ფეხბურთი

15:46 | 7.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგის ფინალს სერბები განსჯიან, ევროპა ლიგას - ჰოლანდიელები

უეფამ ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის ფინალურ მატჩებზე არბიტრები დანიშნა. ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 26 მაისს, კიევში, მადრიდის “რეალისა” და “ლივერპულის” დაპირისპირებას სერბ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება - მთავარი არბიტრის მილორად მაჟიჩის ხელმძღვანელობით, რომელსაც დაეხმარებიან მილოვან რისტიჩი და დალიბორ ჯურჯევიჩი. მეოთხე მსაჯის ფუნქციას ფრანგი კლემენ ტურპენი შეასრულებს, დამატებითი თანაშემწეები კი ნენად ჯოკიჩი და დანილო გრუიჩი იქნებიან.

45 წლის მილორად მაჟიჩი 2009 წლიდან საერთაშორისო კატეგორიის მსაჯია. მიმდინარე სეზონში მან ჩემპიონთა ლიგის ოთხ და ევროპა ლიგის ორ მატჩზე იმსაჯა. ასევე, ის მოემსახურა 2017 წელს ჩილესა და გერმანიის ნაკრებთა ფინალურ შეხვედრას კონფედერაციათა თასზე.

რაც შეეხება ევროპა ლიგის ფინალს, 16 მაისს, “მარსელისა” და “ატლეტიკოს” შეხვედრაზე მთავარ მსაჯად უეფამ 45 წლის ჰოლანდიელი ბორნ კეიპერსი დანიშნა, რომელსაც მისივე თანამემამულეები - სანდერ ვან რუკელი და ერვინ ზეინსტერი დაეხმარებიან. მეოთხე მსაჯის ფუნქციას პოლონელი შიმონ მარჩინიაკი შეასრულებს. დამატებითი ასისტენტები კი ჰოლანდიელები - დანი მაკელი და პაულუს ვან ბუკელი იქნებიან.

ბორნ კეიპერსი 2006 წლიდან საერთაშორისო კატეგორიის მსაჯია. მიმდინარე სეზონში ის ჩემპიონთა ლიგის სამ მატჩს მოემსახურა. კეიპერსს ევროპა ლიგის ფინალზე მსაჯობის გამოცდილებაც აქვს - 2013 წელს “ბენფიკასა” და “ჩელსის” შეხვედრას გაუძღვა.

სტატისტიკა
0.330712