ფეხბურთი

12:50 | 12.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

შავ-თეთრი ღირსება

„იუვენტუსის“ გულშემატკივარი ბევრი, ბევრი წლის წინ გავხდი. მეგობრის მამამ შავ-თეთრ „გრუნდიგზე“ ჩართო, დაიჭირა ფეხბურთი და მაშინ გავიცანი ეს გუნდი. გამოსახულება წყდებოდა, სიგნალი ცუდი იყო, ჩვენც მანიაკებივით თექვსმეტივე ღილაკს (ტელევიზორს მეტი არ ჰქონდა) ვაჭერდით თითებს და მაინც ვერაფერს ვერ ვცვლიდით. არ მახსოვს, ვის ხვდებოდა „იუვენტუსი“. მახსოვს, რომ იქ იყო „იუვენტუსი“. მას მერე სულ ასე ვარ. ვუფრთხილდები მეხსიერებას და ამ გუნდს. მხოლოდ „იუვეს“ ვიმახსოვრებ. ძალიან იშვიათად, იმ მეორე გუნდს, რომელსაც ჩვენ ვხვდებით.

პლატინის და ბონეკის გუნდი თითქმის არ მახსოვს. ცოტა მეტი თამაში იცით, რომელი „იუვეს“ მონაწილეობით ვნახე? ზავაროვი, ბაროში რომ იყვნენ. ისე რა, ცუდი გუნდი არ იყო, მაგრამ სხვებმა სწორი არჩევანი გააკეთეს, „ნაპოლიში“ დიეგო ქმნიდა, „მილანი“ ჰოლანდიური ნაღებით აივსო, „ინტერი“ გერმანულად საუბრობდა და აქეთ, ტურინში ნიჭიერი და ნულოვანი ქარიზმის მქონე არაიტალიელები დარბოდნენ. რობერტო ბაჯომ „იუვენტუსს“ ტიტულები დაუბრუნა (უეფას თასიც თემაა. მაშინ, ეს, იმ „მილანთან“ ჩეხვაში მაქსიმუმი იყო). და შემდეგ გავიცანი ჩემი საყვარელი ფეხბურთელი. ალესანდრო დელ პიერო.

მოჭიდავე პერუცი, ფსიქოფატი ტორიჩელი, მძლეოსანი დი ლივიო, ფიზკულტურის მასწავლებელი დეშამი, პიტბული დავიდსი, ყოველთვის სხვის მაგივრად შარდის ანალიზის ჩამბარებელი რამპულა, მკაცრი კონტე და მორცხვი ბირინდელი, უჟმური მონტერო და ყველაზე სახიფათო ცხვირის მქონე ფერარა, დამჯერი ტაკინარდი, პოდიუმის ინძაგი, ჩვეულებრივი და სანდო სოუზა, გენიოსი ზიდანი, ერთგული ნედვედი.

ეს გუნდი იყო ღირსება და ამ გუნდთან ერთად თამაშს არ ვტოვებდი. გული დამწყვიტა წვიმაში წაგებულმა ჭიდაობამ, როდესაც „იუვემ“ ბოლო ტურში დაკარგა ჩემპიონობა და პირველზე „ლაციო“ გავიდა. გული დამწყდა „რეალთან“ ფინალში სამართლიანი წაგების გამო, მიატოვიჩმა რომ შეაგდო. და კიდევ ერთხელ, „ბორუსიასთანაც“. სადაც ალესანდრომ პატარა შედევრი შექმნა. თავისი ტრავმირებული ფეხით. იმ წაგებებით, იმ ტკივილით „იუვენტუსი“ უფრო ახლო, უფრო დიდი მეგობარი გახდა. თითქოს, სისხლის ერთი ჯგუფი გვქონდა და მეც, სხვებიც მზად ვიყავით, რომ პირველივე დაძახებაზე მეგობრისთვის სისხლი, სითბო, ყურადღება მიგვეცა.

იყო სერია B, იყო გუნდში დარჩენილი გმირები და ზედიზედ ორჯერ დელ პიერო სხვადასხვა დონეზე საუკეთესო ბომბარდირი გახდა. იყო კიდევ რამდენიმე წაგებული ფინალი ჩემპიონთა ლიგაზე და იცით, რა არ მიდიოდა?

სიამაყე. ღირსება. ერთგულება. სიყვარული. რწმენა.

ჩემთვის „იუვენტუსი“ ეს ხუთი სიტყვაა.

სხვას მეტი აქვს მოგებული და „იუვე“ მაინც უფრო ძლიერია. სხვას მეტი გულშემატკივარი ჰყავს ტვიტერზე და „იუვეს“ სიყვარული არ არის ერთჯერადი. სხვები გვიგებენ და „იუვეს“ არმია მათ, მოწინააღმდეგეებს ტაშით, პატივისცემით აცილებს. ისევე, როგორც მადრიდში დელ პიერო გააცილეს. იმ მომენტში დიდი პატივი ვეცი „რეალს“. და უფრო მეტი პატივი ამ გუნდის ყველა გადარეულ გულშემატკივარს.

და „იუვენტუსის“ ოჯახში შესვლა მეტ ღირსებას ითხოვს.

ბუფონი კარიერას ჩემპიონთა ლიგის მოგებული ფინალის გარეშე დაამთავრებს. ალბათ.

თავი დახარეთ და მადლობა გადაუხადეთ ამ კაცს, რომელიც ყოველთვის ყველაზე გემოვნებიანი მეკარე იყო. ისე გადახტებოდა, რომ გულშემატკივრის პულსი დაუშვებელზე მაღლა ადიოდა.

ბუფონს გოლი თითქმის ყველა მაგარმა ტიპმა გაუტანა. ვინც ფეხბურთის თამაში ხოშიანად იცის, ვინც მართლა ყომარობს და ვინც მთქმელია, ბუფონს ყველამ აწყენინა. და ბუფონმაც ყველას აწყენინა. და ეს იყო პატივისცემის, სიდიადის წლები.

მაშინ, ბევრი წლის წინ „გრუნდიგში“ „იუვენტუსი“ გავიცანი. გამოსახულება შავ-თეთრი იყო და ის გუნდიც შავ-თეთრი ფორმით დარბოდა. იმ შავ-თეთრმა გუნდმა ფერადი ოცნება და სპორტის სიყვარული მაჩუქა.

სიამაყე. ღირსება. ერთგულება. სიყვარული. რწმენა.

ჩემთვის „იუვენტუსი“ ეს ხუთი სიტყვაა.

სამუდამოდ.

ზურა თალაკვაძე

თეგებიიუვენტუსი
Loading...
0.142109