ფეხბურთი

11:30 | 14.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნის" 90 წუთი მეოთხედფინალამდე

მიუნხენის “ბაიერნს” ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალამდე 90 წუთი აშორებს. სხვა ბარიერი იუპ ჰაინკესის გუნდს ნამდვილად არ გააჩნია, რადგან “ბეშიქთაში” არ გამოდგა გერმანელთა საპირწონე მეტოქე. სამი კვირის წინ გაირკვა ყველაფერი, როდესაც “ბაიერნმა” თურქეთის ჩემპიონი 5:0 გაანადგურა და კითხვის ნიშნები არ დატოვა.

მომდევნო ეტაპზე გამსვლელი გუნდის ვინაობა გარკვეული რომ გახლავთ, ამას “ბეშიქთაშის” მთავარი მწვრთნელი შენოლ გიუნეშიც აღიარებს, რომელმაც განაცხადა, რომ მათი მიზანი მომავალ სეზონში ისევ ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებაა. თავის მხრივ, იუპ ჰაინკესი უფრო დიპლომატიური იყო და თავის შეგირდებს დაცვაში ყურადღებით თამაშისკენ მოუწოდა.

დღევანდელ მატჩში მასპინძლებს ვიდა, პეპე და ტოშიჩი, სამი წამყვანი ცენტრალური მცველი დააკლდებათ, ხოლო სტუმრები მოედანზე ნოიერის, კომანის, ტოლისოსა და რობენის გარეშე გავლენ.

შენოლ გიუნეში (“ბეშიქთაშის” მთავარი მწვრთნელი): “ვეცდებით, რომ ჩვენი საუკეთესო თამაში ჩავატაროთ. ვიცით, რომ “ბაიერნი” აქ უძლიერესი შემადგენლობითაა ჩამოსული. ჩვენ წელს ვემშვიდობებით ტურნირს, მაგრამ გვინდა, რომ დავტოვოთ კარგი შთაბეჭდილება და თავაწეულებმა დავტოვოთ ჩემპიონთა ლიგა. ჩვენი მიზანი ნათელია – მომავალ სეზონში ისევ აქ დაბრუნება”.

იუპ ჰაინკესი (“ბაიერნის” მთავარი მწვრთნელი): “ჩვენ უკვე ვითამაშეთ შესანიშნავი ატმოსფეროს მქონე სტადიონებზე, გლაზგოში, ნეაპოლში და აქაც ასე იქნება. ვითამაშებთ იმ ქომაგების წინაშე, რომლებიც თავის საყვარელ გუნდს ბოლომდე გულშემატკივრობენ. ერთი სული გვაქვს მოედანზე როდის გავალთ. ჩვენ პრესინგის მხრივ ჯერ კიდევ გასაუმჯობესელი გვაქვს თამაში და დაცვაში ბურთი უნდა დავიჭიროთ და შეტევაში სწრაფად გადავიდეთ”.

სავარაუდო შემადგენლობები:

სტამბული, “ვოდაფონ პარკი”

14 მარტი, 21:00 საათი

“ბეშიქთაში” (4-2-3-1): ფაბრი; გონული, მედელი, ნეჩიპი, ადრიანო; ჰატჩინსონი, ტოლღაი; კვარეჟმა, ტალისკა, ბაბელი; ნეგრედო

მწვრთნელი: შენოლ გიუნეში

“ბაიერნი” (4-2-3-1): ულრაიხი; კიმიხი, ზულე, ჰუმელსი, ალაბა; ვიდალი, ტიაგო ალკანტარა; მიულერი, ხამესი, რიბერი; ვაგნერი

მწვრთნელი: იუპ ჰაინკესი

მსაჯი: მაიკლ ოლივერი (ინგლისი)

“ბეშიქთაში” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში პირველად გავიდა. გარდა ამისა, გახდა პირველი თურქული გუნდი, რომელმაც ქვეჯგუფში იპირველა. მეორე მხარეს კი, ძალზე გამოცდილი მიუნხენის “ბაიერნია”.

ეს იქნება “ბაიერნის” მე-14 მერვედფინალი. გერმანელებმა ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავეს და მიჯრით მეშვიდედ შეეცდებიან მეოთხედფინალში გასვლას.

ეს იქნება ერთადერთი მერვედფინალური წყვილი, რომელშიც თავიანთი ქვეყნის მოქმედი ჩემპიონები დაუპირისპირდებიან.

ურთიერთშეხვედრები

ეს გუნდები ერთმანეთს აქამდე ორჯერ შევხედრილან. 1997-1998 წლების სეზონში ჯგუფურ ეტაპზე მოხდა. მაშინ “ბაიერნმა” მიუნხენში ტომას ჰელმერისა და მარიო ბასლერის გოლებით მოიგო.

კარსტენ იანკერისა და ჰელმერის კიდევ ერთი გოლით სტამბულში “რეკორდმაისტერმა” ისევ 2:0 მოიგო.

