ფეხბურთი

2:17 | 11.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

საფეხბურთო სასწაული მარადიულ ქალაქში (+VIDEO)

“სტადიო ოლიმპიკოზე” ახლახანს რაც მოხდა, ნაკლებად შეიძლება ეწოდოს სხვა რამ – ეს გახლდათ საფეხბურთო სასწაული. “ნოუ კამპზე” გამართული შეხვედრის შემდგომ, რომელშიც “ბარსელონამ” 4:1 იმარჯვა, ორრაუნდიან წყვილში ერთი შეხედვით ყველა კითხვის ნიშანი გამქრალი იყო და ვიღაცას რომ ეთქვა, შემდეგ ეტაპზე “რომა” გავაო, ან “მგლების” თავდაგადაკლულ ფანად ჩათვლიდნენ ან სულაც გიჟად...

საერთოდ სხვა თამაში ვიხილეთ. ისეთი თამაში, რომლის მიხედვითაც, რთული წარმოსადგენი გახლდათ, რომ ერთი კვირის წინ, “ბარსელონამ” “რომა” საკმაოდ იოლად და დამაჯერებლად დაამარცხა. მოედანზე ერთი გუნდი დომინირებდა, ხოლო მეორეს არაფერი გამოსდიოდა და წესიერად ვერც მეტოქის შეტევებს უშლიდა ხელს.

ეუსებიო დი ფრანჩესკომ პირწმინდად დაჩაგრა ერნესტო ვალვერდე, რომელიც უკვე კრიტიკის ქარ-ცეცხლშია გახვეული და გულშემატკივრების და მედიის აბსოლუტური უმრავლესობა, ამ კრახში სწორედ მას თვლის მთავარ დამნაშავედ, რაშიც სიმართლის მარცვალი ნამდვილად დევს. იტალიელებმა სპეციალისტმა საკუთარი გუნდი ჩინებულად მოამზადა. სათამაშო დეტალებს რომ თავი დავანებოთ, რომელთაგან პირველ რიგში გამოსარჩევია უმაღლესი დონის პრესინგი, ყველაზე მთავარი, ფსიქოლოგიური ფაქტორია. 48 წლის მწვრთნელმა ერთი კვირის განმავლობაში ჩინებულად იმუშავა და საკუთარ შეგირდებს არწმუნა, რომ “ბარსელონას” გაგდება შეეძლოთ.

შეხვედრის დასაწყისი სტუმართათვის კარგს არაფერს მოასწავებდა: დანიელე დე როსის გრძელი გადაცემის შემდეგ, ედინ ჯეკომ ბურთი მშვენივრად მიიღო და მეორე შეხებით ახლო მანძილიდან ანგარიში გახსნა. მასპინძლებზე გატანილმა გოლმა ჩინებულად იმოქმედა, იტალიელებმა თავიანთი ძალების კიდევ უფრო ირწმუნეს და მრისხანე მოწინააღმდეგეს გაცილებით თამამად შეუტიეს. პატრიკ შიკს და ედინ ჯეკოს მეორე ბურთის გატანის ძალიან კარგი შანსები ჰქონდათ, მაგრამ ჩეხი ფორვარდის თავური სულ ოდნავ აცდა ტერ შტეგენის კარს, ხოლო ჯეკოს გერმანელმა კიპერმა აუღო. ტაიმი 1:0 დასრულდა.

ერნესტო ვალვერდემ შესვენება საერთოდ ვერ გამოიყენა და ვერანაირი დადებითი ცვლილება ვერ განახორციელა. პირიქით, მეორე ტაიმის დაწყებისთანავე “რომა” კიდევ უფრო გააქტიურდა და უფრო მაგრად შეუტია. 57-ე წუთზე კი ხერარდ პიკე საკუთარ საჯარიმოში ედინ ჯეკოს ეჭიდავა და ხელი იქამდე არ გაუშვა, სანამ ბოსნიელი არ წააქცია, რასაც 11-მეტრიანის დანიშვნა მოჰყვა, რომელიც დანიელე დე როსიმ უნაკლოდ შეასრულა და მოედანზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა, “რომას” სასწაულამდე ერთი გოლიღა აშორებდა.

“ჯალოროსიმ” შეტევები განაგრძლო, რაჯა ნაინგოლანს ძლიერი დარტყმა არ გამოუვიდა და ტერ შტეგენმა ბურთი დაიჭირა, ხოლო დე როსის დუბლის შესრულებამდე სულ ცოტა დააკლდა – მისი თავურის შემდეგ, ბურთმა სანტიმეტრებში ჩაუარა სტუმართა კარს.

ეუსებიო დი ფრანჩესკომ შესანიშნავი ტაქტიკა რომ შეარჩია უკვე ვთქვით და შეცვლებიც ძალიან კარგი გამოუვიდა. უნდერი და ელ შაარავი ძალიან კარგად ჩაერთვნენ და მალევე ამ უკანასკნელს ტერ შტეგენმა ახლო მანძილიდან ურთულესი დარტყმული აუღო.

“რომა” იმდენად მონდომებული და კარგი იყო, რომ საცოდაობა გახლდათ 90 წუთის შემდგომ, მოედანი დამწუხრებულებს დაეტოვებინათ. 82-ე წუთზე უნდერმა კუთხური მოაწოდა, ნელსონ სემედუს კოსტას მანოლასი გამოეპარა და თავური დარტყმით მესამე გაიტანა, რამაც “სტადიო ოლიმპიკო” ღრიანცელისგან კინაღამ დაანგრია! “რომა” ამ შედეგით შემდეგ ეტაპზე გადიოდა.

ვალვერდემ მოედანზე უმალ ალკასერი და დემბელე შემოუშვა, რომელსაც უნდა ითქვას, რომ სტუმართაგან ყველაზე რეალური შანსი შეექმნა დამატებულ წუთებზე: ალისონმა პიკეს დაასწრო და ბურთი მოიგერია, რომელიც დემბელეს მიუვიდა და მანაც ცარიელ კარში დაარტყა, მაგრამ ზემოდან გადააცილა და “რომამ” ალბათ ყველასთვის წარმოუდგენელი შედეგი დააფიქსირა, ხოლო “ბარსელონა” მარადიულ ქალაქში დაეცა – 3:0.

გეტყვით, რომ 1984 წლის შემდგომ “რომა” ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ნახევარფინალში პირველად ითამაშებს.

რომა – ბარსელონა 3:0 (1:0)

რომი, “სტადიო ოლიმპიკო”

რომა (3-5-2): ალისონი, მანოლასი, ფასიო, ჟეზუსი, სტროოტმანი, დე როსი, ნაინგოლანი (ელ შაარავი 77), კოლაროვი, ფლორენცი, შიკი (უნდერი 73), ჯეკო.
მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო

ბარსელონა (4-4-2): ტერ შტეგენი, პიკე, უმტიტი, ალბა, სემედუ (დემბელე 85), ბუსკეტსი (ალკასერი 85), რაკიტიჩი, რობერტო, ინიესტა (გომეში 81), ლ.სუარესი, მესი.
მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

გოლები: 1:0 ჯეკო (6), 2:0 დე როსი (58 პენ.), 3:0 მანოლასი (82)
გაფრთხილებები: ფასიო, ჟეზუსი – პიკე, მესი, ლ.სუარესი
მსაჯი: კლემენტ ტურპინი (საფრანგეთი)
ბურთის ფლობა: 45%-55%; დარტყმა: 16 (7)–8 (2); კუთხური: 6-3; ჯარიმა: 19-10; სეივი: 2-4

0.331205