ჭადრაკი

22:36 | 23.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლონდონიდან ბათუმამდე - ნაწილი II
საჭადრაკო ოლიმპიადების ისტორია

მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის 23 სექტემბრიდან 6 ოქტომბრამდე ბათუმი გრანდიოზულ ღონისძიებას - მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადას მასპინძლობს, რომელიც რიგით 43-ეა. სპორტის მოყვარულებისთვის ინტერესმოკლებული არ იქნება ოლიმპიადების ისტორია.

მეორე ოლიმპიადა

ჰააგა, 1928 წლის 21 ივლისი - 5 აგვისტო

ფიდემ გადაწყვიტა, რიგით მეორე ოლიმპიადაზე მხოლოდ მოყვარულები დაეშვა, ქვეყნების ფედერაციები იმედოვნებდნენ, რომ ჭადრაკის საერთაშშორისო ფედერაცია ოლიმპიადამდე შეცვლიდა გადაწყვეტილებას, მაგრამ როცა საბოლოოდ დაუსვეს წერტილი ჭადრაკში პროფესიონალებისა და მოყვარულების საკითხს, უკვე გვიანღა იყო - ჰააგაში გუნდები შესუსტებული შემადგენლობებით ჩავიდნენ.

ამერიკის კონტინენტი მხოლოდ ორი ქვეყნით იყო წარმოდგენილი. არგენტინის ნაკრებთან ერთად, ჰააგას ესტუმრა აშშ-ს სრულიად ახალგაზრდული გუნდი, რომლის შესაძლებლობებს ვერავინ აფასებდა.

1928 წლის 21 ივლისს ჰააგას სამეფო სასახლის დარბაზში მოჭადრაკებმა იწყეს ასპარეზობა. ტურნირს სათავეში ჩაუდგნენ ამერიკელები და უნგრელები, მესამე ტურიდან კი მათ ჩეხები შეუერთდნენ. მეექვსე ტურამდე ეს გუნდები „მჭიდროდ“ მიიწევდნენ. შემდეგ ამერიკელებმა შეისვენეს და... ჩამორჩნენ. ერთდღიანმა შესვენებამ ამერიკელებს თავგზა აურიათ, - მომდევნო შვიდი ტურის განმავლობაში არასტაბილური შედეგები აჩვენეს, მე-5 საფეხურამდეც კი დაეშვნენ და მხოლოდ ბოლო ტურებში გამოასწორეს მდგომარეობა.

ფინიშამდე ორი ტურით ადრე, ლიდერთა ჯგუფში ასეთი მდგომარეობა იყო: უნგრელებს 40 ქულა ჰქონდათ, ჩეხებს, პოლონელებსა და ამერიკელებს - 30,5-30,5, თუმცა ამ ორი უკანასკნელი ქვეყნის მოჭადრაკეებს თითო თამაშით ნაკლები ჰქონდათ ჩატარებული. პირველი ადგილის ბედი გადაწყვეტილი იყო, - ის კვლავ უნგრელებმა მიისაკუთრეს (ჰეზა ნადი, ენდრე შტეინერი, არპად ვაიდა, კორნელ ჰავაში). მეორე ადგილი საბოლოოდ ამერიკელებმა დაიკავეს, მათ რიგებში 23 წლის ისააკ კეჟდენი გამოირჩა, რომელმაც საერტაშორისო დონეზე პირველად იასპარეზა.

ბრინჯაოს მედლები წილად ხვდა პოლონეთის ნაკრებს. ამ გუნდის რიგებში საუკეთესო იყო თეოდორ რეგეძინსკი, რომელმაც 10 ქულა მოაგროვა 13 შესაძლებლობიდან.

86 მონაწილიდამ მხოლოდ ორმა მოჭადრაკემ განვლო მთელი ტურნირი დაუმარცხებლად: ვაგნერმა (გერმანია) და მიუფანმა (საფრანგეთი), საინტერესოა, რომ ვაგნერმა 16 პარტიიდან 13 ყაიმით დაასრულა, რაც რეკორდი აღმოჩნდა,

სულ ოლიმპიადაზე 544 პარტია გათამაშდა.

მესამე ოლიმპიადა

ჰამბურგი, 1930 წლის 13-27 ივლისი

1930 წლის ზაფხულში ჰამბურგის უძველეს საჭადრაკო კლუბს დაარსებიდან 100 წელი შეუსრულდა. ამ თარიღთან დააკავშირა ფიდემ მესამე ოლიმპიადის ჩატარება გერმანულ ქალაქში.