1997 წლის 25 ნოემბერს, სტამბულში გუნდებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშეს:

„ბეშიქთაში“: ტუნჯაი, ერკან ავსერენი, ტოპრაკტეპე (უსტუნელი 80), ალფაი ოზალანი, იანკოვი, ჰავუტჩუ, საღლამი, ჩანოღლუ (ამოკაჩი 62), ჩეთინი (ემრე ერენი 59), ლეჩკოვი, დერელიოღლუ

„ბაიერნი: კანი, კუფური, ნერლინგერი, მათეუსი, ტარნატი, ფინკი (ბაბელი 87), ჰამანი, ჰელმერი, შოლი (ციკლერი 83), ელბერი, იანკერი (რიციტელი 81)

“ბაიერნმა” ჯგუფური ეტაპი 12 ქულით დაასრულა, ხოლო “ბეშიქთაში” ჯგუფში ჩარჩა.

ხორვატ მეკარეს, მარიან მრმიჩს მაშიც ორივე მატჩის სათადარიგო სკამზე გატარება მოუწია, ახლა კი, თურქული გუნდის მეკარეების მწვრთნელია.

სტატისტიკა

ბეშიქთაში

“ბეშიქთაში” მერვედფინალში პირველად ითამაშებს. თურქებისთვის ჩემპიონთა თასზე საუკეთესო სეზონი 1986-1987 წლების სეზონში იყო, როდესაც მეოთხედფინალამდე მივიდნენ და იქ კიევის “დინამოსთან” 0:7 წააგეს.

ჯგუფურ ეტაპზე “ბეშიქთაშმა” გერმანიაში “ლაიფციგი” დაამარცხა (2:1). ეს მათი მეხუთე სტუმრობა იყო ალემანების ქვეყანაში და პირველი გამარჯვება (1 ფრე, 3 მარცხი). ერთადერთ ფრეს რაც შეეხება – 2009-2010 წლების სეზონში „ვოლფსბურგზე” მოდის (0:0).

ჯგუფში “არწივებმა” „ლაიფციგი“ საკუთარ მოედანზეც დაამარცხეს (2:1).

“ლაიფციგთან” გამარჯვება იყო პირველი ბოლო 12 საგარეო შეხვედრაში ევროთასებზე.

“ბეშიქთაშს” პლეი-ოფში გერმანულ გუნდებთან ერთადერთი მარცხი აქვს. თასების თასზე 1989-1990 წლების სეზონში “დორტმუნდთან” (0:1 შინ, 1:2 სტუმრად).

ზედიზედ ოთხი საშინაო გამარჯვების შემდეგ ევროთასებზე, სტამბოლელებმა „მონაკოსთან“ ფრე ითამაშეს (1:1). საერთოდ, ბოლო 20 საშინაო შეხვედრაში ერთადეთი მარცხი აქვს 2014-2015 წლების სეზონში ევროპა ლიგაზე „ბრიუგესთან“ (1:3) (10 მოგება, 9 ფრე, 1 წაგება).

„ბეშიქთაში“ 22 შემთხვევიდან მხოლოდ ხუთჯერ გავიდა შემდეგ ეტაპზე, რაც პირველი მატჩი სტუმრად წააგო.

„ბეშიქთაში“ პენალტების სერიაში: 1 მოგება, 1 წაგება

2016-2017 წლების სეზონი, ევროპა ლიგა, მეოთხედფინალი: „ლიონი“ (6:7)

2014-2015 წლების სეზონი, ევროპა ლიგა, მეთექვსმეტედფინალი: „ლივერპული“ (5:4)

ბაიერნი

“ბაიერნის” ბალანსი მერვედფინალში: 10 შემდეგ ეტაპზე გასვლა, 3 გამოთიშვა. გერმანელებს ბოლო 6 მერვედფიანლური დუელი მოგებული აქვთ. ბოლოს ამ ეტაპზე მიუნხენელებმა 2010-2011 წლების სეზონში “ინტერთან” წააგეს.

ერთი წლის წინ “ბაიერნმა” ორი მატჩის ჯამში “არსენალი” გაანადგურა – 10:2 (5:1, 5:1).

1997 წლის დაპირისპირების გარდა, “ბაიერნს” თურუქლ გუნდთან ერთადერთხელ აქვს ნათამაშები. 1972-1973 წლების სეზონში “გალათასარაისთან” სტუმრად ფრე დაფიქსირდა (1:1), ხოლო შინ მასპინძლებმა 6:0 მოიგეს.

მიმდინარე სეზონში „რეკორდმაისტერი“ პსჟ-სთან სტუმრად 0:3 დამარცხდა, ხოლო შემდეგ „ანდერლეხტი“ და „სელტიკი“ დაამარცხა მისსავე მოედანზე.

გასულ სეზონში “ბაიერნი” ჯგუფში “ატლეტიკოს” ჩამორჩა. ეს იყო პირველი შემთხვევა 2009-2010 წლების სეზონის შემდეგ, როდესაც ქვეჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა. ბავარიელებმა იგივე შედეგი წელსაც აჩვენეს.

