ფეხბურთი

12:20 | 20.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

მუნდიალი 2018, წარდგენა: კარლოს კეირუშის და ირანის ზედიზედ მეორე

მსოფლიოს ჩემპიონატი – ეს ორი სიტყვა ფეხბურთის გურმანებში ხშირად გულის აჩქარებს იწვევს. ეს, ის ტურნირია, რომელიც 4 წელიწადში ერთი თვე იმართება და ის ტურნირია, რომელიც ყოველ ჯერზე მაყურებელთა რაოდენობის მხრივ რეკორდებს ამყარებს.

ჰოდა, 4-წლიანი ლოდინი თითქმის გასრულდა. 25 დღეც და 21-ე პლანეტის პირველობა ჩვენს განკარგულებაში იქნება. WORLDSPORT.GE მონაწილე ყველა ნაკრების შესახებ დეტალურად ისაუბრებს. ამჟამად B ჯგუფის მონაწილეებზე ვსაუბრობთ, უკვე წარგიდგინეთ პორტუგალიის, ესპანეთისა და მაროკოს ნაკრებები, ხოლო ახლა ქვეჯგუფის მეოთხე წევრ ირანის ნაკრებზე ვისაუბრებთ.

მონაწილეობა – 5

ირანის ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს მეხუთედ ესტუმრება. დებიუტი კი 40 წლის წინ, არგენტინაში ჰქონდა. გარდა ამისა, იასპარეზა 1998, 2006 და 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატებზე, მაგრამ აზიელთა მაქსიმუმი ყოველთვის ეს იყო.

საუკეთესო შედეგი – ჯგუფური ეტაპი

ირანელები მუნდიალზე როგორც უკვე გითხარით ოთჯერ მონაწილეობდნენ და ჯგუფური ეტაპი არასდროს დაუძლევიათ. ეგ კი არა, ერთადერთი თამაში აქვთ მოგებული. ეს საფრანგეთში, 1998 წელს მოხდა, როდესაც ირანმა მისთვის ძალზე პრინციპული მეტოქე აშშ დაამარცხა. 21 ივნისს, ლიონში რამიდ რეზა ესტილისა და მეჰდი მაჰდავიკიას გოლებით ირანი 2:0 დაწინაურდა და ბრაიან მაკბრაიდის გვიანი გოლი მხოლოდ პრესტიჟის გამოდგა. მიუხედავად ერთადერთი გამარჯვებისა, ირანმა ზუსტად ის მატჩი მოიგო, რომელიც ალბათ მისთვის ერთ-ერთი ყველაზე პრინციპული გახლდათ. აქვე გეტყვით, რომ იმავე ჯგუფურ ეტაპზე იუგოსლავიასთან (0:1) და გერმანიასთან (0:2) ვერაფერი გააწყო.

დანარჩენ სამ შემთხვევაში, ირანმა ჯგუფი ერთი ქულით დაასრულა. 1978 წელს ჰოლანდიასთან (0:3) და პერუსთან (1:4) წააგო, ხოლო შოტლანდიასთან ისტორიული ქულა მოიპოვა (1:1, პირველი მსოფლიოს ჩემპიონატზე). 2006 წელს, გერმანიაში ტურნირი მექსიკასთან (1:3) და პორტუგალიასთან (0:2) მარცხით დაიწყო, ხოლო მესამე ტურში ანგოლასთან ფრეს გამორჩა. ოთხი წლის წინ ბრაზილიაში ირანმა ნიგერიასთან უგოლო ფრით დაიწყო და ბოსნიასთან (1:3) მარცხით დაასრულა. შუალედში კი იყო არგენტინასთან მატჩი და დიდ სენსაციამდე ცოტა დააკლდა. ლიონელ მესიმ შეხვედრის ერთადერთი გოლი 91-ე წუთზე გაიტანა.

