ფეხბურთი

10:25 | 27.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

პრესტიჟი და რევანში

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ზუსტად ერთი წლის წინ ლატვია 5:0 გაანადგურა, სამი დღის წინ ლიტვა 4:0 და დღეს მესამე ბალტიისპირულ ნაკრებს, ესტონეთს დაუპირისპირდება. არავინ დაობს, რომ ამჟამად ესტონელებს უკეთესი გუნდი ჰყავთ, ვიდრე ზემოხსენებულ ორ მეტოქეს, მაგრამ ფაქტია, რომ გულშემატკივარი მიუხედავად მატჩის სტატუსისა, გამარჯვებას ელოდება.

თანაც, არ დაგვავიწყდეს, რომ ვლადიმირ ვაისმა სპარინგების წინ არაერთხელ ახსენა, ასეთ მეტოქეებთან გამარჯვება და პირველ ნომრად თამაში უნდა ვისწავლოთო. კი ბატონო, ლიტვასთან ორივე გადასარევად გამოუვიდათ “ჯვაროსნებს”, მაგრამ ერთი თამაში გაზაფხულს ვერ მოიყვანს. ამიტომ, ესტონეთთანაც მნიშვნელოვანი გამოცდაა, რომელიც წარმატებით ჩაბარებას მოითხოვს. და, კიდევ, ესტონეთის ნაკრებისგან ბოლოს საკმაო წყენა მივიღეთ და რაც უნდა ამხანაგური დავარქვათ დღევანდელ პაექრობას, რევანშის წყურვილი მაინც განუზომლად დიდია.

ვაისის არჩევანი

ტაქტიკის გამოცნობა, რომელსაც დღეს სლოვაკი სპეციალისტი აირჩევს, ძნელი არაა. ვაისმა ლიტვასთან მატჩის შემდეგაც თქვა, რომ 4-2-3-1 სქემის შეცვლას უახლოეს მომავალში მაინც არ აპირებს და თანაც, საქართველოს ნაკრები უკვე მერამდენე მატჩია სწორედ ამ ტაქტიკით ასპარეზობს.

მეკარე – დღეს ძირითად შემადგენლობაში გიორგი მაკარიძე იქნება. მართალია, მას მთელი სეზონია სათამაშო პრაქტიკა არ აქვს, მაგრამ ვაისმა თავიდანვე დააანონსა, რომ სურს საქმეში ორი მეკარე მაინც იხილოს. შესაბამისად, დღეს მაკარიძის ჯერია.

დაცვა – ოთარ კაკაბაძის გარდა გამოძახებულ ფეხბურთელთა სიაში მარჯვენა მცველი სხვა არაა და ამიტომაც, ტარაგონას “ხიმნასტიკის” ფეხბურთელს მოედანზე პირველივე წუთიდან ვიხილავთ. სამაგიეროდ, უნდა ვივარაუდოთ ცვლილება საპირისპირო ფლანგზე. გიორგი ნავალოვსკი ამჯერად დაისვენებს და ძირითადში ლაშა შერგელაშვილი იქნება. დაცვის ცენტრშიც იქნება ერთი ცვლილება. სოლომონ კვირკველიას ნაცვლად ჯიმი ტაბიძე გაირჯება სასტარტოში. ლაშა დვალის შანსი ამ მხრივ უფრო ნაკლებია, რადგან “პოგონის” მცველმა ლიტვასთან ითამაშა, ტაბიძეს კი შანსი ახლა მიეცემა. უფა-ს ფეხბურთელი, რომელიც მუდმივად ძირითადში თამაშობს, გურამ კაშიას შეუწყვილდება.

ნახევარდაცვა – ჯაბა კანკავა ისევ უკაპიტნებს საქართველოს ნაკრებს, რომელსაც გვერდს ნიკა კვეკვესკირი დაუმშვენებს. ვინაიდან ვაკო გვილია ტრავმირებულია, საყრდენ ზონაში ვაისს კიდევ ერთი არჩევანი დარჩა – გიორგი აბურჯანია. მიუხედავად ამისა, გიორგი მოედანზე გამოჩენას მეორე ტაიმიდან უნდა ველოდოთ.

