ფეხბურთი

11:30 | 29.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

გრიგალავა, გვილია, ჰუფნაგელი - ვინ იქნება შემდეგი?

ბოლო დროს რამდენი დაიწერა და ითქვა, აკაკი გოგიას საქართველოს ნაკრებში შესაძლო თამაშზე. თუმცა, ეს საქმე ლოგიკურ დასასრულამდე ვერ მივიდა. არადა, ორი აზრი არაა, რომ “უნიონ ბერლინის” შემტევი ნაკრებში კონკურენციას გაზრდიდა.

გოგიას გარდა, არიან ქართული წარმომავლობის მქონე ფეხბუთელები, რომელთაც საქართველოს მოქალაქეობა არ აქვთ. ისინი უმეტეს წილად რუსეთსა და უკრაინაში მოღვაწეობენ.

ახლა სწორედ რამდენიმე მათგანის შესახებ ვისაუბრებთ. იქამდე კი, შეგახსენებთ, რომ თავის დროზე გია გრიგალავა რუსეთის 21 წლამდე ნაკრებში თამაშობდა, ვაკო გვილია უკრაინის ამავე ასკობრივ გუნდში, მაგრამ გავიდა დრო და საქართველოს ნაკრების მაისურიც მოირგეს. მეტიც, ვაკო დღევანდელი ფორმაციის გუნდისთვის შეუცვლელი ფიგურაც გახლავთ. არ დაგვავიწყდეს ლუკას ჰუფნაგელიც, რომელსაც უკვე ქართული პასპორტი აქვს და საქართველოს ნაკრებში უთამაშია კიდეც.

მოკლედ, გამორიცხული არაფერია, გადავავლოთ თვალი ქართული წარმომავლობის მქონე ფეხბურთელებს, რომლებიც შესაძლოა ჩვენი ნაკრებისთვის საინტერესო ფიგურები გახნდნენ ან უკვე არიან კიდეც...

გიორგი შელია (“უფა”) – რუსეთის მოქალაქე

გიორგი შელია ქართული ფესვების მქონე მეკარე, რომელიც 2015 წლიდან პრემიერლიგის ბინადარ “უფას” რიგებში თამაშობს. 29 წლის შელია (1.90 სმ) მიმდინარე სეზონში უთამაშებელია, მაგრამ მაგალითად შარშან 11-ჯერ დაიცვა თავისი გუნდის კარი. არასდროს უთამაშია რუსეთის არათუ ეროვნულ, არამედ ასაკობრივ ნაკრებებში.

ზაურ მახარაძე (“ოლიმპიკი”) – უკრაინის მოქალაქე

ზაურ მახარაძეს მთელი კარიერა დონეცკის “ოლიმპიკში” აქვს გატარებული და 2012 წლიდან გუნდის ძირითად მეკარედ მიიჩნევა. მიმდინარე სეზონში პრემიერლიგაში 21 შეხვერდაც ჩაატარა. უთამაშია უკრაინის ასაკობრივ ნაკრებებში, მათ შორის 21-წლამდელებში (5 მატჩი). მახარაძე ახლახან გახდა 25 წლის.

ზურაბ ოჩიგავა (“ოლიმპიკი”) – უკრაინის მოქალაქე

დონეცკის “ოლიმპიკის” ღირსებას კიდევ ერთი უკრაინის მოქალაქე, მაგრამ ქართული ფესვების მქონე ფეხბურთელი იცავს – ცენტრალური მცველი ზურაბ ოჩიგავა. 22 წლის ზურაბი 2015 წელს კიევის “დინამოში” ჩაირიცხა და ახლაც კიეველთა საკუთრებაში იმყოფება. უკრაინის 21 წლამდე ნაკრებში ერთხელ აქვს ნათამაშები.

ლევან არველაძე (“დესნა”) – უკრაინის მოქალაქე

უკრაინის რანგით ლეორე ლიგის ბინადარ “დესნას” წევრია ლევან არველაძე, რომელსაც უკრაინული პასპორტი გააჩნია. 24 წლის, პოზიციით შემტევი ნახევარმცველი. მას მთელი კარიერა უკრაინაში აქვს გატარებული, “დესნას” რიგებში კი 2016 წლიდან ირჯება. მიმდინარე სეზონში 19 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.

