კალათბურთი

12:25 | 29.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

მეფე ჯორდანს გაუტოლდა

“კლივლენდ კავალიერსის” სუპერვარსკვლავი ლებრონ ჯეიმსი ნაციონალური საკალათბურთო ისტორიის გადაწერას აგრძელებს. 33 წლის კალათბურთელმა “შარლოტ ჰორნეტსთან” მატჩში ფანტასტიკურად ითამაშა და უდიდესი წვლილი შეიტანა საკუთარი გუნდი გამარჯვებაში.

41 ქულა, 10 მოხსნა და 8 პასი – ეს იყო ლებრონის შედეგი აღნიშნულ მატჩში. თუმცა, ამაზე უფრო ფასეული ფაქტიც დაფიქსირდა. ლებრონ ჯეიმსმა ლეგენდარული მაიკლ ჯორდანის რეკორდი გაიმეორა. საქმე ეხება NBA-ს ისტორიაში ზედიზედ მოპოვებულ მინიმუმ 10 ქულას.

მაიკლ ჯორდანი 1986 წლის მარტიდან 2001 წლის დეკემბრამდე, ზედიზედ 866 მატჩის განმავლობაში აგროვებდა მინიმუმ 10 ქულას, ხოლო ლებრონის სერია 2007 წლის იანვარში დაიწყო და დღემდე გრძელდება. მომდევნო მატჩში “მეფეს” ჯორდანის რეკორდის დამხობის შანსი მიეცემა და ძნელი სავარაუდოა, რომ ეს ვერ მოახერხოს.

აქვე საუკეთესო ხუთეული NBA-ში, რომელთაც მინიმუმ 10 ქულიანი მატჩების ყველაზე ხანგრძლივი სერია გააჩნიათ:

მაიკლ ჯორდანი – 866 მატჩი, 1986 მარტიდან 2001 წლის დეკემბრამდე

ლებრონ ჯეიმსი – 866 მატჩი, 2007 წლის იანვრიდან დღემდე

კარიმ აბდულ-ჯაბარი – 787 მატჩი, 1977 წლის დეკემბრიდან 1987 წლის დეკემბრამდე

კარლ მელოუნი – 575 მატჩი, 1991 წლის დეკემბრიდან 1999 წლის მარტამდე

კევინ დურანტი – 562 მატჩი, 2009 წლის მარტიდან 2017 წლის თებერვლამდე.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.127591