გზა რუსეთამდე

ირანმა რუსეთამდე ორი ჯგუფური ეტაპი გაიარა. პირველად მისი მეტოქეები ომანი, თურქმენეთი, გუამი და ინდოეთი იყვნენ. რა გასაკვირია, რომ ეს ბარიერის ირანის ნაკრებმა ადვილად გადალახა და 20 ქულით ჯგუფში იპირველა. მეორე ჯგუფურ ეტაპზე კი, სამხრეთ კორეას, სირიას, უზბეკეთს, ჩინეთსა და ყატარს აჯობა. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ქვეჯგუფი ირანის ნაკრებმა უფრო დიდი უპირატესობით მოიგო, ვიდრე პირველი. 22 ქულა დააგროვა და მეორე ადგილოსან სამხრეთ კორეას 7 ქულით აჯობა. საგულისხმოა ისიც, რომ ორივე ჯგუფურ ტურნირზე ირანელებმა 18 თამაში ჩაატარეს და მარცხი არ განუცდიათ.

რუსეთში გასავლელი გზა

15 ივნისი, 2018, სანქტ-პეტერბურგი. მაროკო – ირანი

ირანის ნაკრებისთვის მუნდიალი 15 ივნისს, სანქტ-პეტერბურგში, მაროკოსთან მატჩით დაიწყება. აზიელები აფრიკელებთან აფრიკელებთან პირად შეხვედრებში წაუგებლად იმყოფებიან: 2 თამაში, 1 მოგება, 1 ფრე. 1978 წლის 15 სექტემბერს, ირანმა 2:0 იმარჯვა, ხოლო 2002 წლის 17 სექტემბერს, გუნდებმა გოლები გაცვალეს – 1:1.

20 ივნისი, 2018, ყაზანი. ირანი – ესპანეთი

მეორე შეხვედრაში ირანს გაცილებით სერიოზული გამოცდის ჩაბარება მოუწევს, რადგან თვით ესპანეთის ნაკრებს შეეჭიდება ყაზანში. “ფურია როხასთან” ეს ისტორიაში პორველი დაპირისპირება იქნება.

25 ივნისი, 2018. სარანსკი. ირანი – პორტუგალია

ირანის ნაკრები ჯგუფურ ეტაპს პორტუგალიასთან მატჩით დაასრულებს, რომელსაც სარანსკი უმასპინძლებს. აზიელები ევროპელებს აქამდე ორჯერ შეხვედრილან და ორივე თამაში წააგეს. პირველად ასეთი რამ 1972 წლის 14 ივნისს, ამხანაგურ მატჩში მოხდა. მეორედ და ჯერჯერობით უკანასკნელად კი, 12 წლის წინ. 2006 წლის 17 ივნისს, პორტუგალია და ირანი მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე დაუპირისპირდნენ. ფრანკფურტში დეკუსა და კრიშტიანუ რონალდუს გოლებით (პენალტი) პორტუგალიამ 2:0 გაიმარჯვა.

კონტიგენტი

ირანის ნაკრების ბირთვი არცთუ ისე შთამბეჭდავი გვარებითაა შევსებული. ფეხბურთელთა ძირითადი ნაწილი სამშობლოში ირჯება. თუმცა, არიან ლეგიონერებიც. მაგაკლითად რუსეთის პრემიერლიგის კლუბებიდან (“ახმატი”, “რუბინი”, “ამკარი”). ყველაზე გამოცდილია მცველი ჯალალ ჰოსეინი, რომლის აქტივში 114 მატჩი და 8 გოლია სანაკრებო დონეზე. პირეოსის “ოლიმპიაკოსის” ნახევარმცველ ეჰსან ჰაისაფის მონაგარი კი 91 თამაში და 6 გოლია. აუცილებლად უნდა ვახსენოთ აშკან დეჟაგა, რომელიც ერთი პერიოდი გერმანიის ბუნდესლიგის სტაჟიანი წევრი იყო და გერმანიის ყველა ასაკობრივ ნაკრებშიც აქვს ნათამაშები. დღეს კი ირანელთა კაპიტანია.

