ფეხბურთი

3:25 | 29.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

ვაკო გვილიას გაცუდებული პენალტი და "იანგ ბოიზის" ნანატრი ჩემპიონობა (+VIDEO)

შვეიცარიის სუპერლიგის 32-ე ტურში ვაკო გვილიას “ლუცერნმა” მეტად დასანანი მარცხი განიცადა ერთპიროვნულ ლიდერ “იანგ ბოიზთან” – 1:2.

სტუმრებს ტოლი არაფერში დაუდიათ მეტოქისთვის და ერთი ხანობა უგებდნენ კიდეც, მაგრამ 89-ე წუთზე ჟან პიერ ნსამემ ბერნელებს სამი ქულა მოუტანა. თუმცა, ვინ იცის, ეგებ “ლუცერნს” მოეგო კიდეც ეს მატჩი, რომ არა უიღბლობა...

სხვას ვერაფერს დავარქმევთ 77-ე წუთზე მომხდარს: “იანგ ბოიზის” კარში პენალტი დაინიშნა, რომლის შესასრულებლად გვილია მივიდა. ჩვენებურს მარკო ვოლფლიმ აუღო, მერე ბურთი ხარიხასაც მოხვდა... იმ დროს ანგარიში 1:1 იყო. მე-80 წუთზე ვაკო შეცვალეს. მიუხედავად გაცუდებული თერთმეტრიანისა, ქართველ ნახევარმცველს ურიგო მატჩი ნამდვილად არ ჩაუტარებია, თანაც ტრავმის შემდეგ ეს გახლდათ პირველი თამაში ძირითად შემადგენლობაში.

“ლუცერნს” 32 ტურში მოპოვებული 46 ქულით მესამე ადგილი უკავია და ამ დროისთვის ევროპა ლიგის ზონაში იმყოფება.

"იანგ ბოიზმა" კი, სეზონის დასრულებამდე 4 ტურით ადრე, ჩემპიონობა გაიფორმა. ნსამეს გოლმა "ყვითლებს" შვეიცარიის ჩემპიონის ტიტული ისტორიაში მეთორმეტედ, ხოლო 1986 წლის შემდეგ პირველად მოუტანა. მოკლედ, ბერნში დიდი ზეიმი გახლდათ...

0.131869