ფეხბურთი

2:53 | 7.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

"რეალი" ლიგა 1-ს წარმომადგენელი არაა (+VIDEO)

შესაძლოა, ერთი თამაში შემთხვევით მოიგო, მაგრამ, როდესაც ორ მატჩს იგებ ერთი და იგივე მეტოქესთან, ეს უკვე ლოგიკაა. კლასში სხვაობა დიდი იყო - მადრიდის “რეალმა” “პარი სენ ჟერმენი” ყველა ასპექტში დაჩაგრა და კითხვის ნიშანიც არ დატოვა, ვის უნდა ეთამაშა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში. შესაძლოა, ნეიმარი ძალიან დიდი ძალაა, მაგრამ როდესაც პრეტენზია გაქვს ევროპის უპრესტიჟულესი ტურნირის მოგებაზე, ერთი ფეხბურთელის დანაკლისი, თუნდაც ის ერთი ნეიმარი იყოს, ასე არ უნდა დაგეტყოს.

და მაინც, ვფიქრობ, რომ ბრაზილიელის ყოფნა მოედანზე არაფერს შეცვლიდა. მიზეზი მარტივია – “რეალი” ბევრად გამართული მექანიზმია, ხოლო პსჟ ჯერ კიდევ არაა მზად მაღალი დონის მიზნებისკენ გასაწევად და დიდი ეჭვი მაქვს, კარგა ხანსაც ვერ იქნება. ასე, თურმე ფეხბურთშიც არაა მთავარი მილიონების დახარჯვა, კონკრეტული თამაშის მოსაგებად.

უნაი ემერი, რომ ზინედინ ზიდანთან, როგორც მწვრთნელი ახლოს ვერ მივა, ეს პარიზულმა მატჩმა კიდევ ერთხელ ცხადჰყო და მოკლედ, ძალიან ბევრ ნიუანსში “რეალი” ბევრად წინაა. მარტივად რომ ვთქვათ, “სამეფო კლუბი” დიდი გუნდია, “პარი სენ ჟერმენი” – არა.

თამაშს რაც შეეხება: მიუხედავად იმისა, რომ ფრანგებს ორი ბურთის სხვაობით მოგება აუცილებლად სჭირდებოდათ, ეს საერთოდ არ იგრძნობოდა. განა იმიტომ, რომ მასპინძლები ხასიათზე არ იყვნენ, არამედ იმიტომ, რომ სტუმრები ამის გაკეთების საშუალებას არ აძლევდნენ. პირველ 45 წუთში პსჟ-მ კარისკენ ოდენ სამჯერ დაარტყა და 2015 წლის შემდეგ საკუთარ მოედანზე ასეთი დაბალი შედეგი არ ჰქონია (სხვათა შორის, მაშინაც “რეალთან”). დიად არც მეორე ტაიმში შეცვლილა რამე. დანი ალვეში მოედნის ცენტრში უწყინარ სიტუაციაში შეცდა და ესპანელთა სწრაფი შეტევა გოლით დასრულდა. შორეულ ძელთან ჩასაფრებულმა კრიშტიანუ რონალდუმ ისევ გაიტანა. ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ზედიზედ 9 მატჩში გაიტანა და რუუდ ვან ნისტელროის რეკორდი გაიმეორა. თუმცა. პორტუგალიელმა ხსენებულ მატჩებში 14-ჯერ იხეირა, ხოლო ჰოლანდიელმა 12-ჯერ.

მერე იყო მარკო ვერატის ზედმეტი წითელი ბარათი და ყველაფერი გაირკვა. სხვათა შორის, პსჟ-ს ბოლო სამი წითელი ბარათი ჩემპიონთა ლიგაზე, ვერატიზე მოდის... ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, როგორც გითხარით, მაგრამ იქამდე მოედანზე უსარგებლოდ მყოფ ედინსონ კავანის ბურთი შემთხვევით მოხვდა და კარში შევრდა. რა შეიცვალა? – არც არაფერი. მადრიდელები როგორც კი ტემპს მოუმატებნდნენ, პარიზელთა დაცვაში სრული პანიკა სუფევდა და ერთ-ერთ ასეთ შეტევას კაზემიროს გოლი მოჰყვა. მოკლედ, “რეალმა” ორივე თამაში უშანსოდ მოუგო პსჟ-ს და მეოთხედფინალში ის გუნდი გავიდა, რომელიც უნდა გასულიყო. ის გუნდი, რომელიც შემდეგ ეტაპზე უფრო მეტი სიამოვნებას მიანიჭებს გულშემატკივარს, ვიდრე პსჟ მიანიჭებდა.

ამბობენ, რომ ფეხბურთი ლოგიკას არ ექვმედებარებაო, მაგრამ ამ წყვილიდან გამომდინარე, ფეხბურთი ლოგიკური თამაშია. იწყებენ თეთრები და იგებენ თეთრები!

“პარი სენ ჟერმენი” – “რეალი” 1:2 (0:0) – ორი მატჩის ჯამში: 2:5 VIDEO

პარიზი, “პარკ დე პრენსი”

მაყურებელი: 46 585

“პარი სენ ჟერმენი” (4-3-3): არეოლა; დანი ალვეში, ტიაგო სილვა, მარკინიოსი, ბირჩეჩე; ვერატი, ტიაგო მოტა (პასტორე 59), რაბიო; დი მარია (დრაქსლერი 76), კავანი, მბაპე (დიარა 85)

მწვრთნელი: უნაი ემერი

“რეალი” (4-4-2): ნავასი; კარვახალი, რამოსი, ვარანი, მარსელო; ვასკესი, კაზემირო, კოვაჩიჩი (კროოსი 72), ასენსიო (ისკო 82); ბენზემა (ბეილი 76), რონალდუ

მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

გოლები: 0:1 რონალდუ (52), 1:1 კავანი (71), 1:2 კაზემირო (80)

გაფრთხილება: ვერატი (20, 66), კავანი (84) – კოვაჩიჩი (32), სერხიო რამოსი (78)

გაძევება: ვერატი (66)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 5 (2) – 15 (6) ბურთის ფლობა: 50%-50% კუთხურები: 7:8 თამაშგარე: 5:5

მსაჯი: ფელიქს ბრიხი

Loading...
სტატისტიკა
0.264268