სავარაუდო შემადგენლობა

ვარსკვლავი

რთულია ირანის ნაკრებზე საუბრობდე და ვარსკვლავი ვინმეს უწოდო. დღევანდელი მოცემულობა ასეთია და ისიც ნათელია, რომ ირანის ნაკრებში აღარ არიან თუნდაც ისეთი დონის ფეხბურთელები, როგორებიც ალი დაე, ალი კარიმი ან მეჰდი მაჰდავიკია იყვნენ. თუმცა, ამჯერად არჩევანს 23 წლის თავდამსხმელ სერდარ აზმუნზე შევაჩერებთ.

აზმუნი ყაზანის “რუბინის” თავდამსხმელია და ეროვნულ ნაკრებში დებიუტი 2014 ელს ჰქონდა. მას შემდგომ ირანის ნაკრებში 31 მატჩი ჩაატარა და ჩინებული შედეგიანობით გამოირჩევა – 23 გოლი. აზიის შესარჩევ ეტაპზე აზმუნმა 14 შეხვედრაში 11-ჯერ გამოიჩინა თავი და დიდი წვლილი შეიტანა თავისი გუნდის მუნდიალზე მოხვედრაში. რაც შეეხება საკლუბო კარიერას – 2012-2015 წლებში “რუბინში” ირჯებოდა, მაგრმ შემდეგ “როსტოვში” გადაბარგდა და სწორედ ამ გუნდის რიგებში ჰქონდა დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე.

2016-2017 წლების სეზონში, სერდარმა ჯერ საკვალიფიკაციო ეტაპზე “ანდერლეხტი” და “აიაქსი” დაამწუხრა, ხოლო მერე ჯგუფურ ეტაპზე მადრიდის “ატლეტიკოს” და მიუნხენის “ბაიერნსაც” გაუტანა. აზმუნი “რუბინს” გასულ ზაფხულს დაუბრუნდა და პრემიერლიგაში 2017-2018 წლების სეზონში 26 თამაშში 5 გოლის გატანა მოახერხა.

მწვრთნელი

ირანის ნაკრების სათავეში უკვე 7 წლია კარლოს კეირუში იმყოფება. პორტუგალიელი სპეციალისტი, რომელმაც აზიელები ჯერ კიდევ 2011 წელს ჩაიბარა და საკმაოდ წარმატებითაც მუშაობს. თავად განსაჯეთ, ირანი ზედიზედ მეორედ თავის ისტორიაში პირველად მოხვდა მუნდიალის ფინალურ ეტაპზე.

65 წლის პორტუგალიელს საკმაოდ მრავალფეროვანი კარიერა აქვს. 1991-1993 წლებში პორტუგალიის ნაკრები ჩააბარეს, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია. მერე იყო “სპორტინგი”, “ნაგოია”, არაბეთის გაერთიანებული საამიროები, სამხრეთ აფრიკის ნაკრები (2000-2002). 2002-2003 წლების სეზონში “მანჩესტერ იუნაიტედში” თვით სერ ალექს ფერიუსონის თანაშემწე გახლდათ, ხოლო 2003 წლის ზაფხულში კეირუშმა არც მეტი, არც ნაკლები ვარსკვლავებით გაძეძგილი მადრიდის “რეალი” ჩაიბარა. თუმცა, პროქეტი ჩავარდა.

“სამეფო კლუბი” ლა ლიგაში მისთვის უჩველო მეოთხე ადგილს დასჯერდა, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე მაქსიმუმი მეოთხედფინალი გამოდგა. რა გასაკვირია, რომ კარლოსს მადრიდის დატოვება მოუხდა. და, დაბრუნდა “ოლდ ტრაფორდზე” სერ ალექსთან, სადაც კიდევ ოთხი წელი იმუშავა შოტლანდიელის ასისტენტად. ევრო 2008-ის შემდეგ კი სამშობლოში დაბრუნდა და პორტუგალიის ნაკრები გაწვრთნა. 2010 წლის მუნდიალზე ლუზიტანელებმა მხოლოდ მერვედფინალს უწიეს და კერუშიც უსამსახუროდ დარჩა. ასე ოდენ 1 წელი გაგრძელდა და 2011 წლიდან ის ირანის ნაკრებს წარმატებულად უდგას სათავეში.

ირანი – ტიტულები

აზიის თასის ჩემპიონი (3): 1968, 1972, 1976

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113757