ფეხბურთი

3:25 | 4.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

ევროპა ლიგის ფინალი: “მარსელი” – “ატლეტიკო”

ევროპა ლიგის 2017/2018 წლების სეზონის ფინალისტები “მარსელი” და “ატლეტიკო” არიან, რომლებიც ერთმანეთს 16 მაისს, “პარკ ოლიმპიკ ლიონზე” დაუპირისპირდებიან და რანგით მეორე ევროტურნირის მოგებას შეეცდებიან.

“ატლეტიკომ” გასულ კვირას “ემირეითს სთედიუმზე” თითქმის მთელი შეხვედრა 10 კაცით ითამაშა, თუმცა მაინც სასურველი შედეგი (1:1) დააფიქსირა და საშინაო მატჩს ფავორიტის სტატუსით შეხვდა, რომელიც აბსოლუტურად გაამართლა და ფინალში დამსახურებულად გავიდა.

დიეგო სიმეონეს შეგირდებმა მეტოქეს აშკარად აჯობეს და ნათლად გამოჩნდა, რომ “როხიბლანკო” ამ ეტაპზე გაცილებით უკეთესი გუნდია, ვიდრე "არსენალი". ერთადერთი სათამაშო კომპონენტი, რომელშიც სტუმრებს მცირე უპირატესობა ჰქონდათ, ბურთის ფლობა იყო, თუმცა ყველასთვის ცნობილია, რომ მადრიდელები ბურთის დიდხანს ჭერით ნამდვილად არ გამოირჩევიან და არსენ ვენგერის გუნდისთვის ეს ბევრი ვერაფერი მიღწევაა.

გოლის გატანა “არსენალს” სჭირდებოდა, მაგრამ ლონდონელებს გააზრებული შეტევების განხორციელება ძალიან უჭირდათ და მთელი მატჩის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ შეძლეს კარში ზუსტად დარტყმა. მადრიდელებს კი, გატანილი გოლის გარდა, კიდევ არაერთი სახიფათო მომენტი ჰქონდათ.

მადრიდელები ძალიან ჭკვიანურად თამაშობდნენ. დაცვაში ყველა ზონა საიმედოდ ჰქონდათ ამოკეტილი და ყურადღებით ირჯებოდნენ, ხოლო შეტევაში საკუთარ შანსებს ელოდნენ და ასეთი ბევრი მიიღეს.

მასპინძლებს ანგარიშის გახსნა მე-6 წუთზე შეეძლოთ, ნაჩო მონრეალის შეცდომის შემდომ, დიეგო კოშტა მახვილი კუთხიდან ურტყამდა, მაგრამ დავიდ ოსპინას კარს ზემოდან გადააცილა. 38-ე წუთზე უკვე ანტუან გრიზმანს შეეძლო გატანა, რომლის ახლოდან დარტყმული ოდნავ ასცდა კოლუმბიელის კარს, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში “არსენალი” უკვე ვეღარ გადარჩა: ანტუან გრიზმანმა დროული გადაცემით დიეგო კოშტა მეკარესთან პირისპირ დატოვა, რომელმაც შანსი ხელიდან არ გაუშვა და მეტოქეს გოლი გასახდელში გაატანა.

“არსენალისთვის” ბევრი არაფერი იცვლებოდა: მათ ერთი გოლი ისედაც ყველა ვარიანტში გასატანი ჰქონდათ, ოღონდ ამჯერად დამატებით დროში გასაყვანად. “მეთოფეები” მეორე ნახევარშიც ვერ გამოიყურებოდნენ სათანადოდ, აარონ რემსის და ჰენრიხ მხითარიანს კარგი მომენტები კი ჰქონდათ, მაგრამ 100%-იან საგოლე შანსებს ვერ ვუწოდებთ და ალბათ სწორი იქნება, თუ ვიტყვით, რომ “ატლეტიკო” უფრო ახლოს გახლდათ მეორე გოლთან, ვიდრე “არსენალი” გათანაბრებასთან. მადრიდელთაგან შანსები გრიზმანს, კოშტას და ტორესს ჰქონდათ, მაგრამ გადამწყვეტ ფაზაში ვერ ივარგეს და ანგარიში აღარ შეცვლილა – 1:0.

“ატლეტიკო” 2009/2010 წლების შემდგომ, მეხუთედ გავიდა ევროტურნირების ფინალში: 2009/2010 და 2011/2012 წლებში ევროპა ლიგა მოიგეს, ხოლო 2013/2014 და 2015/2016 წლებში ჩემპიონთა ლიგის ფინალებში “რეალთან” დამარცხდნენ.

