კალათბურთი

17:50 | 21.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

გუგა პატაშური: „ტიტების“ მიზანი სუპერლიგაში გადასვლაა“

მიმდინარე სეზონში ‘’ტიტებმა’’ კიდევ ერთი ახალგაზრდა კალათბურთელი გუგა პატაშური დააწინაურა. გუგა რუსთავის საკალათბურთო სკოლის აღზრდილია, შარშან სეზონის მეორე ნახევარი ავსტრიაში გაატარა, მანამდე კი რუსთავის 20-წლამდელთა გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ.

გუგა "ტიტებში" თავდაუზოგავად ვარჯიშობს, „ა“ ლიგას უშინაურდება და მისი პროგრესი აშკარაა. ახალგაზრდა კალათბურთელთან ინტერვიუ კლუბის პრესსამსახურმა ჩაწერა.

გუგა პატაშური: კალათბურთის თამაში 9 წლის ასაკში ქალაქ რუსთავში დავიწყე. ჩემი პირველი მწვრთნელი იყო ოთარ ხმელიძე, რომელმაც შემაყვარა სპორტის ეს სახეობა და მასწავლა კალათბურთის ანი-ბანი“.

- როგორ მიგიღეს ‘’ტიტებში’’ და რამდენად ადვილად გაიარე ადაპტაცია?

- „ტიტებში“ ძალიან კარგად მიმიღეს, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი თანაგუნდელებს. რამდენიმე მოთამაშეს მანამდეც ვიცნობდი, რამაც ადაპტაციის პროცესი დააჩქარა.

- „ტიტებში“ არაერთი გამოცდილი კალათბურთელი თამაშობს, ალბათ, ბევრს სწავლობ მათგან.

- აღსანიშნავია, რომ „ტიტებს“ ძალიან გამოცდილი და ტიტულოვანი მწვრთნელი დავით უსტიაშვილი უდგას სათავეში, რომელიც ბევრ მითითებას მაძლევს და მეხმარება განვითარებაში. ასევე არ შემიძლია არ აღვნიშნო მოთამაშეები: ბესო ლეჟავა, ქაქუცა აბაიშვილი და ბექა ჩიკვილაძე, რომლებიც მიზიარებენ თავიანთ გამოცდილებას.

- „ტიტების“ მიზანი რა არის და ვის მიიჩნევ კონკურენტად?

- „ტიტების’’ მიზანი „ა“ ლიგაში პირველი ადგილი და სუპერლიგაში გადასვლაა, რისთვისაც გუნდი ძალიან მოტივირებულია. რაც შეეხება კონკურენტებს, ყველა გუნდი ძალიან კარგადაა დაკომპლეტებული, მაგრამ გამოვარჩევ თსუ-ჰიუნდაის, რომელიც ძირითადათ ჩემი ასაკის მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული.

- შარშან ავსტრიაში თამაშობდი, მომავალში კვლავ თუ აპირებ უცხოეთში კარიერის გაგრძელებას?

- დიახ, შარშან ავსტრიაში ვთამაშობდი. ჯერ 19 წლის ვარ, პირველ ყოვლისა, ჩემი მიზანია მოვხვდე ეროვნულ ნაკრებში, ასევე დიდი სურვილი მაქვს ვითამაშო საზღვარგარეთ და ვასახელო ჩემი ქვეყანა.

- ასაკობრივ ნაკრებზეც ვთქვათ, დასახელებული იყავი 20-წლამდელთა ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში.

- წელს მაქვს ბოლო შანსი 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე რომ ვითამაშო. ვიმედოვნებ, სეზონის მსვლელობისას თავის გამოჩენით მოვხვდები ნაკრებში და ევროპის ჩემპიონატზე თამაშის საშუალება მომეცემა.

0.117285