ნიკა ყიფიანი (“ომონია”) – რუსეთის მოქალაქე

ნიკა (ნიკოლაი) ყიფიანი რუსეთის მოქალაქეა და მოსკოვის “ლოკომოტივში” აღიზარდა. მაგრამ იქ ფეხი ვერ მოიკიდა და 2016 წლიდან კვიპროსში თამაშობს. შარშან ეთნიკოსის “ახნასში” ნიკა კაჭარავას თანაგუნდელი გახლდათ, ხოლო ამჟამად ნიქოზიის “ომონიას” წევრია, რომელსაც 8 მატჩში 1 გოლით შეეწია. ახალგაზრდა თავდამსხმელს უთამაშია რუსეთის 19 და 17 წლამდე ნაკრებებში.

გიორგი მელქაძე (“ტოსნო”) – რუსეთის მოქალაქე

მოსკოვის “სპარტაკის” აკადემიაში დაიწყო ფეხბურთის თამაში, სადაც საკმაოდ შედეგიანად ირჯებოდა. მიუხედავად ამისა, მთავარ გუნდში ფეხი ვერ მოიკიდა და “ტოსნოში” იჯარით გაუშვეს. 20 წლის გიორგიმ მიმდინარე სეზონში 17 უგოლო მატჩი ჩაატარა პრემეირლიგაში. რუსეთის 21 წლამდე ნაკრების წევრია და ახლახან, ორ სპარინგში 5 გოლიც გაიტანა...

გურამ თეთრაშვილი (“ანჟი”) – რუსეთის მოქალაქე

გურამ თეთრაშვილი გიორგი ლორიას თანაგუნდელია მახაჩყალის “ანჟიდან”. 29 წლის ფეხბურთელს შეუძლია, როგორც დაცვის ცენტრში, ისე მარჯვენა ფლანგზე თამაში. რუსეთის ასაკობრივ ნაკრებებში არასდროს უთამაშია, ხოლო “ანჟის” ღირსება პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 16-ჯერ დაიცვა.

თემურ ფარცვანია (“ოლიმპიკი”) – უკრაინის მოქალაქე

26 წლის თემურ ფარცვანია დონეცკის “ოლიმპიკიდან”. მთელი კარიერა უკრაინაში აქვს გატარებული და იყო დრო, ამ ქვეყნის 21 წლამდე ნაკრებს კაპიტნობდა. ფეხბურთის თამაში კიევის “დინამოში” დაიწყო, მაგრამ მერე კარიერა ისე ვერ აეწყო, როგორც ისურვებდა. თამაშობდა ზაპოროჟიეს “მეტალურგის”, “ვოლინისა” და “დესნას” რიგებშიც. “ოლიმპიკში” იანვარში დაბრუნდა და პრემიერლიგაში 5-ჯერ ითამაშა. პოზიციით მარჯვენა მცველია.

გიორგი მახათაძე (“სკა ენერგია”) – რუსეთის მოქალაქე

გიორგი მახათაძის კარიერა მოსკოვის “ლოკომოტივიდან” დაიწყო, რომლის საკობრივ გუნდს კაპიტნობდა კიდეც. თუმცა, შემდეგ “რკინიგზელებმა” ყაზანის “რუბინში” გაყიდეს, რომლის რიგებში პრემიერლიგაში სამჯერ ითამაშა. მიმდინარე სეზონის დაწყების წინ “რუბინმა” “სკა ენერგიაში” გაანათხოვრა, სადაც სათამაშო პრაქტიკას მოკლებულია. 20 წლის ნახევარმცველს უთამაშია რუსეთის 17 და 19 წლამდე ნაკრებებში.

აკაკი გოგია (“უნიონ ბერლინი”) – გერმანიის მოქალაქე

არ გადავაჭარბებთ თუ ვიტყვით, რომ აკაკი გოგია საქართველოს ნაკრებისთვის ყველაზე საინტერესო ფეხბურთელი უნდა იყოს. გერმანიის მოქალაქე 26 წლის შემტევ ნახევარმცველზე არაერთი ითქვა და დაიწერა, მაგრამ ჯერჯერობით საქმე წინ არ წასულა. მიმდინარე სეზონში აკაკი “უნიონ ბერლინს” ორი გოლით შეეწია. შარშან კი, დრეზდენის “დინამოში” გაცილებით შედეგიანად ითამაშა (10 გოლი).

Loading...
0.11747