ფეხბურთი

3:02 | 21.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

ძვირადღირებული შეცდომა (+VIDEO)

“ბარსელონა” ის გუნდია, რომელსაც ანდრეს ინიესტა და ლიონელ მესი ჰყავს, ხოლო ინიესტა და მესი ის ფეხბურთელები არიან, რომლებიც შეცდომას არ პატიობენ. ანდრეას კრისტენსენის შეცდომა “ჩელსის” მთელი შრომის წყალში ჩაყრად დაუჯდა. თუმცა, იქამდე ძალიან მაგარი 75 წუთი ითამაშა.

თავიდანვე ვთქვათ, რომ ეს იყო ორი სხვადასხვა ფილოსოფიის გუნდის დაპირისპირება, რომლებმაც ბოლო პერიოდში ევროპულ ფეხბურთს არაერთი დაუვიწყარი წუთი აჩუქეს. ახლა კი, უფრო იყო ორი მთავარი მწვრთნელის ტაქტიკური ჭიდილი, რომელშიც ყოველი დეტალი წინასწარ გახლდათ გათვლილი. “ბარსელონა” ბურთს ფლობდა, მაგრამ სახიფათო მომენტებს “ჩელსი” ჰქმნიდა. თუმცა მწირი რაოდენობით. ისე, მხოლოდ ვილიანი აქტიურობდა მეტოქის კართან და შესაბამისად, რა გასაკვირია, რომ მასპინძლებს ბევრი საფრთხე არ შეუქმნიათ სტუმართა კართან. პირველ ტაიმში ასეთი სულ ორი ეპიზოდი იყო და ორივე ძალზე რეალური. ვილიანმა ორჯერ გაისროლა საჯარიმოს მისადგომებიდან, მაგრამ ბრაზილიელს ფატალურად არ გაუმართლა – ორჯერვე ძელმა მოიგერია ბურთი და თან ისე, რომ მარკ-ანდრე ტერ შტეგენს კარის გადარჩენის მინიმალური შანსიც არ ჰქონია. საპასუხოდ, “ბარსა” ვერაფერრს აკეთებდა. ლონდონელები ნახევარდაცვასა და დაცვაში ძალზე მჭიდროდ მოქმედებენდენ და ლიონელ მესი თამაშით ფაქტობრივად გამოთიშეს.

მეორე ტაიმიც ანალოგიური სცენარით მიმდნარეობდა. თითქოს, ერნესტო ვალვერდე თანახმა იყო უგოლო ფრეზე და სხვათა შორის, ანტონიო კონტეც. მეტიც, იტალიელისთვის მთავარი იყო გოლის არგაშვება და ეგებ შეტევაში რამე გამოვიდესო! გამოვიდა კიდეც და ვინ თუ არა, ვილიანი... ბრაზილიელმა მესამე ცდაზე იდეალურად დაარტყა და უზუსტესი დარტყმით ანგარიში გაიხსნა. ვილიანმა იმდენად ფანტასტიკურად დაარტყა, რომ მეკარე ვერც გაინძრა. ან რა აზრი ჰქონდა, მაინც ვერ აიღებდა. სხვათა შორის, ვილიანმა ჩემპიონთა ლიგაზე საჯარიმოს გარედან მეექვსე გოლი გაიტანა და ეს ბოლო 4 წელიწადში საუკეთესო შედეგია. ბრაზილიელმა კრიშიანუსა და ნეიმარს გადაასწრო. მოკლედ, “ჩელსიმ” ანგარიში წაიყვანა და უფლება რომ ჰქონოდა, კონტე იქვე დაასრულებდა თამაშს, მაგრამ მისდა საუბედუროდ წინ კიდევ ნახევარი საათი იყო დარჩენილი. და მაინც, “ბლაუგრანა” შეტევაში ფაქტობრივად უმოქმედოდ ყოფნას აგრძელებდა და ერთადერთი გამოსავალი ჩანდა – “ჩელსის” უნდა გამოეგონებინა მომენტი საკუთარ კართან. ასეც მოხდა. კრისტენსენმა გაუგონრად ცუდად ითამაშა (იქ პასი არ კეთდება), არაზუსტი გადაცემა გააკეთა, სესარ ასპილიკუეტამ ანდრეს ინიესტას ვერ დაასწრო, ხოლო “ბარსას” კაპიტანი ასეთი სიტუაციაში რაღა თქმა უნდა, შეუდარებელია: მესი მოძებნა, რომელმაც ახლო მანძილიდან ერთი შეხებით გაიტანა. მოკლედ, “ბარსელონამ” გაათანაბრა, ხოლო ლიონელმა “ჩელსისთან” შმრალი სერია როგორც იქნა, მეცხრე ცდაზე დაასრულა. იქამდე ხომ ბევრი არაფერი ხდებოდა და დარჩენილ 15 წუთში არც არაფერი შეცვლილა. გუნდებმა ასე დაშორდნენ ერთმანეთს და სამი კვირის შემდეგ უკვე მეორე სერიას გაითამაშებენ. ვნახოთ, წესით იქ სხვა ხასიათის თამაში უნდა წავიდეს.

იქამდე კი, “ჩელსი” ბევრს ეცადა “კამპ ნოუზე” კარგ სიტუაციაში ჩასულიყო, მაგრამ ამაოდ, ხოლო “ბარსელონამ” თამამად შეიძლება ითქვას, რომ მინიმუმისგან მაქსიმუმი მიიღო.

“ჩელსი” – “ბარსელონა” 1:1 (0:0) VIDEO

ლონდონი, “სტემფორდ ბრიჯი”

მაყურებელი: 37 741

“ჩელსი” (3-4-3): კურტუა; ასპილიკუეტა, კრისტენსენი, რუდიგერი; მოზესი, ფაბრეგასი (დრინკუოთერი 84), კანტე, ალონსო; ვილიანი, აზარი, პედრო (მორატა 83)

მწვრთნელი: ანტონიო კონტე

“ბარსელონა” (4-3-3): ტერ შტეგენი; სერხი რობერტო, პიკე, უმტიტი, ჟორდი ალბა; რაკიტიჩი, ბუსკეტსი, პაულინიო (ვიდალი 63); მესი, სუარესი, ინიესტა (ანდრე გომეში 90)

მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

გოლები: 1:0 ვილიანი (62), 1:1 მესი (75)

გაფრთხილება: რუდიგერი (80), მორატა (86) - რაკიტიჩი (30), სუარესი (76), ბუსკეტსი (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 8 (2) – 5 (2) ბურთის ფლობა: 32%-68% კუთხურები: 3:4 თამაშგარე: 1:0

მსაჯი: ჩიუნეთ ჩაქირი (თურქეთი)

0.282758