ძიუდო

18:23 | 30.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

გრან პრის უმაღლესი ქართული თამასა – მედლების სრული კომპლექტი

თბილისის გრან პრიზე, კაცების ტურნირი მოლოდინისამებრ, ქართულად დაიწყო. ტატამი 60 და 66 კილოგრამ წონით კატეგორიებში მოჭიდავეებს დაეთმოთ და ორივე წონის კონკურენცია საქართველოს ჰიმნით დაგვირგვინდა. პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ) და ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) ავიდნენ. უმსუბუქეს წონით კატეგორიაში სულაც, ოთხივე მედალს ქართველი ძიუდოისტები დაეუფლნენ. თბილისის გრან პრის ისტორიაში ასეთი შედეგი პირველად დაფიქსირდა. ასევე მოლოდინისამებრ, საქართველოს ქალთა ნაკრებმა დღე უმედლოდ ჩაამთავრა.

60 კგ

კაცების უმსუბუქეს წონით კატეგორიაში თბილისის შარშანდელი გრან პრის ფინალი განმეორდა. ერთმანეთს საქართველოს ნაკრების წევრები ამირან პაპინაშვილი და ლუხუმ ჩხვიმიანი დაუპირისპირდნენ, რომლებიც მიმდინარე შეჯიბრებაზე პირველ-მეორე ნომრებად იყვნენ განთესილები.

ევროპის 2013 წლის ჩემპიონმა და მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორმა (2014), 29 წლის ამირან პაპინაშვილმა ტურნირი ბელგიელი ხორან შილდერმანსის წუთნახევარში ძლევით გახსნა. შემდეგ, ჰოლანდიის სახელით მოჭიდავე თორნიკე ჭკადუას დაეჭიდა და სამი გაფრთხილებით აჯობა. ნახევარფინალში, რუსეთის ნაკრების წევრ ალბერტ მონგუშთან ვაზარით ჩამორჩა, მალევე თავადაც შეასრულა ვაზარი. "ოქროს დროში” კი მეტოქე ბეჭებით დაანარცხა ტატამს.

ჭაბუკებს შორის ევროპის ბრინჯაოს პრიზიორმა (2009), 24 წლის ლუხუმ ჩხვიმიანმა გრან პრი რუსი ეგორ ცვეტკოვის ძლევით გახსნა – მუდმივად გაქცევაზე ორიენტირებულ მეტოქეს სამი შიდო მიაღებინა. მეოთხედფინალში უზბეკი დონიორ სულტანბაევი შებოჭა. ნახევარფინალში კი "ოქროს დროში” შესრულებული ვაზარით სძლია აზერბაიჯანელ ორუჯ ვალიზადას.

ქართული ფინალის ძირითადი 4 წუთი უილეთოდ დასრულდა. ამასთან, ორივე ძიუდოისტმა მსაჯისგან ორ-ორი შიდო მიიღო. ოქროს ბედი ლუხუმ ჩხვიმიანის მიერ მეორე დამატებულ წუთზე შესრულებულმა ვაზარიმ გადაწყვიტა.

ამირან პაპინაშვილი თბილისის გრან პრის პოდიუმზე ზედიზედ მესამედ ავიდა. 2016 წელს ბრინჯაოს მედალს დაეუფლა, 2017 წელს – ვერცხლს. ლუხუმ ჩხვიმიანმა კი თბილისური გრან პრის ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მეორედ მოიპოვა. მის ანგარიშზე 2014 წლის ბრინჯაოცაა.

კაცების პირველ ფინალამდე, ტრადიციულად, ორი რეპეშაჟის ფინალი გაიმართა და ორივეში ქართველი ძიუდოისტი იბრძოდა ბრინჯაოს მედლისთვის: 24 წლის ლაშა ჩადუნელი და 20 წლის თემურ ნოზაძე.

ჩადუნელმა ძირითად ბადეში გამოსვლა მეოთხედფინალში დაასრულა, რუს მონგუშთან "ოქროს დროში” გაშვებული ვაზარით. იქამდე ქართველმა ძიუდოისტმა ორი მეტოქე ჩამოიშორა: ყაზახი ბაუირჟან ჟაუინტაევი სამი შიდოთი, ხოლო ებრაელი დანიელ ბენ დავიდი დამატებულ დროში შესრულებული ვაზარით. რეპეშაჟის ნახევარფინალში ჩადუნელმა თორნიკე ჭკადუა გამოთიშა ტურნირს ვაზარით. ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში კი აზერბაიჯანელ ვალიზადას 2 წუთსა და 12 წამში შესრულებული ულამაზესი იპონით გაუმასპინძლდა. ლაშა ჩადუნელს ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მსოფლიო ტურის შეჯიბრებზე აქამდე მედალი არ ჰქონდა მოპოვებული.

