ძიუდო

16:15 | 29.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

ზურაბ ზვიადაური: "ამოიღეთ ხმა, სანამ დროა”

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ოლიმპიური ჩემპიონი, ძიუდოისტი ზურაბ ზვიადაური ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების გამოსვლას ფეისბუქით გამოეხმაურა.

"დღეს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატზე შედეგი - 0! მე როგორც ერთ-ერთმა ძიუდოისტმა და გულშემატკივარმა, მინდა კომენტარი გავაკეთო დღევანდელ მდგომარეობაზე, რა ხდება ძიუდოში! არ ვიცი, საიდან დავიწყო... დიდი ხანია ვამბობ, რომ დავით ქევხიშვილი ანადგურებს ძიუდოს და მომკითხავი სამწუხაროდ არავინაა! მინდა ყველამ ამოიღოს ხმა, ვისაც ესმის სპორტი და ვისაც შესტკივა გული დღევანდელ მდგომარეობაზე. შეიძლება დამაბრალონ, რომ მე ინტერესი მაქვს ფედერაციის, მაგრამ აქვე გავიმეორებ, არანაირი ინტერესი არ გამაჩნია გარდა კეთილდღეობისა! მინდა ქართული ძიუდო ისევ იმ ადგილს დაუბრუნდეს, სადაც წლების წინ იყო! ავთანდილ ჭრიკიშვილს შეკრებაზე რომ არ წაიყვან, პირველი ნომრები რომ თავისი ხარჯებით გაემგზავრებიან შეჯიბრზე, არ შეუქმნი პირობებს, იმის გამო რომ ფედერაციას ფული არ აქვს, ეს ტყუილია! ფედერაციამ 6-თვიანი შეკრება მოუწყო ახალგაზრდებს "პლეხანოვის” დარბაზში, თავისი სასტუმროთი და კვებით! აი სად მიდის თანხები ფედერაციიდან! გადაამოწმეთ თუ ვინმეს გაინტერესებთ და დარწმუნდებით! და კიდევ, ფედერაციის პრეზიდენტი რომ უწყვეტს სპორტსმენს, დადგება თუ არა ევროპის ჩემპიონატზე ან ნებისმიერ შეჯიბრებაზე და მწვრთნელს ფუნქციას უკარგავს! აი ეს არის დღევანდელი ძიუდოს ფედერაცია! მეგობრებო და ძიუდოს გულშემატკივრებო, ამოიღეთ ხმა! სანამ დროა და ბოლომდე არ ჩაძირულა ის ძიუდოს ნაკრები, რომლითაც ამაყობდით თქვენ და მთლიანად საქართველო” – დაწერა ზვიადაურმა თავის ფეისბუქ-გვერდზე.

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები 26-28 აპრილს თელ ავივში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საოცრად წარუმატებლად გამოვიდა. ტიტულოვანი სპორტსმენებით დაკომპლექტებული 9-კაციანი გუნდის ვერც ერთმა წევრმა ვერ შეძლო საპრიზო სამეულში მოხვედრა და საბოლოო ჯამში, ირაკლი ცირეკიძის გაწვრთნილმა გუნდმა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ევროპირველობაზე უარესი შედეგი აჩვენა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.130868