ფეხბურთი

20:08 | 18.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსი" VS "ბარსელონა" - ფაქტები, დეტალები, სტატისტიკა

უეფას ჩემპიონთა ლიგაზე მერვედფინალური ეტაპი გრძელდება. სამშაბათსა და ოთხშაბათს დარჩენილი ოთხი შეხვედრა გაიმართება. კვირის და შეიძლება ითქვას, მერვედფინალური ეტაპის ცენტრალური მატჩი ლონდონში შედგება. "ჩელსი" - "ბარსელონას" უმაპინძლებს. ამ გუნდებს ერთმანეთთან არაერთი დაუვწიყარი მატჩები აკავშირებთ და გულშემატკივრები ახლაც დიდი სანახაობის მოლოდინში არიან.

WORDLSPORT.GE წარმოგიდგენთ, ამ მატჩის შესახებ სხვადასხვა დეტალებს, სტატისტიკასა და ფაქტებს...

2000 წლიდან “ჩელსი” და “ბარსელონა” ერთმანეთს 12-ჯერ დაუპირისპირდნენ (ყოველთვის ჩემპიონთა ლიგაზე). 6 დუელიდან 5 სწორედ პლეი-ოფში შედგა.

ეს იქნება ამ გუნდთა მესამე დაპირისპირება მერვედფინალურ ეტაპზე. “ბარსელონა” ეცდება მეოთხედფინალში ზედიზედ მეთერთმეტედ გავიდეს და რეკორდია. “ჩელსიმ” კი მეოთხედფინალში თამაში ბოლო 5 სეზონში ერთადერთხელ მოახერხა, ხოლო ბოლო ორი მერვედფინალი ვერ გადალახა.

“ჩელსი” – “ბარსელონას” წყვილი “ლივერპული” – “პორტუს” წყვილთან ერთად მეორეა, რომელშიც ის გუნდები უპირისპირდებიან ერთმანეთს, რომელთაც ჩემპიონთა ლიგა მოგებული აქვთ.

ურთიერთშეხვედრები

ეს გუნდები როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, აქამდე 12-ჯერ შეხვედრილან. 4 მატჩი “ჩელსიმ” მოიგო, 3 “ბარსელონამ”, ხოლო 5 შეხვედრა ფრედ დასრულდა.

“ჩელსიმ” ბოლო დაპირისპირებაში ესპანურ გრანდს აჯობა. 2011-2012 წლების სეზონში ლონდონში მასპინძლებმა დიდიე დროგბას გოლით მოიგეს.

2012 წლის 18 აპრილს “სტემფორდ ბრიჯზე” გუნდებმა შემდეგი შემადგენლობით ითამაშეს:

“ჩელსი”: ჩეხი, ივანოვიჩი, კეჰილი, ტერი, კოული, მიკელი, მეირელეში, ლამპარდი, მატა (კალუ 74), რამირესი (ბოსინგვა 88), დროგბა

“ბარსელონა”: ვალდესი, დანი ალვეში, პუიოლი, მასკერანო, ადრიანო, ბუსკეტსი, ჩავი (კუენკა 87), ინიესტა, ფაბრეგასი (ტიაგო ალკანტარა 78), მესი, სანჩესი (პედრო 66)

საპასუხო შეხვედრაში სერხიო ბუსკეტსის გოლით “ბარსა” დაწინაურდა, ხოლო იქმადე ჯონ ტერი გააძევეს. ანდრეს ინიესტამ ანგარიში ორამდე გაზარდა და თითქოს სტუმრები განწირულები იყვნენ, მაგრამ “ჩელსი” არ დანებდა. რამირესმა ერთი გოლი გაქვითა. შემდეგ იყო ლიონელ მესის გაცუდებული პენალტი, ხოლო წერტილი ფერნანდო ტორესმა დასვა და “ჩელსი” ფინალში გავიდა. საბოლოოდ კი, ჩემპიონიც გახდა.

იმ დღეს “ბარსელონას” რიგებში პედრომ და ფაბრეგასმა ითამაშეს, რომლებიც დღეს “ჩელსისთვის” ირჯებიან.

კიდევ ერთი დრამატული დუელი 2009 წელს შედგა. “კამპ ნოუზე” (0:0) ფრის შემდეგ, 6 მაისს, “სტემფორდ ბრიჯზე” “ჩელსი” მაიკლ ესიენის გოლით დაწინაურდა, რასაც ერიკ აბიდალის გაძევება მოჰყვა. თუმცა, ანდრეს ინიესტამ ბოლო წუთზე გაათანაბრა. ფინალში “ბარსელონა” გავიდა და ტურნირიც მოიგო.

