კალათბურთი

10:29 | 3.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბათუმელებმა რუსთავში იმარჯვეს

გუშინ, საკალათბურთო სუპერლიგის 26-ტურის ერთი მატჩი გაიმართა. “რუსთავმა” “ბათუმს” უმასპინძლა და ცხრილში “დინამოს” გადასწრების შანსი ვერ გამოიყენა. ბათუმელებმა მობილიზებით ითამაშეს, მასპინძლებს გამარჯვების შანსი არ დაუტოვეს, შეხვედრა 73:63 მოიგეს და ბოლო 2 ტურში ლიდერთა სამეულის მეორე წარმომადგენელს აჯობეს.

"ბათუმმა" წინა ტურში ლიდერ “ქუთაისს” უმასპინძლა და 79:60 მოუგო. გუშინ კი ზღვისპირელები რუსთავში ჩავიდნენ და მასპინძლებს 10 ქულის სხვაობით სძლიეს. ქვემოქართლელებს ერთი მატჩით დისკვალიფიცირებული ლევან ცეკვავა აკლდათ, რაც გუნდში არსებული ტრავმიანობი ფონზე ძალიან დიდი დანაკლისი გახლდათ.

ბათუმელებმა ლიდერობა თავიდანვე მოიპოვეს – აჭარულმა გუნდმა პირველი პერიოდი 18:15 მოიგო, დიდი შესვენებისთვის კი ლიდერობას 1 ქულა მიამატა – 32:28. ანგარიშიდანაც ჩანს, რომ შეხვედრა მეტად მწირექულიანი გახლდათ. ორივე გუნდი აცილებდა სროლებს, მაგრამ განსაკუთრებით – რუსთაველები. მასპინძლების მთავარი იარაღი – შორი სროლები არაეფექტური იყო, რადგან ბევრი მცდელობის მიუხედავად, ქვემოქართლელები სამქულიანს იშვიათად აგდებდნენ. საბოლოოდ 28 ცდიდან მხოლოდ 6 შორი სროლა გამოიყენეს. მართალია, სტუმრებმა საბოლოოდ 4 სამიანი მიითვალეს, მაგრამ მხოლოდ 16 ცდიდან და თანაც, ზღვისპირელებს საქმე სხვა კომპონენტებში მისდიოდათ კარგად. საჯარიმოებსაც მეტოქეზე ზუსტად ესროდნენ და ორქულიანებსაც.

მესამე პერიოდში სტუმრებმა ლიდერობა კიდევ უფრო განიმტკიცეს და დასკვნით მეოთხედს 9-ქულიანი ლიდერობით შეხვდნენ – 52:43. რუსთაველებს თამაშის შემობრუნების შანსი გაუჩნდათ, როცა საფინალო სირენამდე 4 წუთით ადრე ჩამორჩენა 4 ქულამდე შეამცირეს (59:64), მაგრამ ეს მასპინძელთა მაქსიმუმი აღმოჩნდა.

გამარჯვებულთაგან 14 ქულითა და 9 მოხსნით საუკეთესო იყო სტეფან ანდრეევიჩი. 15 ქულა მოაგროვა სპენსერ კოლინსმა, ხოლო ერიკ ჩილდრესის ანგარიშზე 13 ქულა, 6 მოხსნა და 6 პასი დაგროვდა. “რუსთავში” 23 ქულით საუკეთესო იყო ადამ ბლეიზეკი. 13 ქულა ბრაიან ბერნარდის ანგარიშზეა, ტაირელ ნელსონმა კი მატჩის ერთადერთი ორმაგი დუბლი დააფიქსირა – 10 ქულა, 10 მოხსნა.

რუსთავი – ბათუმი 63:73

gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117806