ფეხბურთი

2:52 | 29.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

დრამა "დერბი დ'იტალიაში"

ტურინის “იუვენტუსმა” ბეწვის ხიდზე გაიარა, მაგრამ პირველი გამოცდა ჩააბარა და 35-ე ტურის შემდეგ ლიდერობას აუცილებლად შეინარჩუნებს.

ემოციები დუღდა საფეხბურთო “ლა სკალაში”, სადაც “გრანდე დერბი დ’იტალია” გაიმართა. “ინტერს” თავისი მიზნები და ამოცანები ამოძრავებს, “იუვენტუსს” – თავისი. მოკლედ, ადვილი მისახვედრი იყო, რომ “ჯუზეპე მეაცაზე” დიდი ბრძოლა იქნებოდა. ასეც მოხდა. შეხვედრა ჩინებული სანახავი გამოდგა და თანაც ძალიან სკანდალური.

“იუვენტუსმა” თამაში გაცილებით აქტიურად დაიწყო და უკვე მე-13 წუთზე მოახერხა წინ გასვლა. დუგლას კოშტამ ახლო მანძილიდან გაიტანა. ორ წუთში კი, მატჩის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი ეპიზოდთან გვქონდა საქმე. მარიო მანჯუკიჩის წინააღმდეგ მატიას ვესინო უხეშობს. მსაჯი დანიელე ორსატო მას ყვითელ ბარათს უჩვენებს, მაგრამ მალევე საქმეში ვიდეორეფერი ერთვება. ორსატო გამეორების ნახვის მერე კი, გადაწყვეტილებას ცვლის და ვესინო გასახდელის გზას გაუყენა. ბუნებრივია, ამას დიდი ვნებათა ღელვა მოჰყვა, მაგრამ რამდენადაც გამოჩნდა, ურუგვაელმა მართლაც იუხეშა. ამას, მანჯუკიჩის ფეხის ფოტოებიც მოწმობს, რომელიც იტალიურ მედიაში მრავლად გაჩნდა. მიუხედავად ამისა, ორსატოს მსაჯობაში იყო ბევრი წუნი.

ტაიმის ბოლო წუთზე ბლეზ მატუიდიმ სხვაობა გაზარდა, გოლი ჩაითვალა. თუმცა, თავიდნავე ჩანდა, რომ ფრანგი თამაშგარე მდგომარეობაში იყო. სანამ საქმეში ისევ ვიდეორეფერი არ ჩაერთო და გოლი არ გაუქმდა, ტაბლოზე 0:2 ენთო...

ორსატოს რაც შეეხება – აშკარად დაინდო მირალემ პიანიჩი. ტურინელთა ბოსნიელმა ნახევარმცველმა 21-ე წუთზე მიიღო გაფრთხილება და მერე ორჯერ აშკარად იმსახურებდა მეორე ყვითელ ბარათს. განსაკუთრებით, მეორე ტაიმში, როდესაც რაფინიასთან ბრძოლაში დაარღვია თამაშის წესი. მიუხედავად ამისა, პიანიჩი არ გაწითლდა და თამაში გააგრძელა.

თამაში მეორე ტაიმის სტარტიდანაც გაგრძელდა. მასიმილიანო ალეგრის გუნდი რიხობრივი უპირატესობის გამოყენებას ვერაფრით ახერხებდა და ამასობაში, ტურინელთა კარს “ინტერიც” შემოეჩვია. 52-ე წუთზე ჟოაო კანსელომ საჯარიმო შეასრულა და იდეალურად ჩააგდო ბურთი ჯიჯი ბუფონის ბაქანზე. იქ მაურიტო იკარდიმ ოდნავ, მაგრამ შესაშურად და საგოლედ შეუცვალა ბურთს მიმართულება. ეს იყო იკარდის მერვე გოლი “იუვენტუსის” კარში...

“სან სირო”, ნეაპოლიც, ზეიმს მიეცნენ. “ინტერი” კარგად გრძნობდა, რომ მეტოქეს თამაში არ მისდიოდა და თავად სცდილობდა მწვავედ შეტევებში გადასვლას. ამან შედეგი 65-ე წუთზე მეორედ გამოიღო. ივან პერიშიჩმა ხუან კუდრადო ადვილად მოატყუა და კარის გასწვრივ გაუშვა ბურთი. იქ, გამოცდილი ანდრეა ბარძალი დაიბნა და საკუთარი კარი დალაშქრა. ეს უკვე ნიშნავდა, რომ “იუვენტუსის” ჩემპიონობის დაკარგვის სერიოზული საფრთხის წინაშე დადგომას. ალეგრიმ უმალვე ცვილელები განახორციელა და პრინციპში ამან შედეგი გამოიღო.