ჭაბუკებს შორის ევროპის ვერცხლის პრიზიორმა (2014) თემურ ნოზაძემ საწყის ორ შეხვედრაში – ჰოლანდიელ ბას კოფიბერგთან და მსოფლიოს ვერცხლის პრიზიორთან – ყაზახ რუსტამ იბრაიევთან ვაზარის ჩამორჩენა შეატრიალა სათავისოდ და მეტოქეებს ვადაზე ადრე მოუმთავრა საქმე. მეოთხედფინალში კი აზერბაიჯანელი ვალიზადას ვაზარი ვეღარ გაქვითა და "ბრინჯაოს ფრონტზე” გადაერთო. რეპეშაჟის ნახევარფინალში ნოზაძემ უზბეკ დონიორ სულტანბაევს საფინალო გონგამდე 10 წამით ადრე დაასრულებინა მედალზე ფიქრი. გადამწყვეტ ბრძოლაში კი რუს მონგუშს დაუპირისპირდა და მე-8 წუთზე დაანარცხა ბეჭებზე. თბილისური წარმატებით თემურ ნოზაძემ ლაშა ჩადუნელის მსგავსად კარიერის პირველი მედალი მოიპოვა მსოფლიოს ტურში შემავალ შეჯიბრებებზე.

66 კგ

ამ წონაში, 60 კილოგრამისგან განსხვავებით, ფინალურ ბლოკში საქართველოს ნაკრების ორი წევრი მოხვდა - ვაჟა მარგველაშვილი და ლაშა გიუნაშვილი. მათი სატურნირო გზა დილის პროგრამაშივე გადაიკვეთა, ნახევარფინალში. მარგველაშვილი იპონით გავიდა ფინალში, გიუნაშვილმა კი რეპეშაჟის ფინალში გადაინაცვლა.

ევროპის 2016 წლის ჩემპიონი და მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორი (2017), 24 წლის ვაჟა მარგველაშვილი თბილისის გრან პრიზე პირველ ნომრად იყო განთესილი. პირველ წრეში დაისვენა, საქმეში უნგრელ ზსოლტ გორიანაჟთან დაპირისპირებით ჩაება და ხელის მტკივნეულით სძლია. მეოთხედფინალში ვაზარით გაუსწორდა ებრაელ იარინ მენაგედს. ნახევარფინალში გიუნაშვილი სამწუთნახევარში დაამარცხა. საჩემპიონო ბრძოლაში კი ბრაზილიელ დანიელ კარნინის "ოქროს დროში”, მე-6 წუთზე აჯობა, შიდოების ლიმიტის ამოწურვით. მარგველაშვილი თბილისის გრან პრის პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე ორწლიანი პაუზის შემდეგ ისევ ავიდა.

25 წლის ლაშა გიუნაშვილი თბილისის გრან პრიზე მოქმედი ჩემპიონის რანგში ჭიდაობდა. მარგველაშვილთან შეხვედრამდე მან სამი ეტაპი დაძლია. ბრაზილიელი მიჩელ მარსელინიო, ყაზახი კაირატ აგირბაიევი და ფრანგი დანიელ ჟანი იპონ-იპონ ჩამოიცილა. რეპეშაჟის ფინალში კი უზბეკ შახრამ ახადოვთან სამ წუთში ორჯერ დავარდა ვაზარიზე და მე-5 ადგილს დასჯერდა.

საქართველოს დროშის ქვეშ ზვიად ხუბულურმა და ნიკო ჭიკაიძემაც იჭიდავეს. 22 წლის ხუბულური სწორედ უზბეკ ახადოვთან დამარცხდა, პირველსავე წრეში. 20 წლის ჭიკაიძემ შთამბეჭდავად დაიწყო – ჯერ კვიპროსელი ხრისტოს სკურუმუნისი შებოჭა, შემდეგ კი პორტუგალიელ სერგიუ ოლეინიჩს "ოქროს დროში” აუღო ვაზარი. მეოთხედფინალში ირანელ ალირეზა ხოჯასტესთან ვეღარას გახდა და რეპაშაჟში გადაერთო. ბრინჯაომდე ორი ნაბიჯი რჩებოდა, მაგრამ ჭიკაიძემ უზბეკ ახადოვთანაც წააგო და გრან პრი მეშვიდე ადგილით დაასრულა.

გრან პრის ჩემპიონებმა ოქროს მედლებთან ერთად 700-700 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავეს. ვერცხლის პრიზიორებს 490-490 ქულა ერგოთ, ბრინჯაოსნებს – 350-350.

ქალები

დღესვე, საპრიზო სამეულები ქალთა სამ წონით კატეგორიაშიც შეივსო. 48, 52 და 57 კილოგრამებში საქართველოს ქალთა ნაკრების წევრებმაც მოირგეს კიმონოები, მაგრამ... მარი მახარაშვილი, ლია როგავა, ნატალია ყიფშიძე (სამივე 48 კგ), მარიამ ჯანაშვილი (52 კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) მეოთხედფინალამდეც ვერ მივიდნენ და შესაბამისად, მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსიც უმალ დაკარგეს.

------

სამდღიანი გრან პრის მეორე დღეს – 31 მარტს მედლების ოთხი კომპლექტი გათამაშდება. კაცებში 73 და 81 კილოგრამ წონით კატეგორიებში და ქალებში 63 და 70 კილოგრამებში. საქართველოს სახელით იჭიდავებენ: ლაშა შავდათუაშვილი, ომარ ნიაზაშვილი, ზვიად კაპანაძე, ფრიდონ გიგანი (ოთხივე 73 კგ), ზებედა რეხვიაშვილი, თამაზ კირაკოზაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი, კობა მჭედლიშვილი (ოთხივე 81 კგ), მზია ბებოშვილი (63 კგ), მარიამ ჭანტურია და ელისო სისაური (ორივე 70 კგ).

0.131913