ფეხბურთი

4:16 | 26.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

"მილანი" არ ხუმრობს, ტურინში - თოვლია

იტალიის სერია A-ს XXVI ტურის შემდეგ საჩემპიონო რბოლაში სიტუაცია უცვლელი დარჩა, ხოლო ჩემპიონთა ლიგის ზონისთვის ბრძოლა კიდევ უფრო გაჩაღდა. უფრო სწორედ ტური არასრული გამოდგა. “ნაპოლი” ორშაბათს ითამაშებს, ხოლო “იუვენტუსის” მატჩი საერთოდაც ჯერჯერობით გაურკვეველი ვადით გადაიდო.

ტურინში ცუდი ამინდი ვის უკვირს, მაგრამ ამჯერად ძლიერი თოვლი მოვიდა და კი ეცადნენ “იუვესა” და “ატალანტას” ფეხბურთელები, რომ ეთამაშათ, მაგრამ არ გამოვიდა. საბოლოოდ, მატჩი გადაიდო. ჯერჯერობით უცნობია როდის გაიმართება ეს შეხვედრა, მაგრამ იტალიური მედიის ცნობით, დიდი ალბათობით 14 ან 15 მარტს.

ტურის ცენტრალური შეხვედრა კი შედგა. რომში, “რომამ” “მილანი” მიიღო და კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ “მგლები” ცუდ ფორმაში არიან, ხოლო “როსონერი” პირიქით, ჩინებულად ირჯება და ოთხეულისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევს. ეუსებიო დი ფრანჩესკოს გუნდს შანსი არ ჰქონია ისე წააგო. ისიც შეგვიძლია ვთქვათ, რომ “რომამ” სეზონის ყველაზე ცუდი მატჩი ჩაატარა. საპირისპიროდ, ჯენარო გატუზოს “მილანი” დღითიდღე პროგრესირებს და ეს არამარტო შედეგებიდან, არამედ თამაშის ხარისხიდანაც ჩანს. რთულია გავიხსენოთ, ბოლოს როდის დაჩაგრა ლომბარდიულმა გრანდმა ასეთი კალიბრის მეტოქე მისსავე მოედანზე. გოლები კი მეორე ტაიმში გავიდა – ჯერ პატრიკ კუტრონემ ჩვეულ სტილში ითამაშა დასწრებაზე, მერე კი დავიდე კალაბრია აღმოჩნდა მისთვის უჩვეულო პოზიციაში, მეკარესთან პირისპირ და ივარგა. სტუმრებს მერეც შეეძლოთ ანგარიშის გაზრდა, აი, “რომა” კი გააზრებულ შეტევას ნამდვილად ვერ აკეთებდა. შესაბამისად, ღირსეულმა გაიმარჯვა. დედაქალაქელები ოთხეულიდან ამოვარდნენ, ხოლო “მილანი” ჯერაც მე-7 ადგილზეა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის ზონა ასე უტოპიურადაც აღარ ჟრერს, როგორც რამდენიმე ტურის წინ. სხვათა შორის 2011 წლის ოქტომბრის შემდეგ "მილანმა" "რომას" "სტადიო ოლიმპიკოზე" პირველად მოუგო. გარდა ამისა, 2018 წელს ჯერაც დაუმარცხებლად ასპარეზობს. ვნახოთ, როდემდე გაგრძელდება "როსონერის" წარმატებული სვლა.

თუ “რომა” და “მილანი” ოთხეულისთვის იბრძვიან, “ლაციო” უკვე იქაა. სიმონე ინძაგის გუნდმა რეჯიო ემილიაში გაისეირნა და “სასუოლო” ყოველგვარი პრობლემების გარეშე დაამარცხა. ჩირო იმმობილემ ისევ გაიტანა, ხოლო სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი დუბლით გამოირჩა. მოკლედ, ლიდერებმა ულიდერეს გუნდს და “ლაციალე” მესამე ადგილზე იმყოფება.

ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის “სამპდორიაც”. შესაძლოა, მარკო ჯამპაოლოს გუნდის შანსი ისე არ ფასობდეს, როგორც მისი კონკურენტების, მაგრამ ფაქტია გენუელებიც ზუსტად იგივე სიტუაციაში არაინ, როგორც “მილანი”. “სამპამ” ამჯერად საკუთარ მოედანზე “უდინეზე” დაამარცხა.

ტურის სხვა მატჩებს რაც შეეხება – ორმა აუტსაიდერმა მოიგო, მაგრამ გასავარდნ ზონას თავი ვერცერთმა დააღწია. “სპალმა” სტუმრად უშულო კონკურენტი “კროტონე” დაამარცხა (3:2), ხოლო “ვერონამ” ბევრისთვის მოულოდნელად სახლში “ტორინოს” არ დაუტოვა შანსი (2:1).

“კროტონე” – “სპალი” 2:3 (0:1)

გოლები: 0:1 ანტენუჩი (37), 1:1 ბუდიმირი (49), 1:2 შიმიჩი (51), 1:3 პალოსკი (60), 2:3 ბუდიმირი (86)

“ფიორენტინა” – “კიევო” 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 ბირაგი (6)

“ვერონა” – “კიევო” 2:1 (1:0)

გოლები: 1:0 ვალოტი (12), 1:1 ნიანგი (49), 2:1 ვალოტი (77)

“სამპდორია” – “უდინეზე” 2:1 (1:0)

გოლები: 1:0 სილვესტრე (35), 2:0 ძაპატა (83), 2:1 ალი ადნანი (90)

“სასუოლო” – “ლაციო” 0:3 (0:2)

გოლები: 0:1 მილინკოვიჩ-სავიჩი (7), 0:2 იმმობილე (31, პენ), 0:3 მილინკოვიჩ-სავიჩი (46)

“რომა” – “მილანი” 0:2 (0:0)

გოლები: 0:1 კუტრონე (48), 0:2 კალაბრია (74)

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.541711