ფეხბურთი

4:30 | 6.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

მასპინძელთა დომინირება ევროპა ლიგაზე

ევროპა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის პირველი რაუნდის ოთხივე შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა. “ატლეტიკომ” და “არსენალმა” ისეთი ანგარიშებით მოიგეს, რომ ცალი ფეხით (თუ ორივეთი არა) ნახევარფინალში არიან, ხოლო დანარჩენი ორი წყვილის განმეორებით დაპირისპირებაში, წესით საინტერესო ბრძოლა უნდა ვიხილოთ.

“ატლეტიკო” “ვანდა მეტროპოლიტანოზე” “სპორტინგს” დაუხვდა და ორი უპასუხო გოლი გაუტანა. თუმცა, თამაშის გათვალისწინებით ვერ ვიტყვით, რომ მთლად ლოგიკური და სამართლიანი ანგარიში გახლდათ. პორტუგალიურმა კლუბმა საკმაოდ კარგად ითამაშა, რეალური საგოლე მომენტებიც შექმნა და ორივე გაშვებული ბურთი თავად მოიგონა, მაგრამ სწორედ ესაა კლასი და განსხვავება ამ კლუბებს შორის.

მასპინძლებმა ანგარიში 23-ე წამზევე გახსნეს: სებასტიან კოატესმა უწყინარ სიტუაციაში ბურთი დიეგო კოშტას ჩააბარა, რომელმაც მარტივი გადაცემით კოკე მეკარესთან პირისპირ დატოვა და მანაც შანსი არ გაუშვა. “სპორტინგს” ამის შემდეგ ორი ძალიან მაგარი მომენტი ჰქონდა: მე-13 წუთზე ბას დოსტის თავური ოდნავ ასცდა ობლაკის კარს, ხოლო 32-ე წუთზე კიპერთან პირისპირ დარჩენილმა ჟელსონმა ვერ ივარგა. სამაგიეროდ, საკუთარი მომენტი გოლად აქცია ანტუან გრიზმანმა, რომელმაც მე-40 წუთზე ჟერემი მატიეს უხეში შეცდომა შეირგო და პორტუგალიელთა კარის ბადე მეორედ აიღო.

მეორე ნახევრის დაწყებისთანავე კოატესი კიდევ ერთხელ შეცდა უხეშად და დიეგო კოშტა მეკარესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ რუი პატრისიო ვერ მოატყუა და სტუმრები გადარჩნენ. ჟორჟე ჟეზუსის შეგირდებს გოლის გატანის 100%-იანი შანსი 93-ე წუთზე ჰქონდათ: ბრაიან რუისის დარტყმულს ობლაკი გაუმკლავდა, დამატებაზე კი, მეკარის საჯარიმოს ხაზიდან ფრედი მონტერომ კარს ზემოდან გადააცილა და პორტუგალიური გუნდი ფაქტობრივად გამოუვალ მდგომარეობაში დარჩა – 2:0.

“არსენალმა” “ემირეითს სთედიუმზე” მოსკოვის ცსკას უმასპინძლა და ყველაფერი პირველივე ტაიმში მოამთავრა. მე-9 წუთზე “მეთოფეებმა” ძალიან კარგი შეტევა გაშალეს, რომელიც ბელერინის კარგი პასით და აარონ რემსის გოლით დასრულდა. რუსებმა მეტოქეს სათანადო პასუხი მალევე გასცეს და მე-15 წუთზე გოლოვინმა ძალიან ლამაზი საჯარიმო დარტყმით წონასწორობა აღადგინა, მაგრამ სტუმართა სიხარულმა მცირე ხანს გასტანა: 22-ე წუთზე შენიკოვმა საკუთარ საჯარიმო მესუთ ოზილი წააქცია, რასაც პენალტის დანიშვნა და ალექსანდრე ლაკაზეტის გოლი მოჰყვა, ხუთ წუთში კი მასპინძლებმა კიდევ ერთი ჩინებული კომბინაცია გაითამაშეს და რემსიმ ასევე მშვენივრად დაასრულა. 35-ე წუთზე კი აარონს, ლაკაზეტმა მიბაძა, მანაც დუბლი გაიფორმა და როგორც ერთი საათის შემდგომ გაირკვა, ტაბლოზე საბოლოო ანგარიში ააციმციმა – 4:1.

უხვგოლიანი შეხვედრა გაიმართა “სტადიო ოლიმპიკოზე”, სადაც შეკრებილმა გულშემატკივარმა სასიამოვნო და კარგი საყურებელი თამაში იხილა, რომელიც მათი საყვარელი კლუბის გამარჯვებით დასრულდა. ტაიმი ფრედ დასრულდა: ლულიჩის ადრეულ გოლს, “ზალცბურგიდან” ბერიშამ ზუსტი 11-მეტრიანით უპასუხა.

“არწივებისთვის” მეორე ნახევარი მშვენივრად დაიწყო და 49-ე წუთზე მარკო პაროლომ ჩინებული გოლით საკუთარი გუნდი მეორედ დააწინაურა. მეორე ტაიმში მასპინძლებმა ბევრად მეტი მომენტი შექმნეს, მაგრამ უსაქმოდ ავსტრიელებიც არ ყოფილან, 71-ე წუთზე მოედანზე რამდენიმე წამით ადრე შესულმა იაპონელმა მინამინომ მცველების შეცდომით ისარგებლა და წონასწორობა აღადგინა. იტალიელებმა რთული სიტუაციის მიუხედავად, ძალები გამონახეს და დარჩენილ დროში ორი გოლი გაიტანეს: 74-ე წუთზე ფელიპე ანდერსონმა ბრწყინვალე სოლო რეიდი მოაწყო და მეკარეც უშანსოდ დატოვა, ორ წუთში კი ხელსაყრელ პოზიციაზე მყოფმა ჩირომ იმობოლემ საბოლოო შედეგი დააფიქსირა და რომაელები ავსტრიაში ორბურთიანი ფორით ჩავლენ – 4:2.

“ლაიფციგმა” “მარსელს” უმასპინძლა და მიუხედავად იმისა, რომ ფრანგული კლუბი სათამაშო უპირატესობას ფლობდა, მინიმალური სხვაობით იმარჯვა. ერთადერთი გოლი პირველი ტაიმის დამატებულ წუთზე გავიდა და ტიმო ვერნერის ინდივიდუალურ ოსტატობას მოჰყვა – 1:0.

ლაიფციგი – მარსელი 1:0 (1:0)

გოლი: ვერნერი (45+1)

ლაციო – ზალცბურგი 4:2 (1:1)

გოლები: 1:0 ლულიჩი (8), 1:1 ბერიშა (30), 2:1 პაროლო (49), 2:2 მინამინო (71), 3:2 ანდერსონი (74), 4:2 იმობილე (76)

არსენალი – ცსკა 4:1 (4:1)

გოლები: 1:0, 3:1 რემსი (9; 28), 1:1 გოლოვინი (15), 2:1, 4:1 ლაკაზეტი (23 პენ; 35)

ატლეტიკო – სპორტინგი 2:0 (2:0)

გოლები: 1:0 კოკე (1), 2:0 გრიზმანი (40)

სტატისტიკა
0.274977