ფეხბურთი

1:07 | 17.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

ღირსება, პატივისცემა, ისტორია

ჩავისუნთქოთ, წინ ორი მაგარი თამაში გველოდება. “იუვენტუსი” - რეალი” ხომ ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული დაპირისპირებაა?! შარშანდელი ფინალის რიმეიქი, რევანში თუ კომპლექსი?

დიახ, შეგვიძლია საკითხს ასე მივუდგეთ – თუ “იუვენტუსი” დაჯაბნის მეტოქეს სრულფასოვან რევანშს აიღებს, ხოლო თუ პირიქით მოხდება, ერთგვარ კომპლექსთან გვექნება საქმე. საერთოდაც, ეს, ის წყვილია, რომელთა გზა ჩემპიონთა ლიგაზე არაერთხელ გადაკვეთილა და შესანიშნავი მატჩებიც შემორჩენია საფეხბურთო მატიანეს.

მცირედი უპირატესობა “სამეფო კლუბის” მხარესაა: 9 მოგება 8 მარცხის წილ და აქა-იქ, ორ ფრეც გამოერია. ორჯერ მათი გზები ფინალში გადაიკვეთა და ორჯერვე გამარჯვება ესპანურ გრანდს დარჩა. 1998 წელს და შარშან.

თუმცა, რადიკალურად სხვა სიტუაციაა პლეი-ოფის სტადიაზე. რატომ? – “იუვენტუსმა” “რეალი” ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფიდან 4-ჯერ გამოთიშა, ხოლო “რეალმა” 2-ჯერ და ბოლოს 1987 წელს. მაშინ, “სამეფო კლუბმა” მეტოქეს პენალტების სერიაში აჯობა (1:0, 0:1). მადრიდელებს დარჩათ გამარჯვება 1961-1962 წლების სეზონში, როდესაც ასევე თითო გოლი გავიდა ორ თამაშში, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ გუნდებმა სტუმრად მოიგეს. საბოლოოდ გადათამაშება დაინიშნა და “რეალი” უფრო ძლიერი გამოდგა.

აი, მერე კი საქმე თუ პლეი-ოფს ეხება, “იუვე” უფრო სტაბილურია. 1996, 2003, 2005 და 2015 წლებში მადრიდელთა ჩემპიონთა ლიგის ბოლო გაჩერება “ბებერი სინიორა” გამოდგა. იყო ორი ჯგუფური ეტაპის მატჩიც: 2008 წელს, ტურინელებმა ორჯერ იმარჯვეს, ხოლო 2013 წელს, “რეალმა” შინ მოიგო და ტურინში ფრე დაფიქსირდა. უკანასკნელი 8 მატჩიდან კი, უპირატესობა “იუვენტუსის” მხარესაა – 4 მოგება, 2 ფრე, 2 წაგება... მოკლედ, ისტორია ბევრს გვიყვება.

მაგრამ, რა ხდება აწმყოში? – ალბათ, დღეს “რეალის” შანსი უფრო ძვირად ფასობს და ამას რამდენიმე ფაქტორიც განაპირობებს. მაგალითად ის, რომ “სამეფო კლუბისთვის” ჩემპიონთა ლიგა წელს ერთადერთი ტურნირია, სადაც გამარჯვება შეუძლია და სადაც მოტივაცია ჯერ კიდევ შერჩენილი აქვს. “რეალს” საკადრო პრობლემებიც არ აწუხებს და მოკლედ, ზინედინ ზიდანს ისღა დარჩენია, მთელი კონცენტრირება უკვე ამ მატჩებზე მოახდინოს.

“იუვენტუსს” ასე არ “ულხინს” – “ბებერი ქალბატონი” სამ ფრონტზე გააფთრებით იბრძვის. სკუდეტო, იტალიის თასი და ჩემპიონთა ლიგა. ამასთან, ალეგრის ტრავმირებული ჰყავს ორი მნიშვნელოვანი ფიგურა – ფედერიკო ბერნარდესკი და ხუან კუადრადო. “რეალთან” ვერცერთი ვერ ითამაშებს. პირველ მატჩს დისკვალიფიკაციის გამო დააკლდებიან მირალემ პიანიჩი და მედჰი ბენატიაც. ყოველივე ეს კი, “იუვეს” წისქვილზე წყალს ნამდვილად არ ასხამს.

“იუვენტუსისთვის” დიდი პრობლემაა კრიშტიანუ რონალდუ (ვისთვის არაა). პორტუგალიელს ტურინელთა კარში 7 გოლი აქვს გატანილი და ბუნებრივია სერიის გაგრძელებას ეცდება. თავის მხრივ, დასამტკიცებელი ბევრი აქვთ პაულო დიბალას და გონსალო იგუაინს.

დღევანდელი სიტუაციით ვერ ვიტყვით, რომ რომელიმე გუნდი კრიზისშია. “რეალი” ლა ლიგაში ვერ ბრწყინავს და ცოტა ხნის წინ “ესპანიოლთანაც” წააგო, მაგრამ ფაქტია, რომ ესპანეთის ჩემპიონატი მისთვის არცთუ საინტერესო გახდა. “იუვენტუსს” კი 19 ნოემბრის შემდეგ არ წაუგია და 22 თამაშში მხოლოდ 4 გოლი გაუშვა (19 გამარჯვება). ეს მართლაც შთამბეჭდავი ციფრებია.

საბოლოო ჯამში, ასეა თუ ისე, წინ მართლაც დაუვიწყარი 180 (თუ მეტი არა) წუთი გველოდება. “იუვენტუსსა” და “რეალს”, ღირსება, ურთიერთპატივისცემა და უდიდესი ისტორია აერთიანებთ. ჩემპიონთა ლიგას კი მათი დუელი ყოველთვის განსაკუთრებულ ელფერს სძენდა. ასე იქნება ახლაც...

0.119982