ფეხბურთი

3:30 | 20.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

“რეალმა” ლა ლიგა მეგობრულად დაასრულა

ესპანეთის ჩემპიონატის 2017/2018 წლების სეზონის ბოლო ტურის პირველ სათამაშო დღეს ექვსი შეხვედრა გაიმართა. სატურნირო ცხრილში ყველაფერი, რაც ოდნავ მნიშვნელოვანი მაინც გახლდათ, გარკვეული იყო და შესაბამისად, მატჩებს პრინციპული მნიშვნელობა და დატვირთვა აღარ ჰქონდა.

დღის გახსნითი შეხვედრა “ესტადიო ბალაიდოსზე” შედგა, სადაც “სელტამ” უხვგოლიან მატჩში “ლევანტე” დაამარცხა. დუბლით გამოირჩა იაგო ასპასი, რომელსაც 22 გოლი დაუგროვდა და წესით, ესპანეთის ნაკრების სამუნდიალო განაცხადშიც უნდა მოხვდეს.

ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ უკანასკნელი რეპეტიცია გაიარა “რეალმა”, რომელიც “ვილიარეალს” ესტუმრა. ზინედინ ზიდანმა ფეხბურთელების ფორმაზე იფიქრა და სათამაშო კონდიციებიდან რომ არ ამოვარდნილიყვნენ, “ესტადიო დე ლა კერამიკაზე” ძირითადის სრულ შემადგენლობას უხმო, თუ არ ჩავთვლის მეკარის პოზიციას: კეილორ ნავასის ნაცვლად, 20 წლის ლუკა ზიდანმა ითამაშა, რომელსაც ლა ლიგაში დებიუტი ჰქონდა.

პირველ ტაიმში “რეალი” უპირატესობას ფლობდა და ეს ტაბლოზე ნათლად აისახა. გარეთ ბეილმა მე-11 წუთზე მშვენივრად ითამაშა, მცველებს გაუსწორდა და ანდრეს ფერნანდესს შორეულ კუთხეში გაუტანა, ხოლო ოც წუთში კრიშტიანო რონალდუ მარსელოს ჩამოწოდებულს გამოეხმაურა და თავური დარტყმით სხვაობა გაზარდა.

“ვილიარეალმა” მეორე ნახევარში მოუმატა, “რეალი” კი შედარებით მოეშვა, რაც გასაკვირი ნამდვილად არ გახლდათ, რადგან მადრიდულ გუნდს მომდევნო კვირაში სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი ელის და ბუნებრივია, რომ ძალებს ბოლომდე არ დახარჯავდა. “ყვითელმა წყალქვეშა ნავებმა” პირველი ბურთი 70-ე წუთზე გაიტანეს და ამის გაკეთება შეცვლაზე შემოსულმა როხერ მარტინესმა შეძლო, რომელმაც უძლიერესი დარტყმით შორეულ კუთხეში მშვენიერი გოლი შეაგდო, ხოლო 85-ე წუთზე მარსელომ ამოწევა დააგვიანა, კასტილიეხო თამაშგარეში აღარ ჩარჩა და მეკარესთან პირისპირ გავიდა, რომელიც ჩამოიშორა და ბურთი ცარიელ კარში შეაგორა – 2:2.

“ბეტისი” გასვლაზე 10-კაციან “ლეგანესთან” დამარცხდა და მე-5 ადგილი “ვილიარეალს” დაუთმო, თუმცა ამ პოზიციებს შორის დიდი განსხვავება არაა, რადგან ორივე ადგილი ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშს ითვალისწინებს.

“სევილიამ” კი მუნდიალს მიღმა დარჩენილი ბენ იედერის გოლით, “სანჩეს პისხუანზე” “ალავესი” დაამარცხა და სეზონი მე-7 ადგილით დაასრულა, შესაბამისად ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საგზური მოიპოვა.

აუცილებლად უნდა შევაქოთ “ხეტაფე”, რომელმაც ლოიკ რემის პენალტით ბოლო ადგილოსანი “მალაგა” დაამარცხა. კასტილიურმა კლუბმა მშვენიერი სეზონი ჩაატარა და ევროპა ლიგაზე გასასვლელად სულ ცოტა დააკლდა. “ხეტაფეს” ლა ლიგაში “ბარსელონას” და “ატლეტიკოს” შემდგომ ყველაზე ნაკლები გოლი აქვს გაშვებული. მათ სულ 33 ბურთი მიიღეს საკუთარ კარში, როდესაც “რეალმა” 44, “ვალენსიამ” 37, “ვილიარეალმა” 50, “ბეტისმა” 61, ხოლო “სევილიამ” 58 გოლი გაუშვა. ვისენტე გუაიტამ 34 თამაშში მხოლოდ 28 გოლი გაუშვა და 12-ჯერ კარი მშრალად შეინახა, რაც შესანიშნავი შედეგია.

სეზონის კიდევ ერთმა აღმოჩენამ “ხირონამ”, კრისტიან სტუანის დუბლით, გასვლაზე გავარდნილი “ლას პალმასი” დაამარცხა და არდადეგებზე კარგ ხასიათზე გავიდა.

სელტა – ლევანტე 4:2 (2:1)

გოლები: 0:1 როჩინა (12), 1:1, 4:1 მ.გომესი (29; 63), 2:1, 3:1 ასპასი (41, 48), 4:2 მორალესი (74)

ლეგანესი – ბეტისი 3:2 (1:1)

გოლები: 0:1 კემპბელი (20), 1:1 სიოვასი (28), 2:1 ნარანხო (64), 2:2 სანაბრია (76), 3:2 ამრაბატი (79)
გაძევება: დ.რიკო (24 ლ.)

ლას პალმასი – ხირონა 1:2 (1:2)

გოლები: 0:1, 1:2 სტუანი (5; 42), 1:1 კალერი (14 პენ.)

მალაგა – ხეტაფე 0:1 (0:0)

გოლი: რემი (73 პენ.)

სევილია – ალავესი 1:0 (1:0)

გოლი: ბენ იედერი (28)

ვილიარეალი – რეალი 2:2 (0:2)

გოლები: 0:1 ბეილი (11), 0:2 რონალდუ (32), 1:2 რ.მარტინესი (70), 2:2 კასტილიეხო (85)

თეგებილა ლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.059905