ფეხბურთი

1:49 | 12.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

სერია A: ცრემლი, პატივისცემა და შეცვლილი ლიდერი

იტალიის სერია A-ს XXXVIII ტური სევდიანი გამოდგა. დავიდე ასტორის გარდაცვალების შემდეგ ეს იყო პირველი ტური, რომელიც აპენინზე ჩატარდა და ბუნებრივია, რომ ყველა მატჩი წუთიერი დუმილით დაიწყო. ყველა სტადიონზე იყო ბევრი ცრემლი და დიდი პატივისცემა.

თავდაპირველად კი, რა თქმა უნდა, “ფიორენტინას” მატჩით უნდა დავიწყოთ. “ატემიო ფრანკი” პირთამდე გაივსო და კაპიტანს ღირსეულად გამოემშვიდობა. ბუნებრივია, რომ თამაშის ხასიათზე დიდად არცერთი გუნდი იყო, არც მასპინძელი და არც სტუმარი “ბენევენტო”. შესაბამისად, სანახაობრივი თამაში არ ყოფილა, რომლის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა. გოლი ვიტორ უგომ გაიტანა, ცენტრალურმა მცველმა, რომელმაც ძირითად შემადგენლობაში ასტორი შეცვალა. მცველი, რომლის მაისურის ნომერი ასტორის გარდაცვალების წელს ასახავდა – 31. ამასთან, დავიდეს სათამაშო ნომრის შებრუნებული ვარიანტიც იყო. მოკლედ, იყო ამაში რაღაც სიმბოლური... ბუნებრივია, რომ ბრაზილიელმა გატანილი გოლი თანაგუნდელის ხსოვნას მიუძღვნა. შეხვედრის დასსრულება და ნირწამხდარი ფლორენციელი ფეხბურთელების მინდორზე გართხმა ერთი იყო. მათ დღეს ფეხბურთისთვის არ სცხელოდათ, მაგრამ რას იზამ, ცხოვრება ასეთია და ცხოვრება გრძელდება. ჩვენ კი, ისღა დაგვრჩენია დავეთანხმოთ “არტემიო ფრანკიზე” გამოფენილ ბანერთაგან ერთ-ერთს და დავიდეს ასტორის დავემშვიდობოთ – ჩიაო ჩაპიტანო!

ამასობაში კი, ტურინის “იუვენტუსი” ერთპიროვნულად გალიდერდა. “ნაპოლიმ” ზედიზედ მეორე შეხვედრა ვერ მოიგო და “ბებერმა ქალბატონმა” ამით დიდებულად ისარგებლა. ნეაპოლელები “რომასთან” მარცხის შემდეგ მილანში, “ინტრს” ესტუმრნენ და მიუხედავად იმისა, რომ ცდა არ დაუკლიათ, გამარჯვებული შინ დაბრუნება ვერ შეძლეს. “ჯუზეპე მეაცაზე” გოლი არ გასულა.

“იუვენტუსმა” კი “უდინეზე” ზედმეტი ძალების დახარჯვის გარეშე დაამარცხა. გონსალო იგუაინმა მორიგი პენალტი გააცუდა, მაგრამ ჩინებულად გაისარჯა პაულო დიბალა, რომელმაც თითო ტაიმში თითო გოლით თავისი გუნდი ცხრილის სათავეში მოაქცია. ასე და ამრიგად, “იუვენტუსს” 71 ქულა აქვს, ხოლო “ნაპოლის” – 70. რაღა თქმა უნდა, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ტურინელებს ერთი თამაში მარაგში აქვთ. “იუვე” “ატალანტასთან” გამოტოვებულ მატჩს 14 მარტს ჩაატარებს და შესანიშნავი შანსი ექნება, რომ უპირატესობა განიმტკიცოს.