მაშინ გუნდებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშეს:

“ჩელსი”: ჩეხი, ბოსინგვა, ალექსი, ტერი, კოული, ლამპარდი, ესიენი, ბალაკი, ანელკა, დროგბა (ბელეტი 90), მალუდა

“ბარსელონა”: ვალდესი, დანი ალვეში, ტურე, პიკე, აბიდალი, ბუსკეტსი (ბოიანი 85), ჩავი, კეიტა, მესი, ეტო’ო (სილვინიო 90), ინიესტა (გუდიონსენი 90)

“ბარსელონამ” ჩელსი” 2005-2006 წლების სეზონის მერვედფინალშიც დაამარცხა ორი მატჩის ჯამში – 3:2 (2:1 სტუმრად, 1:1 შინ). იქამდე ერთი წლით ადრე, იმავე ეტაპზე უფრო ძლიერი ინგლისური გუნდი გამოდგა – 5:4 (1:2 სტუმრად, 4:2 შინ).

1999-2000 წლების სეზონში კი, მათი გზები მეოთხედფინალში გადაიკვეთა და მაშინაც ორი დაუვიწყარი მატჩი შედგა. “ჩელსიმ” შინ პირველი მატჩი 3:1 მოიგო, მაგრამ სტუმრად 1:5 დამარცხდა (დამატებით დროში).

გარდა ამისა, ერთი დუელი ჯგუფურ ეტაპზეც შედგა. ეს 2006-2007 წლების სეზონში მოხდა, როდესაც “ჩელსიმ” ლონდონში 1:0 მოიგო, ხოლო ესპანეთში ფრე დაფიქსირდა (2:2).

სტატისტიკა

“ჩელსი”

“ჩელსიმ” მერვედფინალური ეტაპის დაძლევა აქამდე რვაჯერ შეძლო, ხოლო ოთხჯერ ტურნირს ამ ეტაპიდან დაემშვიდობა. მათ შორის, უკანასკნელი ორი მარცხი პსჟ-სთან მიჯრით განიცადა (2014-2015 და 2015-2016 წლებში).

ეს მხოლოდ მესამე შემთხვევა იქნება, როდესაც მერვედფინალის პირველ მატჩს “ჩელსი” შინ ჩაატარებს. წინა ორი შემთხვევის სტატისტიკა ასეთია: 1 მოგება, 1 ფრე. 1 შემდეგ ეტაპზე გასვლა, ერთი გამოთიშვა.

“ჩელსის” პლეი-ოფში ესპანურ გუნდებთან ათჯერ უთამაშია (4 შემდეგი ეტაპზე გასვლა, 6 გამოთიშვა). 2013-2014 წლების სეზონში “არისტოკრატები” ნახევარფინალში “ატლეტიკოსთან” დამარცხდნენ (1:3, 0:0).

“ჩელსი” ესპანურ გუნდს მიმდინარე სეზონში უკვე დაუპირისპირდა (“ატლეტიკოს”).

ბოლო 6 საგარეო მატჩიდან ევროთასებზე “ჩელსიმ” ერთადერთხელ მოიგო და ეს სწორედ ესპანურ გუნდთან (“ატლეტიკოსთან” 2:1) გააკეთა (სამი ფრე, ორი წაგება).

საკუთარ მოედანზე ანტონიო კონტეს გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე 5 ქულა მოიპოვა (“ყარაბაღთან” 6:0, “რომასთან” 3:3, “ატლეტიკოსთან” 1:1).

“ჩელსის” ბალანსი საკუთარ მოედანზე ესპანურ გუნდებთან: 9 მოგება, 5 ფრე, 2 წაგება. ორ წაგებას რაც შეეხება: 2014 წელს “ატლეტიკოსთან” 1:3 და 2006 წელს “ბარსელონასთან” 1:2.

“ჩელსის” გასულ სეზონში ევროთასებზე არ უთამაშია და ასეთი რამ 1996-1997 წლების სეზონის შემდეგ პირველად მოხდა. 2003-2004 წლებიდან 2015-2016 წლების სეზონის ჩათვლით “ჩელსი” ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ თამაშობდა.

“ჩელსიმ” 2016 წელს მერვედფინალში პსჟ-სთან შინ 1:2 წააგო და ეს ერთადერთი საშინაო მარცხია ევროთასებზე ბოლო 11 მატჩში (6 მოგება, 4 ფრე).

“ბარსელონა”

“ბარსელონა” მერვედფინალში ყოველთვის თამაშობს 2004-2005 წლების სეზონიდან მოყოლებული. ჯამში კი, 13-დან 11 შემთხვევაში ეს ბარიერი დაძლია. ბოლოს ორი მარცხი მერვედფინალურ დუელში ინგლისურ გუნდებთან განიცადა. 2005 წელს “ჩელსისთან” (4:5) და 2007 წელს “ლივერპულთან” (1:2 შინ, 1:0 სტუმრად).

ერთი წლის წინ ლუის ენრიკეს “ბარსელონამ” პსჟ-სთან პირველი მატჩი 0:4 წააგო, მაგრამ შინ 6:1 იმარჯვა და ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი წარმოუდგენელი ქამბექის ავტორი გახდა.

