ფეხბურთი

3:15 | 15.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ სამეფოს კუთხეში (+VIDEO)

უნაი ემერიმ მატჩისწინ აღნიშნა, რომ “რეალთან” შეხვედრა გამოაჩენდა იმას, თუ სად იმყოფება “პარი სენ ჟერმენი”... და, გამოაჩინა კიდეც – პსჟ ჯერ კიდევ არაა ევროპულ მწვერვალზე!

ყოველშემთხვევაში, “სანტიაგო ბერნაბეუზე” ფრანგებისთვის კარგი არაფერი მომხდარა და მიუხედავად იმისა, რომ წინ 90 წუთია, ემერის და მის გუნდს მეოთხედფინალში გასვლა ძალზე უნდა გაუჭირდეს.

არადა, პსჟ-ს მატჩი ცუდად არ დაუწყია. თავიდან თანაბარი ბრძოლა და იყო და სახიფათო მომენტები თითქმის არ იქმნებოდა. აქა-იქ, ნეიმარი ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე სცდილობდა ფონს გასვლას, მაგრამ რიგ შემთხვევებში ბრაზილიელს ზედმეტიც მოსდიოდა. შედეგად პირველმა ნახევარმა საათმა მხოლოდ ბრძოლაში ჩაიარა. აი, მერე კი მარჯვენა ფლანგზე კილიამ მბაპემ გაილაღა, ჩააწოდა, ნეიმარმა კი დიდოსტატურად დაუტოვა ადრიენ რაბიოს, რომელმაც ახლო მანძილიდან დახვრიტა “რეალი”. სტუმრად გატანილი გოლი პლეი-ოფში ყოველთვის ბევრს ნიშნავს და ახლაც ასეა – შესაძლოა, ამ გოლს დიდი ფასი დაედოს.

“რეალი” კი საკუთარი თამაშის პოვნას ვერაფრით ახერხებდა. არეოლას კართანც რამდენიმე სახიფათო მომენტი ანტრაქტამდე შეიქმნა, მაგრამ ყველა მას შემდეგ, რაც სტუმრებმა იმოქმედეს უყურადღებოდ საკუთარ ნახევარზე. სწორედ ასეთ ეპიზოდს მოჰყვა ტაიმის ბოლო წუთზე გოლი. ტონი კროოსი ჯოვანი ლო სელსოს გასცდა არგენტინელმა უწყინარ სიტუაციაში გერმანელს დაქაჩა. ჯანლუკა როკიმ პენალტი დანიშნა, რომელიც რონალდუმ გოლად აქცია და სტუმრებს გოლი გასახდელში გაატანა. სხვათა შორის, კრიშტიანუ გახდა ისტორიაში პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ერთი გუნდის მაისურით ლიგაზე 100 გოლის გატანა შეძლო.

მეორე ტაიმში თამაშის სურათი კარგა ხანს არ შეცვლილა. “რეალი” ვერაფრით ახერხებდა მატჩის სადავეების ხელთგდებას, ხოლო პსჟ სცდილობდა მეოტქის კართან სიტუაცია გაემწვავებინა. რამდენჯერმე გამოუვიდა კიდეც, მაგრამ საგოლე მომენტამდე საქმე მაინც იშვიათად მიდიოდა. უცნაურად მოიქცა უნაი ემერიც – მეორე ტაიმის შუაწელს ედინსონ კავანი ტომას მუნიეთი შეცვალა და თავდასხმაში დანი ალვეშმა გადაინაცვლა. ბრაზილიელი აქტიურობდა, მაგრამ ამას პსჟ-სთვის არანაირი ხეირი არ მოუტანია.

ბოლოსკენ კი, “სანტიაგო ბერნაბუე” აფეთქდა: ჯერ იყო და მანამდე იდეალურად მოთამაშე არეოლამ უხეში შეცდომა დაუშვა და რონალდუს ბურთი ლანგრით მიართვა, უფრო სწორად გაარტყა და პორტუგალიელმა დუბლი შეასრულა. “სამეფო კლუბი” რა თქმა უნდა, იმ თამაშის ხარისხიდან გამომდინარე რასაც აჩვენებდა, ამ ანგარიშზე ყაბულს იყო, მაგრამ ასე არ ფიქრობდა მარსელო. მოუსვენარმა ბრაზილიელმა მცველმა ბოლოს მაინც გაილაღა და ასენსიოს გამოზომილი პასითა და სტუმარი მცველების ჩაძინების შედეგად სხვაობა სოლიდური გახადა – 3:1.

რაღა თქმა უნდა, პარიზელებს ძალუძთ მეორე მატჩში ეს ჩამორჩენა აღმოფხვრან, მაგრამ ძნელი გასაკეთებელი იქნება. მათი მეტოქე ხომ მადრიდის “რეალია”?! აქვე, უნდა გამოვყოთ ზინედინ ზიდანის კარგი და დროული ცვლილებები – გარეთ ბეილმა, მარკო ასენსიომ და ლუკას ვასკესმა ესპანელების შეტევებს ახალი სუნთქვა გაუხსნენს და ამან შედეგი ნამდვილად მოიტანა. აი, იგივეს ვერ ვიტყვით, ემერიზე, რომელმაც კიდევ ერთხელ წააგო კოლეგასთან დუელი და ვინძლო, ეს სამსახურის დაკარგვად მალე დაუჯდეს.

საინტერესოა, რომ პსჟ-ს აქამდე 1:3 წაგებული მატჩის შემდეგ მომდევნო ეტაპზე გასვლა ერთადერთხელ ავს მოხერხებული. ეს, 1993 წელს... მაშინ, პარიზელებმა სწორედ “რეალთან” წააგეს, მაგრამ საპასუხო მატჩი 4:1 მოიგეს და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ. “პარი სენ ჟერმენს” ახლაც იგივეს გაკეთება მოუწევს, თუ ჩემპიონთა ლიგაზე მაღალი მიზნების ამბიცია მართლაც ამოძრავებს.

იქამდე კი, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ პსჟ “სამეფო კლუბმა” კუთხეში დააყენა!

“რეალი” – “პარი სენ ჟერმენი” 3:1 (1:1) VIDEO

მადრიდი, “სანტიაგო ბერნაბუე”

მაყურებელი: 78 158

“რეალი” (4-3-3): ნავასი; ნაჩო, ვარანი, რამოსი, მარსელო; მოდრიჩი, კროოსი, კაზემირო (ვასკესი 79); ისკო (ასენსიო 79), ბენზემა (ბეილი 68), რონალდუ

მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

“პარი სენ ჟერმენი” (4-3-3): არეოლა; დანი ალვეში, მარკინიოსი, კიმპემბე, ბირჩეჩე; ვერატი, ლო სელსო (დრაქსლერი 84), რაბიო; მბაპე, კავანი (მუნიე 66), ნეიმარი

მწვრთნელი: უნაი ემერი

გოლები: 0:1 რაბიო (33), 1:1 რონალდუ (45, პენ), 2:1 რონალდუ (83), 3:1 მარსელო (83)

გაფრთხილება: ისკო (33), ნაჩო (78) – ნეიმარი (15), ლო სელსო (25), რაბიო (64), მუნიე (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 12 (8) – 8 (4) ბურთის ფლობა: 50%-50% კუთხურები: 11:4 თამაშგარე: 8:1

მსაჯი: ჯანლუკა როკი (იტალია)

Loading...
სტატისტიკა
0.252699