პაულო დიბალამ და ფედერიკო ბერნარდესკიმ გაამწვავეს სტუმართა შეტევა. არგენტინელს სამირ ჰანდანოვიჩს ჩინებული საჯარიმო აუღო. 87-ე წუთზე კი, დიბალამ უკვე ხუან კუადრადოს შეაყოლა გადასარევად ბურთი, კოლუმბიელმა ჩაწოდება სცადა, გზად მილან შკრინიარს მოხვდა და, ავტოგოლი – 2:2. მალევე, “იუვე” წინ გავიდა. ბერნარდესკიმ მოიპოვა სტანდარტი, რომელსაც დიბალას ჩაწოდება და გონსალო იგუაინის გამარჯვების მომტანი გოლი მოჰყვა.

არ შეიძლება არ აღვნიშნოთ, ლუჩანო სპალეტის უცნაური გადაწყვეტილება. გამოცდილმა სპეციალისტმა 85-ე წუთზე მაურო იკარდის ნაცვლად მოედანზე დავიდე სანტონი შეუშვა. სწორედ სანტონმა ვერ გაანეიტრალა ჯერ კუადრადო (მეორე გოლისას) და მერე იგუაინი. თამაშის შემდეგ, სპალეტიმ აღიარა, რომ შეცდა. იკარდი კი სათადარიგო სკამზე ტირილს ვერ იკავებდა.

მოკლედ, “დერბი დ’იტალია” შედგა. “იუვენტუსი” “ნაპოლის” ოთხ ქულაზე დაშორდა, მაგრამ მაურიციო სარის გუნდი დღეს ფლორენციაში ითამაშებს. “ნერაძურისთვის” ჩემპიონთა ლიგის ჰიმნის მოსმენა კი, სავარაუდოდ, ისევ გადაიწევს.

ტური კი, რომში დაიწყო, სადაც “რომამ” “კიევოს” უმასპინძლა და შანსი არ დაუტოვა. “ჯალოროსიმ” მეორე ტაიმი კაცნაკლულმა ჩაატარა, მაგრამ ამან თამაშზე გავლენა ვერ იქონია. ახლა, “რომა” მესამე ადგილზე დამაჯერებლად მოკალათდა, მაგრამ მანამდე, მთავარი მატჩი წინაა – ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალი “ლივერპულთან”.

“რომა” – “კიევო” 4:1 (2:0)

რომი, “სტადიო ოლიმპიკო”

მაყურებელი: 35 000

“რომა” (4-3-2-1): ალისონი; ბრუნო პერესი, ფაციო, ჟუან ჟესუსი, კოლაროვი; პელეგრინი (გონალონსი 78), დე როსი, ნაინგოლანი; შიკი (მანოლასი 60), ელ შაარავი; ჯეკო (ჟერსონი 84)

მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო

“კიევო” (4-4-2): სორენტინო; დეპაოლი (იაროშინსკი 28), ბანი (გამბერინი 46), ტომოვიჩი, კაჩატორე; კასტრო (ბირსა 79), რიგონი, რადოვანოვიჩი, ჰეტემაი; ინგლეზე, პუჩარელი

მწვრთნელი: როლანდო მარანი

გოლები: 1:0 შიკი (9), 2:0 ჯეკო (40), 3:0 ელ შაარავი (65), 4:0 ჯეკო (67), 4:1 ინგლეზე (88)

გაფრთხილება: კოლაროვი (24), ნაინგოლანი (90) – ჰეტემაი (28), ბირსა (90)

გაძევება: ჟუან ჟესუსი (56)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 16 (10) – 10 (7) ბურთის ფლობა: 55%-45% კუთხურები: 3:7 თამაშგარე: 3:3

მსაჯი: ჯანპაოლო კალვარეზე

“ინტერი” – “იუვენტუსი” 2:3 (0:1)

მილანი, “ჯუზეპე მეაცა”

მაყურებელი: 78 000

“ინტერი” (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი; კანსელო, შკრინიარი, მირანდა, დ’ამბროზიო; ვესინო, ბროჟოვიჩი; კანდრევა, რაფინია, პერიშიჩი; იკარდი

მწვრთნელი: ლუჩანო სპალეტი

“იუვენტუსი” (4-3-3): ბუფონი; კუადრადო, რუგანი, ბარძალი, ალექს სანდრო; ხედირა (დიბალა 61), პიანიჩი (ბენტანკური 80), მატუიდი; დუგლას კოშტა, იგუაინი, მანჯუკიჩი (ბერნარდესკი 66)

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

გოლები: 0:1 დუგლას კოშტა (13), 1:1 იკარდი (52), 2:1 ბარძალი (65, ა.გ), 2:2 შკრინიარი (87, ა.გ), 2:3 იგუაინი (89)

გაფრთხილება: დ’ამბროზიო (58), ბროჟოვიჩი (88) – კუადრადო (5), პიანიჩი (21), ბარძალი (45), მანჯუკიჩი (52), ალექს სანდრო (77)

გაძევება: ვესინო (15)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 8 (5) – 13 (7) ბურთის ფლობა: 40%-60% კუთხურები: 2:8 თამაშგარე: 1:2

მსაჯი: დანიელე ორსატო

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.421278