„ბაიერნს“ პლეი-ოფში პირველი მატჩი შინ 51-ჯერ აქვს მოგებული და 43-ჯერ (მათ შორის, ბოლო 11) შემდეგ ეტაპზე გავიდა. როდესაც პირველი თამაში 5:0 მოიგო სახლში, მაშინ შემდეგ ეტაპზე ყოველთვის გადიოდა (ორჯერ).

„ბაიერნი“ პენალტების სერიაში: 5 მოგება, 1 წაგება

2013 წელი, ევროპის სუპერთასი: „ჩელსი“ (5:4)

2011-2012, ჩემპიონთა ლიგა, ფინალი: „ჩელსი“ (3:4)

2011-2012, ჩემპიონთა ლიგა, ნახევარფინალი: „რეალი“ (3:1)

2000-2001, ჩემპიონთა ლიგა, ფინალი: „ვალენსია“ (5:4)

1983-1984, უეფას თასი, მეორე ეტაპი: პაოკ (9:8)

1973-1974, ჩემპიონთა თასი, პირველი ეტაპი: „ატვიდაბერგი (4:3)

მწვრთნელები და ფეხბურთელები: გზაჯვარედინი

“ბაიერნის” მთავარმა მწვრთნელმა იუპ ჰაინკესმა 1975 წელს დასავლეთ გერმანიის ნაკრების რიგებში ორი გუატანა თურქეთის ნაკრებს.

“ბეშიქთაშის” თავკაცი შენოლ გიუნეში დასავლეთ გერმანიის ნაკრებს ფეხბურთელის რანგში სამჯერ დაუპირისპირდა.

“ბეშიქთაშის” ნახევარმცველი ტოლგაი არსლანი გერმანიაში, კერძოდ, პადერბორნში დაიბადა.

გასულ სეზონში, ევროპა ლიგის მეოთხედფინალში კორენტინ ტოლისომ “ბეშიქთაშს” “ლიონის” მაისურით გოლი გაუტანა, ხოლო შემდეგ თერთემეტმეტრიანების სერიაშიც შეძლო თავის გამოჩენა და თავის გუნდს შემდეგი ეტაპის საგზური მოუტანა.

რიკარდო კვარეჟმამ 2014-2015 წლების სეზონში მეოთხედფინალურ ეტაპზე “პორტუს” მაისურით “ბაიერნს” ორი გოლი გაუტანა (3:1). საპასუხო შეხვედრა გერმანელებმა შინ 6:1 მოიგეს.

ალვარო ნეგრედომ “ბაიერნს” “სიტის” რიგებში გაუტანა პრესტიჟის გოლი 2013-2014 წლების სეზონში (1:3).

2015-2016 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ანდერსონ ტალისკამ “ბაიერნის” კარი დალაშქრა (2:2). ორი მატჩის ჯამში გერმანელებმა 3:2 მოიგეს.

პეპემ “რეალის” რიგებში “ბაიერნი” 2014 წელს, ნახევარფინალში დაამარცხა, ხოლო ორი წლით ადრე, იმავე ეტაპზე დამარცხდა.

არიენ რობენმა თურქეთის ნაკრებს მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში გოლი გაუტანა.

ტომას მიულერმა ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში შეძლო თურქეთის ნაკრების კარის დალაშქვრა.

პეპემ მოედნიდან გააძევეს, როდესაც გერმანიამ პორტუგალია 4:0 დაამარცხა 2014 წლის მუნდიალზე.

გერმანიაში უთამაშიათ

დუშკო ტოშიჩი (“ვერდერი” 2007-2010)

რაიან ბაბელი (“ჰოფენჰაიმი” 2011-2012)

ტოლგაი არსლანი (“ჰამბურგი” 2009-2015, “ალემანია” (2010-2011)

ატინჩ ნუკანი (“ლაიფციგი” 2015-2016)

დომაგოი ვიდა (“ლევერკუზენი” 2010-2011)

ფრანკ რიბერიმ 2004-2005 წლების სეზონის მეორე ნახევარი თურქულ “გალათასარაიში” გაატარა და “ბეშიქთაშთან” 1:0 გაიმარჯვა.

თანაგუნდელები ეროვნულ ნაკრებებში

არტურო ვიდალი და გარი მედელი (ჩილე)

ხავი მარტინესი და ალვარო ნეგრედო (ესპანეთი)

ტიაგო ალკანტარა და ალვარო ნეგრედო (ესპანეთი)

არიენ რობენი და ჯერმეინ ლენსი, რაიან ბაბელი (ჰოლანდია)

ერთად უთამაშიათ

ტომ შტარკე, სებასტიან რუდი და რაიან ბაბელი (“ჰოფენჰაიმი” 2011-2012)

დავიდ ალაბა და რაიან ბაბელი (“ჰოფენჰაიმი” 2010-2011)

რაფინია და ადრიანო (“კორიტიბა” 2004)

ტიაგო ალკანატარა და ადრიანო (“ბარსელონა” 2010-2013)

ჟერომ ბოატენგი და ტოლგაი არსლანი (“ჰამბურგი” 2009-2010)

არიენ რობენი და პეპე (“რეალი” 2007-2009)

ხამეს როდრიგესი და პეპე (“რეალი” 2014-2017).

0.39011