კალათბურთი

11:41 | 27.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

ინტერვიუ "დელტას" პრეზიდენტ ირაკლი შარვაძესთან

"დელტას" პრეზიდენტი ირაკლი შარვაძე კალათბურთზე შეყვარებული ახალგაზრდა გულშემატკივარია. რომელსაც უყვარს "დელტა". და რომელიც მეგობრებთან ერთად ამ კლუბის დაარსების პირველ ნაბიჯებს დღესაც სიამოვნებით, სიამაყით იხსენებს.

"დელტამ" დაიწყო A ლიგაში და დღეს უკვე სუპერლიგის წევრია. და მიმდინარე რეგულარულში უკვე ორჯერ აწყენინა მოქმედ ჩემპიონს, თბილისის "დინამოს". ეს შემთხვევით არ ხდება. კლუბი შეიცვალა. იყო დადებითი მხარეები. იყო მინუსებიც, მაგრამ მინუსიდან მისაღებ შედეგამდე გზა ყველამ უნდა გაიაროს და "დელტა", მისი პრეზიდენტი ამ გზაზე არიან, იგებენ, აგებენ, გამოცდილებას აგროვებენ. შევკრათ სეზონის განვლილი პერიოდი "დელტას" პრეზიდენტთან ერთად.

- როგორ შეაფასებთ "დელტას" გამოსვლას სუპერლიგაში?

- ირაკლი შარვაძე: ,,დელტა" ახალგაზრდა გუნდია. ორი წლის წინ შეიქმნა და ამ დროში სუპერლიგამდე გავიზარდეთ. ყველა სირთულის, გამოუცდელობის ფონზე, ბევრი ნიუანსის გათვალისწინებით, სუპერლიგაში გამოსვლას მაინც, ალბათ, კარგად შევაფასებდი".

- რამდენად წინ იქნებოდით, თემურ კანკია და ლევან ფაცაცია სეზონის სტარტიდან რომ გუნდში ყოფილიყვნენ?

- ი.შ: "უფრო წინ, ვიდრე - დღეს ვართ (8:16, VIII ადგილი). ვერ გეტყვით, რომ პირველზე ვიქნებოდით, მაგრამ - ბევრად კარგ პოზიციაზე".

- რამდენად დიდია ლეგიონერების წვლილი "დელტას" პროგრესში?

- ი.შ: "ამ სეზონში "დელტამ" რამდენიმე ლეგიონერი გაუშვა. საუკეთესო ოფციებს ვეძებდით და დღეს, ის სამი ადამიანი, ვინც დავიტოვეთ, ჩვენთვის საუკეთესო ვარიანტია. კლუბის წარმატებაში მათი წვლილი დიდია და მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო პროფესიონალიზმისთვის".

- რომ შეგეძლოთ, რას შეცვლიდით?

- ი.შ: "რთული სათქმელია. მთელი ეს პროცესი საკმაოდ მძიმე და ხანგრძლივი იყო. და ზრდის, პროგრესის პერიოდი არ დასრულებულა. დაველოდოთ".

- რატომ არ გამოდის მარნეულში თამაში?

- ი.შ: "ტექნიკური მიზეზების გამო. შარშან ჩვენ ფარები იჯარით საქართველოს კალათბურთის ფედერაციისგან ავიღეთ. წელს ეს ვერ შევძელით".

- ფლეი ოფში რას უნდა ველოდოთ "დელტასგან"?

- ი.შ: "რა თქმა უნდა, ბრძოლას და სანახაობრივ კალათბურთს. არ ვიცი, ვინ იქნება ჩვენი მოწინააღმდეგე, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. თამაში ყველასთან შეიძლება."

- ფიქრობთ თუ არა შემდეგ სეზონზე?

- ი.შ: "რა თქმა უნდა, ვფიქრობთ. ჯერ კონკრეტული გეგმა არ არის დასახული, მაგრამ სეზონის დამთავრებისთანავე დავიწყებთ მზადებას ახალი სეზონისთვის."

- სუპერლიგა მოგწონთ?

- ი.შ: "საქართველოში, საკლუბო კალათბურთი არ არის კარგ მდგომარეობაში. ზოგადად, საქართველოში საკლუბო სპორტი უკეთ უნდა იყოს განვითარებული. სუპერლიგა ერთ-ერთი სანახაობრივი ჩემპიონატია და ნამდვილად არ იმსახურებს ცარიელ დარბაზს."

- რამდენად დიდ როლს თამაშობენ "დელტას" წარმატებაში გულშემატკივრები?

- ი.შ: "ძალიან დიდ როლს თამაშობენ. ჩვენ სეზონის დასაწყისში გავაფორმეთ მემორანდუმი ლეონიდ ჩერნოვეცკის ფონდთან ურთიეთთანამშროლობის შესახებ და მინდა მადლობა გადავუხადო იმ პატარა ბავშვებს და ასევე, ფონდის ხელმძღვანელობას, რომლებიც დადიან "დელტას" თამაშებზე და მთელი გულით ჩვენთან ერთად არიან. ასევე, ყველას, ვინც დადის ჩვენს თამაშებზე და კლუბთან ერთად განიცდის, როგორც მოგებას, ასევე - წაგებას. ჩვენ თქვენთვის ვთამაშობთ."

ზურაბ თალაკვაძე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.13393