“მილანის” ოცნება ოთხეულში მოხვედრაზე გრძელდება. ჯენარო გატუზოს გუნდმა გენუიდან წაიღო სამი ქულა და შეიძლება ითქვას, ეს ზღაპარში მოახერხა. ერთობ უფერული მატჩი ლოგიკური დასასრულისკენ, ნულოვანი ფრისკენ მიდიოდა, როცა “როსონერიმ” გამარჯვების გოლი შეაგდო. ეს მსაჯის მეოთხე, ბოლო დამატებულ წუთზე მოხდა. სუსოს ფლანგური გადაცემის შედეგად ანდრე სილვამ თავით დალაშქრა მეტოქის კარი. ეს პორტუგალიელის პირველი გოლია სერია A-ში და თანაც, რა მნიშვნელობის?! “მილანი” ნაბიჯ-ნაბიჯ უახლოვდება ოთხეულს და ასე თუ გააგრძელებს, ოცნებას რეალობად აქცევს.

იგივე მიზანი აქვს რომის “ლაციოსაც”, თუმცა სიმონე ინძაგის გუნდი ბოლო პერიოდში ცუდ ფორმაშია. “არწივებმა” ისევ მოიგეს და მეტიც, ძალიან ახლოს იყვნენ მარცხთან. სარდინიაზე, “კალიარი” ორჯერ უგებდა დედაქალაქურ გუნდს, მაგრამ ბოლო წამზე ჩირო იმმობილემ მაღალი კლასი კიდევ ერთხელ დაადასტურა. იტალიელმა ფორვარდმა ქუსლით ენით აღუწერელი სილამაზის გოლი შეაგდო და საკუთარ გუნდს ქულა მაინც გადაურჩინა.

გასავარდნ ზონაშიც არანაკლებ დაძაბული ვითარებაა. უშუალო კონკურენტთა მატჩი შედგა რეჯიო ემილიაში, სადაც “სასუოლო” “სპალს” დაუხვდა. “ნეროვერდის” სეთი ცუდი სეზონი ელიტაში აღზევების შემდეგ არ ჰქონია და ახლა გავარდნის საფრთხე რეალურად ემუქრება. “სპალი” კი ხანგრძლივი პაუზის მერე გასავარდნი ზონიდან ამოვიდა, მაგრამ ეს შვება არაა. უშუალო დაპისპირებამ კი ძლიერი ვერ გამოვლინა. მირკო ანტენუჩის გოლს ხუმა ბაბაკარმა მალევე უპასუხა, მერე კი იყო მატეო პოლიტანოს გაცუდებული პენალტი და გუნდებმა ქულები გაიყვეს.

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა “კროტონემ”. კალაბრიელებმა შინ ევროსაგზურების მაძიებელი “სამპდორია” არ დაინდეს შინ და 4:1 გაანადგურეს. აღნიშნული გამარჯვებით ვალტერ ძენგას გუნდმა გასავარდნი ზონა დატოვა.

ბერგამოს “ატალანტამ”, რომელიც ევროპა ლიგის ზონაში მოსახვედრად იბრძვის, ბოლოში გატეხა “ბოლონია” და შინ გამარჯვებული დაბრუნდა.

“ფიორენტინა” – “ბენევენტო” 1:0 (1:0)

გოლი: ვიტორ უგო (25)

“ბოლონია” – “ატალანტა” 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 დე რუნი (83)

“კალიარი” – “ლაციო” 2:2 (1:1)

გოლები: 1:0 პავოლეტი (25), 1:1 ჩეპიტელი (35, ა.გ), 2:1 ბარელა (74, პენ), 2:2 იმმობილე (90)

“კროტონე” – “სამპდორია” 4:1 (3:0)

გოლები: 1:0 ტროტა (6), 2:0 სტოიანი (23), 3:0 ტროტა (36), 3:1 ძაპატა (69), 4:1 ვივიანო (85, ა.გ)

“იუვენტუსი” – “უდინეზე” 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 დიბალა (20), 2:0 დიბალა (49)

“სასუოლო” – “სპალი” 1:1 (1:1)

გოლები: 0:1 ანტენუჩი (27), 1:1 ბაბაკარი (31, პენ)

“ჯენოა” – “მილანი” 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 ანდრე სილვა (90)

“ინტერი” – “ნაპოლი” 0:0 (0:0)

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114583