ბრძოლაში 18 გუნდი ჩაება. ჰამბურგში პლანეტის თითქმის ყველა უძლიერესი მოჭადრაკე ჩავიდა. არ იყვნენ მხოლოდ მსოფლიოს ექსჩემპიონები - ლასკერი და კაპაბლანკა. კაპაბლანკას არყოფნის მიზეზი იყო ის, რომ მისი ქვეყანა კუბა, ჯერჯერობით არ აპირებდა ჩართვას ოლიმპიადაზე, რაც შეეხება ლასკერს, ის, უბრალოდ, იმ პერიოდში, პრაქტიკულად, აღარ თამაშობდა ჭადრაკს.

დიდი ინტერესი გამოიწვია მსოფლიო ჩემპიონის ალექსანდრე ალიოხინის ასპარეზობამ. ის საფრანგეთის ნაკრებს ედგა სათავეში. ყოველ ტურში ალიოხინის მაგიდის გარშემო თავს იყრიდნენ მაყურებლებიც და მოჭადრაკეებიც. ალიოხინმა ყველა (9) პარტია მოიგო.

აღსანიშნავია, რომ ყველა ქვეყანა ამ ოლიმპიადისათვის შეეცადა მაქსიმალურად ძლიერი შემადგენლობის გამოყვანას. მაგალითად, პოლონეთის გუნდი ერთობ სოლიდურად გამოიყურებოდა - აკიბა რუბინშტეინი, საველი ტარტაკოვერი, დავიდ პშეპიურკა.

ძლიერად გამოიყურებოდა უნგრეთის ნაკრებიც - რომლის ლიდერად კვლავ დიდოსტატი მაროცი მოევლინა.

კენჭისყრამ პირველივე ტურში ერთმანეთს სწორედ პოლონეთისა და უნგრეთის გუნდები შეახვედრა. უნგრელებმა ოთხი დაფიდან მხოლოდ ნახევარი ქულა აიღეს, მათი ლიდერი მაროცი კი რუბინშტეინმა 25 სვლაში დაამარცხა.

ბევრმა უკვე ჩამოწერა უნგრეთის ნაკრები ლიდერთა ჯგუფიდან, მაგრამ უნგრელი მოჭადრაკეები არ გატყდნენ, რამდენიმე ტურის შემდეგ კვლავ ჩაერთვნენ პირველი ადგილისათვის ბრძოლაში.

ტურნირის შუაგულში ამერიკელები გალიდერდნენ, მაგრამ ავსტრიელებთან გამანადგურებელი ანგარიშით 0-4 დამარცხდნენ და ჩემპიონობისათვის ბრძოლის შანსი დაკარგეს.

ბოლოსწინა ტურში ბედმა უმტყუნა უნგრელებს - მაროცი გამოვიდა მწყობრიდან. 60 წლის დიდოსტატმა ნორვეგიელ ოლსენთან პარტიაში მოულოდნელად დედოფალი დაჰკარგა და გულის შეტევა დაემართა, მეორე დღეს კი თამაში ვეღარ შეძლო.

თასის მფლობელი ბოლო ტურში გაირკვა - პოლონელებმა 3,5:0.5 დაამარცხეს ფინეთის სუსტი გუნდი, ხოლო უნგრელებმა მხოლოდ ქულანახევარი აიღეს ჰოლანდიელებთან შეხვედრაში.

ამრიგად, თასი და ოქროს მედლები პოლონელებმა დაისაკუთრეს და ამაში ლომის წილი მიუძღოდა რუბინშტეინს. მან მაღალი კლასი აჩვენა - 17 შესაძლებლობიდან 15 ქულა მოაგროვა.

უნგრელებმა ვერცხლის მედლები მიიღეს, ისინი წინა ორი ოლიმპიადის მოგების შემდეგ უკმაყოფილონი იყვნენ, მით უმეტეს, რომ ბოლოსწინა ტურისთვის ჯერ კიდევ ლიდერები იყვნენ.

მესამე ადგილი ტურნირის მასპინძლებმა - გერმანელებმა დაიკავეს.

ამ ოლიმპიადაზე, ალიოხინის შემდეგ პოპულარული იყო ინდოელი მოჭადრაკე მალიკ სულთან-ხანი, რომელიც ინდურ მაჰარაჯიში დაიბადა და თავის ბატონს გაჰყვა ინგლისში, სადაც სენსაცია მოახდინა - ინგლისის პირველობა მოიგო. ამ ოლიმპიადაზე სულთან-ხანი უკვე ინგლისის ნაკრებს ედგა სათავეში - ჰააგაში მან 17 პარტიიდან 9 მოიგო, 4 ყაიმით დაასრულა და 4 წააგო.

სულ ჰააგაში 612 პარტია გათამაშდა, რომელთაგან საუკეთესო პრიზი შტალბერგი-ალიოხინის პარტიას ერგო.

გაგრძელება იქნება

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114561