ძიუდო

18:50 | 22.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

პროტესტის ახალი ფორმა – აჭედილი კარი და სანაგვეზე გადაგდებული სავარძელი

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრები ფედერაციის პრეზიდენტ დავით ქევხიშვილის გადადგომის მოთხოვნით აქციას ფედერაციის შენობასთან 23 მაისს, 11:00 საათზე გააგრძელებენ. სპორტსმენები ქომაგებს მოუწოდებენ, მათ გვერდით დადგნენ და მათაც მიიღონ მონაწილეობა ძიუდოდან ქევხიშვილის ჩამოშორებაში.

ძიუდოისტები შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიასთან დღეს დილით მივიდნენ, დავით ქევხიშვილის სამუშაო კაბინეტიდან სავარძელი გამოაგორეს და აკადემიის წინ, სანაგვე ურნების გვერდით დააგდეს. კაბინეტის კარი კი ფიცრებით აჭედეს.

"ის ჩვენი პრეზიდენტი აღარაა. მას ძიუდოში არაფერი ესაქმება და აუცილებლად უნდა გადადგეს. თუ სპორტი და ეს სახეობა ოდნავ მაინც უყვარს, გადაწყვეტილება საკუთარი ინიციატივით უნდა მიიღოს” – გვითხრა ავთანდილ ჭრიკიშვილმა.

დღევანდელ საპროტესტო აქციაში მონაწილეობა გურამ თუშიშვილმა და ლევან მატიაშვილმაც მიიღეს, რომლებიც წინა აქციებისას არ ჩანდნენ და გავრცელდა ხმები, რომ თანაგუნდელებს მხარს არ უჭერდნენ.

დღესვე, საქართველოს ნაკრების წევრების მხარდამჭერი განცხადება ვეტერანმა ძიუდოისტმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა შოთა ხაბარელმაც გააკეთა. პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ თქვა, რომ დავით ქევხიშვილმა წარმატებული მწვრთნელები გადააყენა, მოიყვანა თავისი მეგობრები და ამ გადაწყვეტილების შედეგიც მალე გამოჩნდა. ახლა კი თავად ქევხიშვილი უნდა გადადგეს.

შოთა ხაბარელი იმ კომისიის წევრიცაა, რომელიც ერთი კვირის წინ შეიქმნა, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ გიორგაძის ინიციატივით. სამინისტროს, პარლამენტის სპორტის კომიტეტისა და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელებისგან დაკომპლექტებულმა ჯგუფმა სპორტსმენების მიერ ფედერაციის პრეზიდენტისადმი წაყენებული ბრალდებები დეტალურად უნდა გამოიძიონ, მაგრამ საბოლოო დასკვნა გაიწელა და უკვე არა მარტო ძიუდოისტები, ძიუდოს ბევრი ქომაგიც დარწმუნებულია, რომ ქევხიშვილის სავარძელს საფრთხე არ ემუქრება, მიუხედავად იმისა, რომ კომისიის წევრთა აზრი ორად გაიყო.

"სამწუხაროდ, კომისიამ გადაწყვეტილება შექმნიდან პირველსავე დღეს გამოაცხადა. მიხეილ ყაველაშვილმა პირდაპირ თქვა, რომ თურმე ქევხიშვილის პასუხები დამაჯერებელი ყოფილა და საგანგაშო არაფერია. რამდენიმე დღეც კი არ უფიქრიათ, წუთებში გადაჭრეს ამხელა პრობლემა” – განაცხადა ავთანდილ ჭრიკიშვილმა დღევანდელ აქციაზე.

ძიუდოისტებისვე განცხადებით, მათ მთელი ამ ხნის განმავლობაში არც ფედერაციიდან და არც კომისიიდან არავინ შეხმიანებიათ. ერთი შეკითხვა ან რჩევაც კი არავისგან მიუღიათ. შესაბამისად, ისინი უკვე კომისიასაც უნდობლობას უცხადებენ და მხოლოდ რადიკალური ზომებით, ქომაგებთან ერთად შეეცდებიან ძიუდოს გადარჩენას.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.168645