისტორიაში სარეკორდია.

ამასობაში საკლუბო ფეხბურთის სეზონი დასრულდა და აგვისტომდე დაგვემშვიდობა. იქამდე კი ჯერი მსოფლიოს ჩემპიონატზეა. მადრიდის “რეალი” კი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული უკვე მიჯრით სამჯერაა. ეს დიდებული შედეგია...

“რეალი” – “ლივერპული” 3:1 (0:0) VIDEO

კიევი, “ოლიმპიური სტადიონი”

მაყურებელი: 61 561

“რეალი” (4-3-1-2): ნავასი; კარვახალი (ნაჩო 37), ვარანი, სერხიო რამოსი, მარსელო; მოდრიჩი, კაზემირო, კროოსი; ისკო (ბეილი 61); ბენზემა (ასენსიო 89), რონალდუ

მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

“ლივერპული” (4-3-3): კარიუსი; ალექსანდერ-არნოლდი, ლოვრენი, ვან დეიკი, რობერტსონი; მილნერი (ემრე ჯანი 83), ჰენდერსონი, ვეინალდუმი; სალაჰი (ლალანა 31), ფირმინო, მანე

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

გოლები: 1:0 ბენზემა (51), 1:1 მანე (55), 2:1 ბეილი (64), 3:1 ბეილი (83)

გაფრთხილება: მანე (82)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 11 (5) – 5 (2) ბურთის ფლობა: 62%-38% კუთხურები: 9:5 თამაშგარე: 7:3

მსაჯი: მილორად მაჟიჩი (სერბეთი)

0.151398