ფეხბურთი

3:21 | 21.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

სხვა სიმაღლე, სხვა განზომილება (+VIDEO)

მიუნხენის “ბაიერნმა” მეოთხედფინალში გასვლის საკითხი პირველი მატჩში გადაწყვიტა. საერთოდაც, “რეკორდმაისტერი” თურქეთის ჩემპიონ “ბეშიქთაშთან” უპირობო ფავორიტი იყო, მაგრამ ის, რაც იუპ ჰაინკესის გუნდმა მეტოქეს დამართა, ბოლომდე ბევრი ვერ წარმოიდგენდა.

“ბეშიქთაშმა” ჯგუფურ ეტაპზე ჩინებული შთაბეჭდილება დატოვა, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ქვეჯგუფში თურქებს ევროპული გრანდი არ ჰყოლიათ მეტოქედ. “ბაიერნი” კი მათ ორივე თავით მაინც აღემატება. ამას ისიც დაემატა, რომ “რეკორდმაისტერი” არანორმალურად მაგარ ფორმაშია და უკვე ზედიზედ 14 თამაში მოიგო. ასეთი ჩინებული სერია კი, ბოლოს 1980 წელს ჰქონდა. მოკლედ, “არწივები” მიუნხენს ცუდ დროს ეწვივნენ და მწარე მარცხის იწვნიეს.

ისე, ისიც ვთქვათ, რომ შენოლ გიუნეშის გუნდმა თითქმის მთელი თამაში რიცხობრივ უმცირესობაში გაატარა. დომაგოი ვიდამ მე-16 წუთზე მიიღო წითელი ბარათი მას შემდეგ, რაც რობერტ ლევანდოვსკი წააქცია საჯარიმოს ხაზთან. სტუმრები მრისხანე მეტოქეს 43-ე წუთამდე უძალიანდებოდნენ და მერე ტომას მიულერმა გახსნა ანგარიში. მეორე ტაიმი კი ნამდვილად ერთი გუნდის წარმოდგენა იყო. “ბაიერნმა” პირველ ნახევარში გატანილ 1 გოლს კიდევ ოთხი წაამატა და საპასუხო მატჩი სრულ ფორმალობად აქცია.

საერთოდაც, ჯერ მერვედფინალური ეტაპზე მხოლოდ 6 მატჩი გაიმართა და მიუხედავად იმისა, რომ წინ საპასუხო შეხვედრებიცაა, სამი მეოთხედფინალისტი უკვე ცნობილია. “სიტი”, “ლივერპული”, “ბაიერნი”... კლასში სხვაობა აშკარაა.

“ბაიერნი” – “ბეშიქთაში” 5:0 (1:0) VIDEO

მიუნხენი, “ალიანც არენა”

მაყურებელი: 70 000

“ბაიერნი” (4-3-3): ულრაიხი; კიმიხი, ბოატენგი, ჰუმელსი, ალაბა; ვიდალი (ტოლისო 83), ხავი მარტინესი, ხამესი (რობენი 44); მიულერი, ლევანდოვსკი, კომანი (რიბერი 81)

მწვრთნელი: იუპ ჰაინკესი

“ბეშიქთაში” (4-2-3-1): ფაბრი; ადრიანო, პეპე, ვიდა, ერკინი (გონული 69); ჰატჩინსონი, მედელი (არსლანი 85); კვარეჟმა, ტალისკა, ბაბელი; ვაგნერ ლავი (ტოშიჩი 57)

მწვრთნელი: შენოლ გიუნეში

გოლები: 1:0 მიულერი (43), 2:0 კომანი (53), 3:0 მიულერი (66), 4:0 ლევანდოვსკი (79), 5:0 ლევანდოვსკი (88)

გაფრთხილება: ლევანდოვსკი (38) – კვარეჟმა (33), პეპე (62), ტოშიჩი (90)

გაძევება: ვიდა (16)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 26 (13) – 5 (1) ბურთის ფლობა: 66%-34% კუთხურები: 6:3 თამაშგარე: 3:1

მსაჯი: ოვიდიუ ჰატეგანი (რუმინეთი)

Loading...
სტატისტიკა
0.260274