ფეხბურთი

21:38 | 23.04.2018 | ნანახია 1591 - ჯერ

სამხრეთული ვნებათაღელვა

იტალიის სერია A-ს ასეთი დაძაბული საჩემპიონო რბოლა დიდი ხანია არ ახსოვს. სეზონის ფინიშზე ჩახლართული ვითარება უკანასკნელად 6 წლის წინ, 2011-2012 წლების სეზონში იყო, როდესაც “იუვენტუსი” და “მილანი” ეცილებოდნენ ტიტულს ერთმანეთს. იქედან მოყოლებული კი, მიჯრით 5 სეზონი “ბებერი ქალბატონი” კონკურენციის გარეშე აღწევდა წარმატებას.

წესით, ახლაც ასეთი მდგომარეობა უნდა ყოფილიყო. თავად განსაჯეთ, “იუვეს” 34 ტურში 85 ქულა აქვს. განვლილ 6 სეზონში კი, ხსენებული ტურისთვის ამაზე მეტი ქულა ერთადერთხელ, 2013-2014 წლების სეზონში ჰქონდა მოპოვებული. მიუხედავად იმისა, რომ ქულათა რაოდენობა მართლაც ბევრია, მასიმილიანო ალეგრის გუნდის ახლოსაა, რომ 6 წლიანი ჰეგემონია დაასრულოს.

რატომ? – კითხვაზე პასუხს “ნაპოლი” ჰქვია. ნეაპოლელებს არსებობის ისტორიაში საუკეთესო სეზონი აქვთ სერია A-ში მოპოვებული ქულების მიხედვით. 84 ქულა “აძურის” 34 ტურის თავზე არასდროს მოუხვეჭავს და ახლა სამხრეთელები ძალიან ახლოს არიან მესამე სკუდეტოსთან და 28 წლიანი პაუზის შემდგომ პირველ ჩემპიონობასთან. არადა, ერთი კვირის წინ თითქმის უიმედო მდგომარეობა იყო. “ნაპოლი” დიდი ხანი ლიდერობდა. თუმცა, პირველ წრეში “სან პაოლოზე” “იუვეს” გამარჯვებამ ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. და მაინც, მაურიციო სარის გუნდი ლიდერობას ინარჩუნებდა. ყველაფერი თავდაყირა “რომასთან” საშინაო მარცხის შემდეგ დადგა. “ნაპოლიმ” ლიდერობა დაკარგა. ერთი კვირის წინ კი, ჩამორჩენამ 6 ქულა შეადგინა და თითქოს ინტრიგა მოკვდა. თუმცა, თურმე, ისე არ წვიმდა, როგორც ქუხდა. “იუვენტუსმა” ჯერ აუტსაიდერ “კროტონესთან” ითამაშა ამაზრზენად, მერე კი, უშუალო კონკურენტთან.

“ბებერი ქალბატონი” იტალიის ქალაქებში სძაგთ და განსაკუთრებით ნეაპოლში. ეს ზიზღი გუშინ არ დაწყებულა, მაგრამ ყველაფერს განსაკუთრებული ელფერი 2016 წელს, გონსალო იგუაინის ტრანსფერმა შესძინა. საჩემპიონო მატჩი, როგორც ტურინულ დაპირისპირებას დაერქვა, ჯერ კიდევ მსაჯის სასტვენამდე დაიწყო. მაურიციო სარის გუნდის ავტობუსს “ალიანც სთედიუმთან” ტურინელი ტიფოზები ობსტრუქციით დახვნდნენ და საპასუხო სარისგან შუა თითის კომბინაცია მიიღეს. მაგრამ ეს არაფერი იმასთან, რაც უშუალოდ მოედანზე მოხდა.

