ფეხბურთი

2:06 | 30.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლი" ფლორენციაში ჩამოაგდეს

გმირობიდან ანტიგმირობამდე ერთი ნაბიჯია. ასე მოხდა კალიდუ კულიბალის შემთხვევაშიც. სენეგალელმა ერთი კვირის წინ “იუვენტუსს” ბოლო წუთზე გაუტანა და “ნაპოლის” საჩემპიონო ოცნება რეალობას მიუახლოვდა.

თუმცა, კულიბალი “ფიორენტინასთან” მატჩის მერვე წუთზე წითელ ბარათს გამოჰკრავს ხელს და, “აძური” ისევ წამგებიან პოზიციაში აღმოჩნდება. “არტემიო ფრანკიზე” “ნაპოლი” მეტად მოტივირებული ჩავიდა და თითქოს მეტოქესაც თავი არ უნდა მოეკლა, მაგრამ თურმე ისე არ ქუხდა, როგორც წვიმდა. ჯოვანი სიმეონემ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ კარიერაში საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა. კულიბალის ანტიგმირობაც მისი დამსახურებაა – სწორედ არგენტინელმა მოუგო პოზიცია, მეკარესთან პირისპირ რჩებოდა, მაგრამ “ნაპოლის” უკანახაზელმა ყველაფერი გააკეთა, რომ თამაშის წესი დაერღვია. მსაჯმა პენალტის ნიშნულისკენ გაიშვირა ხელი და ფეხბურთელი ყვითელი ბარათით დასაჯა, თუმცა მალავე ვიდეორეფერი ჩაერთო საქმეში. აქ ყველაფერი შეიცვალა: პენალტის ნაცვლად ჯარიმა დაინიშნა, ხოლო ვინაიდან სიმეონემ კულიბალის ბურთზე თამაში დაასწრო და უკანასკნელი იმედის ჯარიმა იყო, სენეგალელი გააწითლეს. “ნაპოლი” 10 კაცით დარჩა და ამოცანაც გართულდა. თუმცა, აქ საკამათო არაფერი ყოფილა – მსაჯებმა სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღეს.

“ფიორენტინა” კარგად თამაშობდა, “ნაპოლი” კი აშკარად არ ყოფილა ხასიათზე. ნათელი იყო, რომ გოლის გატანა დროის ამბავი გახლდათ. ასეც მოხდა – კრისტიანო ბირაგის საოცარი პასის შემდეგ სტუმართა დაცვა აშკარად ჩავარდა და სიმეონე მეკარესთან პირისპირ კიდევ ერთხელ დარჩა. ამჯერად, ის არავის წაუქცევია და ანგარიშიც გაიხსნა. მაურიციო სარის გუნდი კი, ვერაფრის შეცვლას ახერხებდა მიუხედავად იმისა, რომ მთელი სეზონის შრომა წყალში ეყრებოდა. მეტიც, მეორე ტაიმში “იების” უპირატესობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა. სიმეონემ ჯერ დაცვისა და მეკარის ცუდი თამაშით ისარგებლა და დუბლი შეასრულა, ხოლო ბოლო წუთზე მეკარესთან პირისპირ კიდევ ერთხელ დარჩა და ჰეთ-თრიქი გაიფორმა. მოკლედ, “ნაპოლი” დაეცა. სარის გუნდმა 2016 წლის ოქტომბრის შემდეგ პირველად წააგო საგარეო მატჩი იტალიის ჩემპიონატში. “ნაპოლიმ” მხოლოდ ოთხჯერ დაარტყა კარისკენ, მაშინ, როდესაც “ფიორენტინამ” 28 დარტყმა განახორციელა მისი კარის მიმართულებით. ეს სარის ეპოქაში ყველაზე ცუდი შედეგია. სხვაგვარად რომ ვთქვათ, “ნაპოლიმ” ბოლო წლების უცუდესი თამაში ჩაატარა და სკუდეტოს მოპოვების შანსი ძალიან შეიმცირა. ნეაპოლში კი, ზეიმი აშკარად მოუჩქარდათ...

რომის “ლაციომ” დიდი ნაბიჯი გადადგა ჩემპიონთა ლიგაზე დასაბრუნებლად. “ბიანკოჩელესტემ” ტურინში “ტორინო” სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩის გოლით დაამარცხა და “ინტერს” უკვე 4 ქულაზე მოსცილდა. სიმონე ინძაგის გუნდმა დასაწყისშივე დაკარგა ლიდერი ჩირო იმმობილე, ხოლო ლუის ალბერტომ პენალტი გააცუდა. მიუხედავად სირთულეებისა, “არწივები” უპირატესობას ფლობდნენ და დამსახურებულად იმარჯვეს.

