ფეხბურთი

10:15 | 28.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

შეფასება: ევროგოლი და მეტი ყურადღება დასკვნით ფაზაში!

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ლიტვას ესტონეთიც მიაყოლა და ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო. ადვილი შესაძლებელი იყო, რომ ანგარიში კვლავ გამანადგურებელი ყოფილიყო, ქართველებს საგოლე მომენტები უფრო მეტად რომ გამოეყენებინათ. ამაზე სხვათა შორის, ნამატჩევს ვლადიმირ ვაისმაც გაამახვილა ყურადღება.

მთლიანობაში კი, ჩინებული თამაში აჩვენა საქართველოს ნაკრებმა და სასაყვედურო არც გვაქვს.

WORLDSPORT.GE ტრადიციულად წარმოგიდგენთ ფეხბურთელთა შეფასებებს:

გიორგი მაკარიძე 6.5 – ბევრი საქმე ნამდვილად არ ჰქონია, მაგრამ ორჯერ გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა. ჯერ პირველ ტაიმში და შემდეგ მეორე ნახევარში. არც გამოსვლებზე უთამაშია ურიგოდ. მოკლედ, გიორგიმ დამაჯერებელი მატჩი ჩაატარა.

ოთარ კაკაბაძე 6 – ისეთი ეფექტური ნამდვილად არ ყოფილა, როგორც ლიტვასთან მატჩში. თუმცა, საქართველოს ნაკრები თუ ფლანგიდან ხიფათს ქმნიდა, დიდწილად მისი აქტივობის შედეგად.

სოლომონ კვირკველია 6 – მისგან სტაბილური თამაში ნამდვილად არ გვაკვირვებს და ახლაც ასე იყო. პირველ ნახევარში თავისი გუნდი დიდ უსიამოვნებას გადაარჩინა, როდესაც დროული ვარდნით ესტონელთა სახიფათო იერიში ჩაშალა.

ჯიმი ტაბიძე 7 – ჯიმი ტაბიძემ ეროვნულ ნაკრებში სულ რაღაც მე-6 თამაში ჩაატარა და სადებიუტო გოლიც მიითვალა (VIDEO). გოლის მომენტში კი, ნამდვილი ფორვარდივით გაისარჯა და ისე, როგორც თანამედროვე ცენტრალურ მცველს მოეთხოვება სტანდარტული სიტუაციის დროს. რაც მთავარია, 22 წლის ფეხბურთელმა უშუალო მოვალეობასაც ჩინებულად გაართვა თავი.

ლაშა შერგელაშვილი 5.5 – მარცხენა მცველის პოზიცია ალბათ დღეს ყველაზე პრობლემატურია ნაკრებში. შერგელაშვილმა გიორგი ნავალოვსკი მაინცდამაინც, ეფექტურად და კარგად ვერ შეცვალა. თამაშის დაწყებიდან ერთ საათში ვაისმა შეცვალა.

ჯაბა კანკავა 7 – საქართველოს ნაკრებს საიმედო კაპიტანი ჰყავს. ჯაბამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მაღალი დონის პროფესიონალია. კანკავა მეტოქის იერიშებს ხშირად შლიდა, რაც მისი პირიდაპირი მოვალეობაა.

ნიკა კვეკვესკირი 6.5 – კვეკვესკირს გარდა იმისა, რომ დაცვის დახმარება ევალებოდა, შეტევებიც უნდა დაეწყო. ნიკას ეს ნამდვილად გამოსდიოდა. მეორე ტაიმში ფანტასტიკური გადაცემა გაუკეთა ჯაბა ჯიღაურს, მაგრამ ულამაზესი კომბინაცია გოლით არ დასრულებულა.

გიორგი პაპუნაშვილი 5.5 – “სარაგოსას” შემტევი ლიტვასთან ბევრად ნაყოფიერად გაისარჯა. თუმცა, საგოლე პასი მის ანგარიშზეა, როდესაც მეორე სართულზე აჯობა მეტოქეს და ტაბიძემ გარჯა დაუფასა. თავად შეეძლო ორჯერ გატანა, მაგრამ ვერ მოახერხა. მინუსად უნდა მივიჩნიოთ ის, რომ რამდენიმე ხელსაყრელ ეპიზოდში ბურთს ვერ შეელია, რასაც მდგომარეობა მოითხოვდა.

ვაკო ყაზაიშვილი 8 – საუკეთესო! ვაკოს შეჩერება ესტონელ ოპონენტებს მთელი თამაშის განმავლობაში უჭირდათ. თითქმის ყველა ხიფათი, რომელიც ქართველებმა შეტევაში შექმნეს, ყაზაიშვილის წვლილით შეიქმნა. სხვა ლიდერების არყოფნაში, "სან ხოსეს" შემტევმა თავის თავზე აიღო ეს ფუნქცია და ჩინებულადაც გაართვა თავი. ესეც რომ არა, ისეთი ზღაპრული გოლი გაიტანა (VIDEO), მარტო ამიტომ იმსახურებდა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებას. მისი გასროლა დიდხანს გვემახსოვრება.

