ავტოსპორტი

23:18 | 31.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

რუსთავის მოტორპარკი ისევ ახმაურდა

რუსთავის საერთაშორისო მოტორპარკის ავტოდრომზე სტარტი აიღო წრიულ რბოლებში საქართველოს ჩემპიონატმა, რომელიც ფორმულა ალფას, ლეჯენდსის, „ბეემვე“ კომპაქტის და „ჰონდა სივიკის“ კლასებში ჩატარდება. პირველი ეტაპის პირველ დღეს, მხოლოდ ერთი, ლეჯენდსის კლასის რბოლა გაიმართა.

სამწუხაროდ, ამ კლასში აღარ იასპარეზებენ „ლიბერტი ბანკის“ და „ვითიბი ბანკის“ გუნდები, რომელთა პილოტებიც - არჩილ ბიძინაშვილი, გოგა არჯევანიძე, გიორგი ბეჟიტაშვილი და დავით კაკაბაძე, ყოველთვის გამარჯვებისთვის იბრძოდნენ. მათგან დღეს ტრასაზე მხოლოდ ბიძინაშვილი გამოვიდა, ვისაც გვერდი შვილმა, გიგა ბიძინაშვილმა დაუმშვენა. რბოლაში ქართველების გარდა, რუსი (ეფიმ განტმახერი, ალეკსეი ხაიროვი და ეფიმ ლევი) და გერმანელი (ჯანკატ ჰურმოგლუ) პილოტებიც მონაწილეობდნენ.

რბოლის დაწყებამდე, შოთა აფხაზავამ ტრასაზე ლეჯენდსის მოდიფიცირებული ავტომობილის ტესტის ჩასატარებლად გამოვიდა. ავტომობილს შეცვლილი ძრავი (ასევე იამაჰას წარმოების), შასის ელემენტები და ტრანსმისია (იამაჰას წარმოების, რომლის საფეხურებიც საჭის უკან განლაგებული ნიჩბებით იცვლება) აქვს. გარეგნულად კი იგივე დარჩა

რბოლა, როგორც ყოველთვის, სტარტიდან ფინიშამდე დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა. მოძრავ სტარტზე ბიძინაშვილებს წინა რიგი კი ეკავათ, მაგრამ პროცედურული უზუსტობის გამო, ორივემ აჩქარება წამიერი დაგვინებით დაიწყო, რამაც მეტოქეებს მათი უკან ჩამოტოვების საშუალება მისცა. პირველ მოსახვევში ყველას დავით ქაჯაიამ შეასწრო, რომელსაც უკან აფხაზავა და ხაიროვი მიჰყვნენ. სამწუხაროდ, ქაჯაია ტექნიკური პრობლემების გამო, მალევე გამოაკლდა ლიდერების ჯგუფს და 5 წრის შემდეგ გაჩერდა კიდეც.

სამაგიეროდ, არჩილ ბიძინაშვილმა სწრაფად მოახერხა სასტარტო დანაკარგის აღმოფხვრა და ლიდერთა ჯგუფს დაუბრუნდა. ორი წრის შემდეგ, ტრასაზე უსაფრთხოების მანქანა გამოვიდა, რადგან პირველი S-მოსახვევის შემდგომ 180-გრადუსიან მოსახვევში, სახიფათო ადგილზე გაჩერდა გიორგი კირვალიძე. მისი მანქანის ევაკუაცია სწრაფადვე შესრულდა და რბოლაც ერთი წრის შემდეგ განახლდა.

ერთხელ ხაიროვმა შეძლო ქართველის ჩამოტოვება, თუმცა პელოტონის სათავეში დდხანს არ დაუტოვებიათ. არჩილმა პირველივე ხელსაყრელი მომენტი გამოიყენა და დაწინაურდა, რის შემდეგაც, წინ აღარავინ გაუშვია. ხაიროვმა რამდენჯერმე მწვავედ შეუტია, თუმცა ბიძინაშვილმა უშეცდომოდ იასპარეზა და პირველმა გადაკვეთა ფინიშის ხაზი.

მაგრამ მოგვინებით გაირკვა, რომ გამარჯვებულმა შეცდომა მაინც დაუშვა, მსაჯებმა დააფიქსირეს, რომ ტრასაზე უსაფრთხოების მანქანის ყოფნისას, ბიძინაშვილმა გასწრება შეასრულა, რის გამოც, ის 30 წამით დააჯარიმეს. შედეგად, მან მე-7 ადგილზე გადაინაცვლა და გამარჯვებულად ხაიროვი გამოცხადდა. მეორე და მესამე ადგილები აფხაზავამ და გიგა ბიძინაშვილმა დაიკავეს.

კვირას სამი რბოლა გაიმართება. გახსნის ცერემონიის (12:00-13:00 საათზე) შემდეგ, პირველ რბოლას ისევ ლეჯენდსის კლასის მონაწილენი გამართავენ. მათი სტარტი 13:20-ზე დანიშნული. მეორე რბოლა ფორმულა ალფას კლასშია და მისი სტარტი 14:10 საათზეა. 15:00 საათზე კი ტრასა „ბეემვე“ კომპაქტის და „ჰონდა სივიკის“ კლასების ერთობლივ რბოლას დაეთმობა.

საქართველოს ჩემპიონატი წრიულ რბოლებში, 1-ლი ეტაპი

რუსთავის საერთაშორისო მოტორპარკი, 31.03.2018

ლეჯენდსი (რბოლა 1), 10 წრე

  1. ალეკსეი ხაიროვი 20:31.131
  2. შოთა აფხაზავა 4.842
  3. გიგა ბიძინაშვილი 5.199
  4. ეფიმ განტმახერი 5.271
  5. სანდრო ცხადაძე 5.930
  6. კონსტანტინე კოლიაშვილი 15.121
  7. არჩილ ბიძინაშვილი 29.129
  8. ეფიმ ლევი 37.281
  9. ჯანკატ ჰურმოგლუ 1 წრე
  10. დათა ქაჯაია 5 წრე
  11. გიორგი კირვალიძე 9 წრე
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.130489