ზაზა ფაჩულიას საკალათბურთო აკადემია U 16 საქართველოს ჩემპიონატშიც დომინირებს. სამი გუნდი, ერთი ლიდერი, კარგი პერსპექტივა და ის, რაც ამ აკადემიის გუნდებს დანარჩენი მონაწილეებისგან გამოარჩევს - უმაღლესი პროფესიონალიზმი. ზაზას აკადემია სამაგალითოდ კარგი და სტაბილურია. ამ ასაკის სამივე გუნდში მუშაობს დავით მუმლაძე. მშრომელი ახალგაზრდა, რომელიც პარალელურად, სამოყვარულო ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა და ამ საინტერესო ჩემპიონატზეც ხელს უწყობს ზაზას აკადემიის წინსვლას. მუმლაძე ზაზა 1 და ზაზა 2-ის გუნდებში ასისტენტია და მესამე გუნდში მთავარი მწვრთნელის საინტერესო როლშია შესული. დათო გუნდთან ერთად იზრდება და ეს გადამდებია სხვა მწვრთნელებისთვის. დათოს პირველ წრეზე დაველაპარაკეთ. ვუსმენთ. - რამდენად კმაყოფილი ხართ ამ ასაკში ნაჩვენები შედეგით? - დავით მუმლაძე: პირველი გუნდის შედეგი იდეალურია. 13 თამაში, 13 მოგება. საინტერესოდ წავიდა შეხვედრა მთავარ კონკურენტთან - "დინამოსთან". თავიდან, გვქონდა პრობლემები, მაგრამ მეორე ტაიმში მეტი კონცენტრაციით, დაცვაში ნაკლები შეცდომით გამოვასწორეთ ყველაფერი და მოვიგეთ. მეორე წრეში უკეთესი კალათბურთი უნდა ვითამაშოთ. რაც შეიძლება ნაკლები შეცდომა უნდა დავუშვათ დაცვაშიც და შეტევაშიც. ჩემთვის აქ მუშაობა ძალიან ბევრს ნიშნავს. მოვედი თუ არა აკადემიაში, რამდენიმე თვეში ზორან პენოს ასისტენტად დამნიშნეს და U 16 პირველ გუნდში დღემდე მისი ასისტენტი ვარ. პენო ძალიან მაღალი დონის სპეციალისტია და მეც მიადვილდება მასთან მუშაობა. თავს კომფორტულად ვგრძნობ და მისგან ბევრს ვსწავლობ. - ზაზა 2-ის გამოსვლაც შევაფასოთ. - დ.მ: "შედეგის (1:12) მიუხედავად, ძალიან პერსპექტიული გუნდია, რომელიც თითქმის მთლიანად 2003 წელს დაბადებული ბავშვებით არის დაკომპლექტებული. ამ ასაკში მინუს ერთი წელიწადი ბევრს ნიშნავს. ბიჭები სწავლობენ, ყურადღებით გვისმენენ და უმატებენ. შეიძლება, ეს ჯერ არ გადადის შედეგში, მაგრამ საერთო პროგრესი აუცილებლად იქნება. მეორე წრეში შედეგიც და თამაშის ხარისხიც გამოსწორდება. ახალი შეკრებილი გუნდია, რომელიც იზრდება. - ზაზა 3. იქ, სადაც თქვენ მთავარი მწვრთნელი ხართ. - დ.მ: "ცხრილის შუაში (13 თამაში, 6:7) ვართ. ფლეი ოფის ზონასთან ახლოს ვზივართ. წავაგეთ რამდენიმე თამაში, რომელიც არ უნდა წაგვეგო. ეს ქულები მეორე წრეში უნდა დავიბრუნოთ. სასიამოვნოა, რომ ვარჯიშებზე ბიჭები უმატებენ. ეს ბევრს ნიშნავს. მეორე წრეში უკეთესი შედეგი გვექნება. უნდა გვქონდეს. - ტურნირი მოგწონთ? - დ.მ: "ბავშვებისთვის ეს კარგი ტურნირია. აქვთ გასვლები და ეს მათ დიდ გამოცდილებას აძლევს. არის ნიუანსები, რაც აუცილებლად უნდა გამოსწორდეს. ველოდებით მეორე წრის დაწყებას და ვემზადებით კონკრეტული თამაშებისთვის, უბრალოდ, არ ვიცით ვის და როდის ვხვდებით. მაგრამ იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე ამასაც გავიგებთ. ზურაბ თალაკვაძე







