ფეხბურთი

2:20 | 2.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

"რეალ(ურ)ი" ფინალი (+VIDEO)

ზედიზედ მესამე ფინალი, ზედიზედ მესამე ტიტული? – ამ კითხვაზე პასუხი 26 მაისს გვეცოდინება, იქამდე კი ვიცით, რომ მადრიდის “რეალი” ჩემპიონთა ლიგის ფინალშია. “სამეფო კლუბმა” მძიმედ, მაგრამ მაინც შეინარჩუნა ერთი კვირის წინ მიუნხენში მოპოვებული უპირატესობა და კიევში გამგზავრების უფლება ირგუნა.

თამაშით თუ ვიმსჯელებთ, როგორც დღეს, ისე “ალიანც არენაზე”, “ბაიერნი” უფრო ისმახურებდა ფინალის საგზურს. “ბაიერნი” იყო უფრო აგრესიული და უფრო კრეატიული, ვიდრე მეტოქე, მაგრამ ფეხბურთი ასეთია – სათამაშო უპირატესობა ზოგჯერ გამარჯვების საწინდარი არაა.

ჟერომ ბოატენგი, არტურო ვიდალი, მანუელ ნოიერი, არიენ რობენი და პირველ მატჩში დავიდ ალაბაც. ეს უდიდესი ძალაა და არავინ იცის მათი ყოფნის შემთხვევაში, შეძლებდა თუ არა “რეალი” “რეკორდმაისტერის” დამარცხებას. ევროპული კლასიკა კი ნამდვილად შეგდა.

ისევე როგორც “იუვენტუსთან”, “რეალმა” ახლაც სწრაფი გოლი გაუშვა (ერთი წუთით გვიან). ჯოშუა კიმიხმა სერხიო რამოსის ცუდი თამაშით მშვენივრად ისარგებლა და ისევ გაუტანა კეილორ ნავასს. იმ კეილორ ნავასს, რომელმაც ფანტასტიკური მატჩი ჩაატარა, 8 სეივი შეასრულა და ასეთი რამ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში პირველად გააკეთა. “ბაიერნი” უპირატესობას ფლობდა. უფრო ლაღად თამაშობდა, ხოლო “რეალი” შეტევაში დაუბალანსელი იყო. მიუხედავად ამისა, ანგარიში მალევე გათანაბრდა. მარსელომ ქარიმ ბენზემას იდეალური პასი გაუკეთა და ფრანგს ისღა დარჩენოდა შეეგდო. შემდეგ თამაში ჩვეულ რიტმში გაგრძელდა, “ბაიერნი” უტევდა, “რეალი” – ხელს უშლიდა. იყო მომენტებიც და იყო საკამათო ეპიზოდი. ტაიმის ბოლო წუთზე მარსელო საჯარიმოში ხელით თამაშობს, თუმცა თურქი ჩიუნეთ ჩაქირის სასტვენი დუმდა... ტაიმიც ასე გასრულდა.

მეორე ნახევრის დაწყება და მადრიდელთა გოლი ერთი იყო. გოლი, რომელიც მასპინძელთა პრესინგს მოჰყვა, რა დროსაც, კორენტინ ტოლისო სიტუაციაში ვერ გაერკვა, სვენ ულრაიხს უხერხული პასი მისცა და ვერც “ბაიერნის” კარის დარაჯი გაერკვა სიტუაციაში, ფეხი დაუცდა და იქ ბენზემა იყო – ფრანგმა ცარიელ კარში გაიტანა. ეს უკვე დიდი ნაბიჯი იყო ფინალისკენ. “რეკორდმაისტერს” აუცილებლად ორი გოლი ჰქონდა გასატანი.

ერთი მალევე გაიტანა. ხამეს როდრიგესმა ყოფილი გუნდი დაამწუხრა, სიტყვა შეასრულა და გოლი არ აღნიშნა. ზეწოლა გაიზარდა. იუპ ჰაინკესის გუნდი თითქოს მესამე გოლს უახლოვდებოდა, მაგრამ ამ დღეს კეილორ ნავასი არასდროს დაივიწყებს. ტოლისოს საერთოდ საოცარი ბურთი აუღო და თავის გუნდს კიევისკენ წარუძღვა.

არ შეიძლება არ ვახსენოთ ზინედინ ზიდანი - ფრანგმა "რეალი" ზედიზედ მესამედ გაიყვანა ჩემპიონთა ლიგის ფინალში. მწვრთნელთაგან ასეთი შედეგი მხოლოდ იტალიელებს, ფაბიო კაპელოსა და მარჩელო ლიპის აქვთ გაკეთებული. პირველმა "მილანი" 1993-1995 წლებში მიიყვანა გადამწყვეტ მატჩამდე, მეორემ "იუვენტუსი" 1996-1998 წლებში. თუმცა, ზიზუს მიღწევა ლეგენდარულ იტალიელებთან შედარბეით უკვე უფრო ფასობს. რატომ? - ფრანგმა წინა ორი ფინალი მოიგო, კაპელომ და ლიპიმ კი, მაშინ სამი ცდიდან ერთხელ მოახერხეს ოქროს მედლების მოპოვება...

“ბაიერნმა” თამაშში აჯობა, მაგრამ ფინალში “რეალია”, ბოლო 5 წელიწადში მეოთხედ და ზედიზედ მესამედ. აქამდე ყველა ფინალი “სამეფო კლუბის” ტრიუმფით სრულდებოდა. ვნახოთ რა იქნება ახლა, შეაჩერებს ზიდანის გუნდის ჰეგემონიას “ლივერპული” ან გნებავთ, “რომა”? – ვნახოთ.

“რეალი” – “ბაიერნი” 2:2 (1:1) VIDEO

მადრიდი, “სანტიაგო ბერნაბეუ”

მაყურებელი: 77 459

“რეალი” (4-4-2): ნავასი; ვასკესი, ვარანი, სერხიო რამოსი, მარსელო; კროოსი, მოდრიჩი, კოვაჩიჩი (კაზემირო 73), ასენსიო (ნაჩო 88); ბენზემა (ბეილი 72), რონალდუ

მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

“ბაიერნი” (4-2-3-1): ულრაიხი; კიმიხი, ჰუმელსი, ზულე, ალაბა; ტოლისო (სანდრო ვაგნერი 74), ტიაგო ალკანტარა; მიულერი, ხამესი (ხავი მარტინესი 84), რიბერი; ლევანდოვსკი

მწვრთნელი: იუპ ჰაინკესი

გოლები: 0:1 კიმიხი (3), 1:1 ბენზემა (11), 2:1 ბენზემა (46), 2:2 ხამესი (63)

გაფრთხილება: მოდრიჩი (62), ვასკესი (65), ვარანი (88), კაზემირო (89)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 8 (3) – 13 (8) ბურთის ფლობა: 44%-56% კუთხურები: 6:11 თამაშგარე: 3:0

მსაჯი: ჩიუნეთ ჩაქირი (თურქეთი)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.529135