ტრადიციულად ორი საყრდენის წინ სამი შემტევი განლაგდება. ლიტვასთან თამაში ჯანო ანანიძემ და გიორგი ჩაკვეტაძემ დაიწყეს. ერთმა ტრავმა მიიღო, მეორემ, კლუბთან შეთანხმებისამებრ, შეკრება დატოვა. შესაბამისად, ვაისს მათი ჩანაცვლება მოუწეს. გიორგი პაპუნაშვილმა ანანიძე ლიტვასთანაც ეფექტურად შეცვალა და ახლა უკვე სასტარტოში იქნება. შუაში გაირჯება ვაკო ყაზაიშვილი, ხოლო მარცხენა ფლანგზე გიორგი მერებაშვილს ვიხილავთ. არის კიდევ ერთი არჩევანი ჯაბა ჯიღაური, მაგრამ ძირითადში მისი გამოჩენა ნაკლებ სავარაუდოა.

ფორვარდი – გამოძახებული სამი ფორვარდიდან ნიკა კაჭარავა ერთადერთია, რომელსაც ლიტვასთან არ უთამაშია. ახლა კი, “კორონას” ტანმაღალი ფეხბურთელი სასტარტო შემადგენლობაში იქნება.

მივიღეთ ასეთი სავარაუდო შემადგენლობა (4-2-3-1): მაკარიძე; კაკაბაძე, ტაბიძე, კაშია, შერგელაშვილი; კანკავა, კვეკვესკირი; პაპუნაშვილი, ყაზაიშვილი, მერებაშვილი; კაჭარავა

თამაშგარეში

თორნიკე ოქრიაშვილი და ლევან მჭედლიძე თავიდანვე ვერ მოხვდნენ შემადგენლობაში ტრავმების გამო, ხოლო მათ მოგვიანებით დავით ხოჭოლავაც შეუერთდა. ლიტვასთან თამაშში ჯანო ანანიძე დაშავდა, ხოლო ერთ-ერთ ვარჯიშზე ვაკო გვილია. ესტონეთთან როგორც უკვე აღვნიშნეთ, ვერ ითამაშებს ლიტვასთან გამორჩეული გიორგი ჩაკვეტაძე. მოკლედ, დანაკლისმა სერიოზული სახე მიიღო, რაც რა თქმა უნდა, სამწუხარო და დასანანია...

საქართველო და ვაისი სპარინგებში

თუ ოფიციალურ მატჩებში საქართველო ვერ იგებს, ამხანაგურებში არ აგებს. უკვე 5 მატჩია “ჯვაროსნებს” სპარინგებში მარცხი არ განუცდიათ (ოთხი მოგება და ერთი ფრე). უკანასკნელი მარცხი 2017 წლის 25 იანვრით თარიღდება “იორდანიასთან” (0:1). თუმცა, ეს შეხვედრა ფიფას კალენდარში არ შედიოდა და თუ ამას მივაქცევთ ყურადღებას, მაშინ ვნახავთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ბოლო ამხანაგური მატჩი 2016 წლის მაისში, რუმინეთთან წააგო (1:5).

საერთოდ, რაც ვლადიმირ ვაისი საქართველოს ნაკრების თავკაცია, გუნდმა 11 ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა, 5 მოიგო, 3 ფრე ითამაშა, 3 წააგო, გაიტანა 21 და გაუშვა 14 გოლი.

მეტოქე

ესტონეთის ნაკრები ჩინებულ პერიოდს განიცდის და უკვე 6 მატჩია არ წაუგია (2017 წლის ნოემბრიდან). საერთოდ, ბალტიისპირელებს ნოემბრის თვის ბოლოს საოცარი ტურნე ჰქონდათ და ფიჯის, ვანუატუსა და ახალი კალედონიის ნაკრებებთან ისპარინგეს დაუმარცხებლად (2 მოგება, 1 ფრე).