“იუვენტუსი” უბრალოდ იყო საშინელი, შეიძლება ითქვას ყველაზე ცუდი 90 წუთი ტურინელთა ისტორიაში 2011 წლიდან მოყოლებული. მატჩი ისე დასრულდა, რომ “იუვეს” მეტოქის კარის ჩარჩოში არ დაურტყამს. დამყარდა ანტირეკორდიც – “იუვემ” 2011 წლის მერე, მას შემდეგ, რაც ახალ სტადიონზე გადავიდა, მეტოქის კარის ჩარჩოში პირველად ვერ დაარტყა. მიუხედავად ამისა, ყველაფერი მაინც მასპინძელთათვის სასურველი სცენარით, ნულოვანი ფრისკენ მიდიოდა. ეს იქამდე, სანამ ხოსე კალეხონმა კუთხური არ ჩააწოდა, კალიდუ კულიბალი მედჰი ბენატიას ბავშვივით გაუსწორდა და კარიერის ენდშპილში მყოფი ჯიჯი ბუფონის კარში ლურსმანივით არ დააჭედა ბურთი.

ეს შესაძლოა, ისტორიული, საჩემპიონო გოლიც გამოდგეს. როგორც უნდა იყოს, კონკრეტულ მატჩში “ნაპოლიმ” გამარჯვება დაიმსახურა, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ “აძური” უკვე ჩემპიონია. ამას მარტივი მიზეზი გააჩნია – “იუვენტუსი” ჯერაც ფლობს ერთქულიან ჰანდიკაპს და სიმართლე რომ ვთქვათ, ყველაფერი მის ხელთაა. “ბებერმა ქალბატონმა” ამ ორი კვირის წინ მადრიდის “რეალთან” თითქმის შეუძლებელი შეძლო და ისეთი თამაში აჩვენა, თქვენგან მოწონებული. მაგრამ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ტურინელები “სანტიაგო ბერნაბეუზე” დარჩნენ. იქედან მოყოლებული მათი თამაში ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. რაც მთავარია, საშინელ ფორმაში არიან გუნდის ლიდერები, პაულო დიბალა, გონსალო იგუაინი. იტალიაში კი, მაქს ალეგრის ტურინული ვოიაჟის დასასრულზე ალაპარაკდნენ.

ნამატჩევს ალეგრი იხტიბარს არ იტეხდა და აღნიშნა, რომ ეს იყო საშინელი თამაში:

“საშინელი მატჩი იყო. სეზონში უცუდესი. ჩვენ არ გვქონია საგოლე მომენტები, მაგრამ დიდად ამ მხრივ მეტოქეც არ გამორჩეულა. ყველაფერი ერთმა ეპიზოდმა გადაწყვიტა. ჩვენთვის ეს სეზონში 57-ე მატჩი იყო, მაშინ, როდესაც “ნაპოლი” დეკემბრის შემდეგ მხოლოდ ჩემპიონატზეა კონცენტრირებული”, - აღნიშნა ალეგრიმ.

თავის მხრივ, მაურიციო სარი ჯერაც თავშეკავებულ განცხადებას აკეთებს:

“ბედნიერი ვართ იმით, რომ ჩვენი ხალხი გავახარეთ. თუმცა, სკუდეტოსთვის ბრძოლაში არაფერი შეცვლილა. “იუვენტუსი” ისევ ჩვენზე წინაა და ფავირიტია. შუა თითი? – ეს ჟესტი მხოლოდ იმ ადამიანებს ეკუთვნოდათ, რომლებმაც ჩვენი გუნდი შეურაცხყვეს”, - სარი.

დიახ, “ნაპოლი” ისევ უკანაა, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია იმაში, რომ ნეაპოლში ნამდვილი ზეიმი გამართულიყო. ქალაქის აეროპორტში ფეხბურთელებს 10 ათასამდე ტიფოზი დახვდათ, ხოლო ფიესტა “კაპოდიჩინოს” მოედანზე გაგრძელდა, სადაც 20 ათასი ნეაპოლელი გამოვიდა და საყვარელი გუნდის ესოდენ მნიშვნელოვანი გამარჯვება მთელი ღამის განმავლობაში აღნიშნეს.

ნეაპოლი ეიფორიამ მოიცვა. იყო ბევრი ფეიერვერკიც და ამის მიზეზი ნამდვილად ჰქონდათ. მაგრამ ჩნდება კითხვა: ხომ არ აჩქარდა ნეაპოლი?!

სეზონის დასრულებამდე 4 ტური დარჩა. გაგაცნობთ ორივე გუნდის კალენდარს:

35-ე ტური: “ინტერი” – “იუვენტუსი”, “ფიორენტინა” – “ნაპოლი”.