“ბარსელონას” ბოლო სტუმრობა ინგლისში მარცხით დასრულდა. გასულ სეზონში ჯგუფურ ეტაპზე “სიტისთან” (1:3). იქამდე კი, ნისლიან ალბიონზე ზედიზედ სამი მატჩი ჰქონდა მოგებული.

“ბარსელონას” ბალანსი ინგლისში: 9 მოგება, 8 ფრე, 15 წაგება.

მიმდინარე სეზონში “ბარსამ” სტუმრად 5 ქულა მოიპოვა. მოუგო “სპორტინგს” (1:0), ხოლო “იუვენტუსთან” და “ოლიმპიაკოსთან” უგოლო ფრეები ითამაშა.

“ბარსელონამ” ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო 7 საგარეო მატჩიდან 3 წააგო. მათ შორის პსჟ-სან 0:4 და “იუვენტუსთან” 0:3. ბოლო 14 საგარეო შეხვედრების სტატისტიკა ასეთია: 5 მოგება, 4 ფრე, 5 წაგება.

ევროთასებზე პლეი-ოფში “ბარსელონა” ინგლსიურ გუნდებთან ასეთი ბალანსით იწონებს თავს: 13 შემდეგ ეტაპზე გასვლა, 10 გამოთიშვა. 2012 წელს “ჩელსისთან” მარცხი ერთადერთია ბოლო 7 საპლეი-ოფო დუელიდან.

მწვრთნელები და ფეხბურთელები: გზაჯვარედინი

ანტონიო კონტე “იუვენტუსის” სათადარიგო სკამზე იჯდა, როდესაც იტალიურმა გუნდმა მეოთხედფინალში “ბარსელონა” ორი მატჩის ჯამში 3:2 დაამარცხა (1:1, 2:1).

პედრო და ჩესკ ფაბრეგასი “ბარსელონას” აკადემიაში გაიზარდნენ. ამ უკანასკნელს კატალონელთა მაისურით 96 მატჩში 28 გოლი აქვს გატანილი.

პედრომ კი, “ბარსელონასთან” ერთად ჩემპიონთა ლიგა სამჯერ მოიგო.

ლუის სუარესს “ლივერპულის” რიგებში “ჩელსისთვის” ორი გოლი აქვს გატანილი (2 მოგება, 2 ფრე, 2 წაგება).

ოლივიე ჟირუმ 2015-2016 წლების სეზონში “არსენალის” მაისურით “ბარსელონასთან” ორჯერ ითამაშა (0:2, 1:3).

ტიბო კურტუა “ბარსელონას” ათჯერ დაუპირისპირდა (1 მოგება, 5 ფრე, 4 წაგება). ერთადერთი გამარჯვება 2014 წელს ჩემპიონთა ლიგაზე მოიპოვა.

“იუვენტუსის” რიგებში ალვარო მორატამ “ბარსელონას” 2015 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში გოლი გაუტანა.

ინგლისში უთამაშიათ

ტომას ვერმაელენი (“არსენალი” 2009-2014)

ლუის სუარესი (“ლივერპული” 2011-2014)

ჟერარ პიკე (“მანჩესტერი” 2004-2006, 2007-2008)

პაულინიო (“ტოტენჰემი” 2013-2015)

ესპანეთში უთამაშიათ

ტიბო კურტუა (“ატლეტიკო” 2011-2014)

ალვარო მორატა (“რეალი” 2010-2014, 2016-2017)

სესარ ასპილიკუეტა (“ოსასუნა” 2006-2010)

მარკოს ალონსო (“რეალი კასტილია” 2008-2010, “რეალი” 2010)

ვილი კაბალერო (“ელჩე” 2004-2006, 2006-2011, “მალაგა” 2011-2014)

ყოფილი თანაგუნდელები

დავიდ ლუიზი და ლუკას დინიე (პსჟ 2014-2015)

თანაგუნდელები ეროვნულ ნაკრებებში

ალვარო მორატა, სესარ ასპილიკუეტა, პედრო როდრიგესი, ჩესკ ფაბრეგასი და ჟერარ პიკე, ჟორდი ალბა, დენის სუარესი, სერხიო ბუსკეტსი, სერხი რობერტო, ანდრეს ინიესტა, პაკო ალკასერი (ესპანეთი)

ედენ აზარი, ტიბო კურტუა და ტომას ვერმაელენი (ბელგია)

ტიემუ ბაკაიოკო, ნგოლო კანტე და ლუკას დინიე, უსმან დემბელე, სამუელ უმტიტი (საფრანგეთი)

დავიდ ლუიზი და პაულინიო (ბრაზილია)

ანტონიო რუდიგერი და მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (გერმანია)

“ჩელსი” – “ბარსელონა”

ლონდონი, “სტეფორდ ბრიჯი”

20 თებერვალი, 23:45 საათი

Loading...
სტატისტიკა
0.243762