შემდეგ იყო ასვე ფრეები შვედეთთან და სამი დღის წინ სომხეთთან. მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში კი ესტონელებმა მეოთხე ადგილი დაიკავეს (11) ქულით. მოიგეს რა, 10-დან სამი მატჩი (გიბრალტართან ორჯერ და კვიპროსთან) და ორჯერ ფრეს გამორჩნენ (კვიპროსთან და საბერძნეთთან).

პირისპირ

შესაძლოა, უცნაური დამთხვევა იყოს, მაგრამ საქართველოსა და ესტონეთის ნაკრებებს ოფიციალურ მატჩებში ერთმანეთის წინააღმდეგ არასდროს უთამაშიათ. სამაგიეროდ, ისტორიას ახსოვს 5 მატჩი და ყველა ამხანაგური ხასიათის.

პირველად ჩვენი გზები 1998 წლის 18 ნოემბერს გადაიკვეთა და მაშინ საქართველომ თბილისში, 3:1 მოიგო. გოლები მიხეილ აშვეთიამ (ორი) და დავით ჯანაშიამ გაიტანეს, ხოლო სტუმრებმა 89-ე წუთზე არგო არბეიტერის გოლით ანგარიში დაასველეს. 2000 წლის 11 ივნისს, ტალინში, მასპინძლებმა იმძლავრეს და რაიო პიიროიას გოლით დაჯაბნეს საქართველო. მესამე მატჩში უკვე ფრის ჯერიც დადგა – ისევ ტალინში, 2008 წლის 27 მაისს, ტარმო ტინკის გოლს ლევან ყენიამ მატჩის მიწურულს უპასუხა.

2010 წლის 3 მარტს, “დინამო არენაზე” საქართველოს დარჩა გამარჯვება. ლევან კობიაშვილის 45-ე წუთზე გატანილი პენალტი, 83-ე წუთზე ატს პურიემ გაქვითა, მაგრამ შეხვედრის ბოლო წუთზე დავით სირაძის გოლი გადამწყვეტი გამოდგა.

ბოლო დაპირისპირება კი 2015 წლის 11 ნოემბრით თარიღდება. ის თამაში, რომელიც წერილის დასაწყისში უკვე ვახსენეთ. ტალინში, მასპინძლებმა კახა ცხადაძის დამოძღვრილი საქართველო უშანსოდ დატოვეს და ატს პურიეს, არტურ პიკისა და მაქსიმ გუსევის გოლებით 3:0 გაისტუმრეს შინ. სწორედ ასეთი მტკივნეული მარცხისთვის გვწყურია რევანში, თუნდაც ეს ამხანაგური შეხვედრა იყოს...

მოკლედ, ურთიერთშეხვედრებში ჯერჯერობით თანაფარდობაა: 5 მატჩი, 2 მოგება, 1 ფრე, 2 წაგება. ბურთების ბალანსი კი ესტონელთა სასარგებლოდ მეტყველებს – 6:7.

განწყობისთვის

ესტონეთის ნაკრებთან გამარჯვება საქართველოს ნაკრებს აუცილებლად მისცემს თავდაჯერებას. წერილის დასაწყისშიც ვახსენეთ, რომ მარტინ რეიმის გუნდი უფრო ძლიერია, ვიდრე ლიტვა. ამას ბოლოდროინდელი შედეგები ნათლად მოწმობს. ეგეც არ იყოს, სამ დღეში მოგებული ორი მატჩი ნებისმიერ გუნდს გაცილებით მეტ თავდაჯერებას შემატებდა. მოკლედ, ველოდებით დღესაც კარგ ფეხბურთს და რა თქმა უნდა, გამარჯვებას.

დანარჩენი კი, “მიხეილ მესხზე” 19:00 საათიდან გამოჩნდება. შეგახსენებთ, რომ გულშემატკივრებისთვის მატჩზე დასწრება თავისუფალია.

0.137145