ურთულესი მისიის წინაშე გახლდათ “ზალცბურგი”, რომელსაც “ველოდრომზე” “მარსელთან” 0:2 ჰქონდა წაგებული, თუმცა ავსტრიელებმა ბოლომდე იბრძოლეს და ფინალში გასასვლელად ძალიან ცოტა დააკლდათ.

პირველი ტაიმი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა და თითქოს ამ წყვილში ყველაფერი გარკვეული გახლდათ, მაგრამ მეორე ნახევარში მოვლენები საპირისპიროდ წარიმართა. ჰაიდარამ 53-ე წუთზე ბრწყინვალე სოლო რეიდი მოაწყო, ოთხი მეტოქე ჩამოიშორა და საჯარიმოში შეიჭრა, საიდანაც ბუცის წვერით დაარტყა და იოჰან პელე უშანსოდ დატოვა, ხოლო 65-ე წუთზე უკვე სარის ავტოგოლი ვიხილეთ, თუმცა ეს ბურთი ჩასათვლელი აშკარად არ გახლათ, რადგან ჰაიდარას მიერ საჯარიმოში გაკეთებული პასის დროს, მისი ორი გუნდელი თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა, თუმცა მსაჯებს ეს ეპიზოდი აშკარად გამორჩათ. გარდა ამისა, იყო კიდევ ერთი ეპიზოდი, რომელშიც ფრანგები აშკარად დაიჩაგრნენ: ჩალეტა-სარს საკუთარ საჯარიმოში ბურთი ხელზე მოხვდა, მაგრამ პენალტი არ დაინიშნა.

შეხვედრა დამატებით დროში გადავიდა, სადაც კვლავ მსაჯის შეცდომა აღმოჩნდა გადამწყვეტი, ამჯერად "მარსელის" სასარგებლოდ: 116-ე წუთზე სერგეი კარასევმა არარსებული კუთხური დანიშნა, რომელსაც შეცვლაზე შემოსული როლანდოს გოლი მოჰყვა და ფრანგული გუნდი ფინალში გავიდა – 2:1.

“მარსელი” 2003/2004 წლების შემდგომ, ევროთასების ფინალში პირველად გავიდა. მაშინ ზღვისპირელები უეფას თასის ფინალში “ვალენსიასთან” დამარცხდნენ (0:2). 14 წლის შემდეგ კი, ევროპა ლიგის გადამწყვეტ მატჩში, კვლავ ესპანურ კლუბს დაუპირისპირდებიან, თანაც საკუთარ ქვეყანაში.

ატლეტიკო – არსენალი 1:0 (1:0)

მადრიდი, “ვანდა მეტროპოლიტანო”

ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი, ხიმენესი, გოდინი, ლუკასი, ტეიე (სავიჩი 93), კოკე, გაბი, საული, ვიტოლო (ა.კორეა 74), გრიზმანი, კოშტა (ტორესი 83).
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

არსენალი (4-3-2-1): ოსპინა, კოშელნი (ჩემბერსი 12), მუსტაფი, მონრეალი, ბელერინი, უილშირი (მხითარიანი 68), ჯაკა, რემსი, უელბეკი, ოზილი, ლაკაზეტი.
მწვრთნელი: არსენ ვენგერი

გოლი: კოშტა (45+2)
გაფრთხილებები: გაბი, საული, კოშტა – უილშირი, მონრეალი, მუსტაფი
მსაჯი: ჯანლუკა როკი (იტალია)

ზალცბურგი – მარსელი 2:1 დ.დ. 2:0 (0:0)

ზალცბურგი, “რედ ბულ არენა”

ზალცბურგი (4-3-1-2): უალკე, ჩალეტა-სარი, რამალიო, ლეინერი, ალმერი (პონგრაჩიჩი 96), ბერიშა, სამასეკუ, ჰაიდარა, შლახერი (მინამინო 84), გულბრანდსენი (ჰუანგი 69), დაბური.
მწვრთნელი: მარკო როუზი

მარსელი (4-2-3-1): პელე, რამი, გუსტავო, ამავი, სარი, მ.ლოპესი (ზამბო ანდრე-ფრენკი 66), სანსონი (როლანდო 101), ტოვენი, ოკამპოსი, პაიე, ჟერმენი (ნ’ჯიე 84).
მწვრთნელი: რუდი გარსია

გოლები: 1:0 ჰაიდარა (53), 2:0 სარი (65 ს.კ.), 2:1 როლანდო (116)
გაფრთხილებები: ჰაიდარა, რამალიო, კალეტა-სერი, დაბური – სარი, მ.ლოპესი, რამი, ჟერმენი, პაიე, ამავი, როლანდო, პელე
გაძევება: ჰაიდარა (119)
მსაჯი: სერგეი კარასევი (რუსეთი)

0.139087