36-ე ტური: “იუვენტუსი” – “ბოლონია”, “ნაპოლი” – “ტორინო”

37-ე ტური: “რომა” – “იუვენტუსი”, “სამპდორია” – “ნაპოლი”

38-ე ტური: “იუვენტუსი” – “ვერონა”, “ნაპოლი” – “კროტონე”

ბევრი პროფესორობა არ სჭირდება იმის მტკიცებას, რომ კალენდარი “ნაპოლის” წისქვილზე ასხმას წყალს. “იუვეს” ორი ურთულესი გასვლითი მატჩი აქვს ჩასატარებელი და მართლაც ადვილი შესაძლებელია, რომ ფეხი დაუცდეს. მიუხედავად ამისა, ყველამ კარგად იცის, რომ ალეგრის გუნდს სწორედ მაშინ შეუძლია კონცენტრირება, როცა ამის აუცილებლობა არსებობს. ტურინელთა თავკაცმა “ნაპოლისთან” მატჩამდე განაცხადა, რომ ეს შეხვედრა ნეაპოლელთათვის იქნებოდა გადაწყვეტი, ხოლო ნამატჩევს დასძინა, “ინტერთან” ჩვენთვის იქნება გადამწყვეტი მატჩიო. ძნელია, ალეგრის ამაში შევედაოთ. ფაქტი კი, ფაქტად დარჩება: კალჩო ერთადერთია ტოპ ჩემპიონატებში, სადაც საჩემპიონო ინტრიგა ჯერაც ცოცხალია და ეს სენეგალელი კალიდუ კულიბალის თავის დამსახურებაა.

ჰო, ადვილი შესაძლებელია, გუნდებმა სეზონი თანაბარი ქულებით დაასულონ და რა მოხდება ასეთ შემთხვევაში? იტალიაში მთავარი ურთიერთშეხვედრებია, თუმცა, აქაც სრული თანაფარდობაა. ტურინში “ნაპოლიმ” მოიგო, ნეაპოლში “იუვენტუსმა” – ორივემ 1:0. შესაბამისად, ყველაფერს ბურთების შეფარდება გადაწყვეტს, რომელშიც უპირატესობას, თანაც საგრძნობს, “იუვე” ფლობს: 78:20 – 71:23.

ძალიან მაგარი ერთი თვე გველოდება!

იუვენტუსი   2 - 1    ვერონა

შემადგენლობა

მოვლენები

ჯენოა   1 - 2    ტორინო

შემადგენლობა

მოვლენები

უდინეზე   1 - 0    ბოლონია

შემადგენლობა

მოვლენები

ნაპოლი   2 - 1    კროტონე

შემადგენლობა

მოვლენები

კიევო   1 - 0    ბენევენტო

შემადგენლობა

მოვლენები

კალიარი   1 - 0    ატალანტა

შემადგენლობა

მოვლენები

მილანი   5 - 1    ფიორენტინა

შემადგენლობა

მოვლენები

სპალ   3 - 1    სამპდორია

შემადგენლობა

მოვლენები

სასუოლო   0 - 1    რომა

შემადგენლობა

მოვლენები

ლაციო   2 - 3    ინტერი

შემადგენლობა

მოვლენები

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
11:36 | 24.04.2018
federerjamesliverpooldelpotro (7996)

რთულია წინასწარ ვერაფერს იტყვი ძაან მაგარი თამაშები იქნება

10:57 | 24.04.2018
ბაგი-რეი (1023)

გამახსენდა აბურჯანიას ხიმნასტიკი ძალიან ახლოს რომ იყო პრიმერაში გადასვლასთან როცა ლეგანესი ერთი ქულით იყო წინ. იუვესთვის კალენდარს არააქვს აზრი. დიდი გუნდია და რომ ვინმემ თქვას მოწყინდა ჩემპიონობაო... ჯერ ბუფონს ჩახედოს თვალებში.

23:54 | 23.04.2018
capello (205)

იზეიმეთ იზეიმეთ მით უფრო სასიამოვნო სკუდეტო იქნება წელევანდელი.ვაი თქვენს პატრონსDDDDDDDDDD

სტატისტიკა
1.441173