გიორგი მერებაშვილი 5.5 – მისგან გაცილებით აქტიური მატჩებიც გვახსოვს. მატჩის დასაწყისში ახლოს იყო გოლთან, როდესაც კვეკვესკირის ჩინებული პასით ლამის პირისპირ დარჩა მეკარესთან და მცველსაც მოუგო დუელი. საბოლოოდ ამ ყველაფერს კუთხური, ხოლო კუთხურს გოლი მოჰყვა. სხვა შემთხვევაში დიდად ვერ გამოირჩა და ბურთიც რამდენჯერმე დაკარგა.

ნიკა კაჭარავა 5 – არ გვინდა მოგებულ თამაშში ვინმეს გარჯა დაკნინდეს, მაგრამ ფორვარდის პირდაპირი მოვალეობა გოლის გატანაა. ნიკას კი, საკმაოდ ბევრი რეალური შანსი მიეცა, თუმცა ვერ ივარგა. დაახლოებით 4 ეპიზოდის გახსენება მაინც შეიძლება, რომლის დაგვირგვინებაც მართებდა, მაგრამ... 69-ე წუთზე ვაისმა არაბულით ჩაანაცვლა. იმედია, კაჭარავა შემდეგ მატჩებში რეალიზიციის პროცენტს მკვეთრად გააუმჯობესებს, რადგან საქართველოს ნაკრებს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ მომენტები ანიავოს.

ლაშა დვალი 6 – ლაშამ ამჯერადაც შეცვლაზე ითამაშა, ოღონდ უკვე მარცხენა მცველის პოზიციაზე. ურიგოდ ნამდვილად არ ჩართულა თამაშში და ცდილობდა გაემწვავებინა ფლანგიდან სიტუაცია. ერთხელ საგოლე მომენტის კომბინაციაშიც მიიღო მონაწილეობა. მოკლედ, სამომავლოდაც შეიძლება მისი გამოცდა ფლანგზე, ვნახოთ.

ჯაბა ჯიღაური 5.5 – თამაშს დიდი სიმწვავე ნამდვილად ვერ შესძინა. ჯიღაურის კარიერაში საუკეთესო პერიოდი ნამდვილად არ დგას და ეს გასაგებია. საგოლე პასი თითქმის გაიფორმა, როდესაც კაჭარავას დროულად და ჭკვიანურად დაუგდო ბურთი (ჩინებულადაც გაიხსნა ჯაბა), მაგრამ თანაგუნდელმა გარჯა ვერ დაუფასა.

ბაჩანა არაბული შ.გ – სულ 8 წუთი ითამაშა. არ გაუმართლა, მალევე დაშავდა და შესაცვლელი გახდა.

გიორგი ქვილითაია 5.5 – მხოლოდ 13 წუთი ითამაშა და შეფასებისთვის ეს დრო საკმარისი სულაც არაა, მაგრამ ბოლოსკენ ისეთი მომენტი ვერ გამოიყენა... თითქმის დაუცველ კართან ყაზაიშვილის იდეალურ გადაცემას ფეხი სწორად ვერ დაუხვედრა.

გიორგი აბურჯანია 6 – კიდევ უფრო ცოტა დრო დაეთმო აბურჯანიას. თუმცა, გიორგიმ 10 წუთში საკმაოდ გაამწვავა თამაში და რამდენჯერმე თავგზა აუბნია მეტოქე მცველებს. ერთხელ შორიდან გაისროლა და ოდნავ უმტყუნა სიზუსტემ, თორემ გოლსაც გამორჩებოდა.

გურამ კაშია შ.გ – ვიცე-კაპიტანმა ოდენ 5 წუთი ითამაშა და შეფასების გარეშე დარჩა.

ვლადიმირ ვაისი 7 – საქართველოს ნაკრებს აშკარად, თამაშიდან თამაშამდე ეტყობა მწვრთნელის ხელი. სლოვაკი სპეციალისტი ნელ-ნელა ახერხებს, რომ ფეხბურთელებამდე საბოლოოდ მიიტანოს თავისი იდეები. საქართველო ისევ კომბინირებდა შეტევაში. სწრაფად გადადიოდა დაცვიდან თავდასხმაში და რაც მთავარია, მეტოქის ნახევარზევე ახერხებდა პრესინგს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია. და კიდევ, საქართველოს ნაკრებმა განსახვებული შემადგენლობით ითამაშა, ვიდრე ლიტვასთან, თუმცა თამაშის ხარისხი ისევ მაღალი დონის გახლდათ.

0.134143