დიდი ბრძოლაა გაჩაღებული: “ატალანტა”, “მილანი”, “სამპდორია” და “ფიორენტინა” არაფრის დათმობას არ აპირებენ. ბერგამოელებმა “ჯენოას”, ხოლო გენუელებმა “კალიარის” პრობლემების გარეშე აჯობეს. მოიგო “მილანმაც”, რომელიც სტუმრად “ბოლონიას” გაისწორდა ჰაკან ჩალჰანოღლუსა და ჯაკომო ბონავენტურას გოლებით. ხსენებულ 4 გუნდს შორის სხვაობა მხოლოდ 4 ქულაა. თუმცა წინ კიდევ უფრო ცოტა, 3 ტურია დარჩენილი.

და რახდება ქვემოთ? – ყველაზე დაძაბული ვითარება სწორედ გადარჩენისთვისაა. გავარდნილმა და 10 კაციანმა “ბენევენტომ” “უდინეზეს” არაფერი დაუთმო და ბაკარი სანიას ბოლო წუთზე გატანილი გოლით ქულა მოიპოვა – 3:3. ამით “ბენევენტოს” დიდი ვერაფერი, მაგრამ “უდინეზემ” კი მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა. იგორ ტუდორის დებიუტი კი სასურველი ნამდვილად არ ყოფილა. ერთი კია, “ფრიულელებმა” 11 მატჩიანი წაგებების სერია დაასრულეს. თუმცა, გასავარდნი ზონისგან სხვაობა ოდენ სამი ქულაა.

სერია B უკვე ჰორიზონტზე მოსჩანს “ვერონასთვის”, რომელმაც საკუთარ მოედანზე უშუალო კონკურენტ “სპალთან” უშანსოდ წააგო და ახლა სასწაულიღა თუ იხსნის. “სპალმა” კი ამ გამარჯვებით თავი დააღწია ბოლოდან მესამე ადგილს. იქ სამაგიეროდ, “კიევო” ჩაეშვა, რომელმაც თავის მხრივ შაბათს იწვნია მორიგი მარცხი. გაიმარჯვა “კროტონემ” და სიტუაცია გამოისწორა.

“უდინეზე”, “კროტონე”, “კალიარი”, “სპალი”, “კიევო” – ჩამოთვლილ გუნდებს შორის სხვაობა 3 ქულაა...

“კროტონე” – “სასუოლო” 4:1 (3:1)

გოლები: 1:0 ტროტა (3), 2:0 სიმი (16), 3:0 ტროტა (31), 3:1 ბერარდი (45, პენ), 4:1 სიმი

“ატალანტა” – “ჯენოა” 3:1 (2:0)

გოლები: 1:0 ბაროუ (16), 2:0 კრისტანტე (22), 3:0 ილიჩიჩი (74), 3:1 ველოზუ (81)

“ბენევენტო” – “უდინეზე” 3:3 (1:1)

გოლები: 0:1 ვიდმერი (13), 1:1 ვიოლა (23), 2:1 კოდა (76, პენ), 2:2 ლასანია (78), 2:3 ლასანია (79), 3:3 სანია (90)

“ბოლონია” – “მილანი” 1:2 (0:2)

გოლები: 0:1 ჩალჰანოღლუ (34), 0:2 ბონავენტურა (45), 1:2 დე მაიო (74)

“ვერონა” – “სპალი” 1:3 (1:1)

გოლები: 1:0 ვალოტი (13), 1:1 ფარეში (45, ა.გ), 1:2 ფელიპე (71), 1:3 კურტიჩი (90)

“სამპდორია” – “კალიარი” 4:1 (3:0)

გოლები: 1:0 პრატი (7), 2:0 კვალიარელა (26), 3:0 კოვნაცკი (45), 3:1 პავოლეტი (49), 4:1 რამირესი (87)

“ფიორენტინა” – “ნაპოლი” 3:0 (1:0)

გოლები: 1:0 სიმეონე (34), 2:0 სიმეონე (62), 3:0 სიმეონე (90)

“ტორინო” – “ლაციო” 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 მილინკოვიჩ-სავიჩი (56)

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.73698