ფეხბურთი

18:57 | 28.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

30-ე კარზე გვიკაკუნებს

2 მარტს საქართველოს ეროვნული ლიგის ახალი სეზონი დაიწყება. რიგით 30-ე ჩემპიონატი გველის. როგორც შარშან, ამჯერადაც არ ჩანს გამოკვეთილი ფავორიტი და არც - აუტსაიდერი. მეტნაკლებად შეიძლება შანსებზე საუბარი, თუმცა პროგნოზირება მაინც რთულია.

ყოველ სეზონს იმ იმედით ვხვდებით, რომ წინაზე უკეთესი იქნება სათამაშო დონით, ოღონდ ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს. ერთია იმედი და მეორე - რეალობა.

წინა სეზონის შემდეგ, ჩემპიონატს რამდენიმე კარგი ფეხბურთელი გამოაკლდა და რამდენიმეც შეემატა. მათ შორის, წავიდნენ ეროვნული ლიგის საუკეთესო მეგოლე ირაკლი სიხარულიძე ("ლოკომოტივიდან" ჩეხურ "სლოვაცკოში"), ნიჭიერი ნახევარმცველი გიორგი ხარაიშვილი ("საბურთალოდან" შვედეთის "გიოტებორგში"), ირაკლი ძარია "დილადან" ალბანეთის "კუკეშიში"...

თუმცა, დაბრუნდა 2016 წლის გარდამავალი სეზონის ჩემპიონი და ბომბარდირი ბუდუ ზივზივაძე. ის "სამტრედიადან" წავიდა დანიურ "ესბიერგში", ამჟამად კი თბილისის "დინამოშია", სადაც ადრეც თამაშობდა. ბელგიის "სერკლ ბრიუგედან" "საბურთალოს" დაუბრუნდა ვაგნერ გონსალვეში, "რუსთავში" ითამაშებს მათე ცინცაძე და ქუთაისის 'ტორპედოშია" ჯაბა ლიპარტია...

"სამტრედიაში" ითამაშებენ ბუბა დაუშვილი და უჩა ლობჟანიძე, თუმცა სამტრედიელთაგან წავიდნენ კიდეც - მაგალითად, ნიკა სანდოხაძე ლვოვის "კარპატიში" წავიდა, ხოლო გიორგი მჭედლიშვილი ხორვატიის "გორიცაში".

განვლილი 29 ჩემპიონატიდან 16-ჯერ თბილისის "დინამო" გახდა პირველი, 4-ჯერ ქუთაისის "ტორპედო", 2-2-ჯერ თბილისის "ვიტ ჯორჯია", რუსთავის "მეტალურგი" და "ზესტაფონი", თითოჯერ კი - ბოლნისის "სიონი", გორის "დილა" და "სამტრედია". ქუთაისელებმა შარშან 15-წლიანი შესვენების შემდეგ იზეიმეს ჩემპიონობა.

ეროვნული ლიგის 2018 წლის სეზონის პირველი ტური

2 მარტი

19:00. ქუთაისი. რამაზ შენგელია. ტორპედო-დილა

3 მარტი

15:00. თბილისი. დავით პეტრიაშვილი. ჩიხურა-კოლხეთი

4 მარტი.

13:30. თბილისი. მიხეილ მესხი2. ლოკომოტივი-სამტრედია

16:00. თბილისი. დინამო არენა. დინამო-რუსთავი

5 მარტი

19:00. თბილისი. მიხეილ მესხი. საბურთალო-სიონი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112386